კობახიძე: ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით

21-10-2024 15:30:25 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით“.

ამასთან მან ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტების კრიტიკულ განცხადებაზე თქვა,რომ ფასი არ აქვს:

"ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს".

"ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა. განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, სამართლიანობა რომ იყოს. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ,“ - თქვა კობახიძემ.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა, მან პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 98,38%-ის შედეგებით, სანდუს მხარი კენჭისყრაში მონაწილეთა 41,98%-მა დაუჭირა.

26,31%-ით მეორე ადგილზეა პრორუსული ორიენტაციის "სოციალისტური პარტიის" კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო.

მათ შორის გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.

20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო.

20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე. შედეგების 98,42%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 50,08%-მა და უარყოფითად 49,92%-მა.

არჩევნების წინ მოლდოველი პოლიტიკოსები ჰიბრიდულ ომზე ლაპარაკობდნენ. სანდუმ არჩევნების შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომ მოლდოვამ როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება იყო. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას, ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა სანდუმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები