Bloomberg: 2017-2020 წლებში რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ჯაშუშებმა მთელი საქართველო, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო დაჰაკეს

21-10-2024 14:57:13 საზოგადოება

2017-2020 წლებში რუსეთმა ჯაშუშებმა მთელი საქართველო, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და მედია დაჰაკეს, – იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, "რუსი ჯაშუშები აგროვებდნენ ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის".

  • "Bloomberg–ს მიერ შესწავლილი დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკსა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერებში შეაღწიეს. 2017-2020 წლებში რუსულ დაზვერვას ქართულ ელექტროენერგიის კომპანიებთან, ნავთობტერმინალებთან, მედია პლატფორმებთან და სამთავრობო უწყებებთან წვდომა ჰქონდა.
  • დოკუმენტების თანახმად, რუსეთის გენშტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GRU) შეაღწია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და სავარაუდოდ, მოიპოვა წვდომა ელ.ფოსტის ზოგიერთ ანგარიშზე და რამდენიმე მედია ორგანიზაციაზე, მათ შორის – „იმედზე“ და „მაესტროზე“. ამასთან, GRU–მ მოიპოვა წვდომა "საქართველოს რკინიგზის" IT სისტემაზე ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.
  • დოკუმენტების თანახმად, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) დაკავშირებულმა ჰაკერების ჯგუფმა ჩაატარა ერთთვიანი ფარული ოპერაცია, შეაღწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტებში და მოიპოვა საქართველოს საელჩოების მონაცემები მთელი მსოფლიოდან", – იუწყება Bloomberg.

როგორც გამოცემა წერს, ეს დოკუმენტები აჩვენებს, თუ რამდენად გაფართოვდა კრემლის გავლენა საქართველოზე.

"საქართველო ახლა გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინაშეა, რომლის შედეგებმაც შესაძლოა, გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ქვეყანა დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობებს, თუ მოსკოვისკენ შეტრიალდება. [...] ინფორმაცია რუსი ჰაკერების მიერ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ გავრცელდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს", – იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, GRU-მ და FSB-მ არ უპასუხეს Bloomberg–ს თხოვნას კომენტარის თაობაზე.

რაც შეეხება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გამოცემის ცნობით, "ცესკო–მ დოკუმენტებში ასახულ კონკრეტულ მონაცემებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განაცხადა, რომ კომპიუტერის სერვერები 2021 წლის 5 აპრილს ე.წ. "განაწილებული სერვისის უარყოფის" თავდასხმის სამიზნე იყო, რომელსაც არავითარი გავლენა არ მოუხდენია მის სისტემებზე".

"თბილისის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შეუძლია, შეაფასოს ან დააკვალიფიციროს გარკვეული მოვლენები, სანამ არ განხორციელდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – განუცხადეს, გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში Bloomberg–ს.

"ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, კიბერდანაშაულის გამოძიება სამინისტროს იურისდიქციაში არ შედის.

„იმედისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა კომენტარის შესახებ თხოვნას არ უპასუხეს. ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს–სპიკერმა ხათუნა ხვედელიძემ განაცხადა, რომ ინციდენტი 2019 წელს მოხდა, თუმცა არ შეუძლია, მტკიცებოთ ფორმაში თქვას, იყო თუ არა ეს ჰაკერული თავდასხმა", – იუწყება Bloomberg.

  • როგორც Bloomberg ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, "საქართველოს ხელისუფლება დასავლელმა კოლეგებისგან ინფორმირებულნი იყვნენ რუსული ჰაკერული თავდასხმების შესახებ, მაგრამ გაურკვეველია, მიიღეს თუ არა რაიმე ზომა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები