23-10-2024 17:14:11 საზოგადოება ,ეს საინტერესოა
„ჯანმრთელობა არის მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება: ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობით, და არა მარტო ავადმყოფობისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობით“,- ამგვარად განმარტავს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობას და სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობს ცივილიზებული სამყარო. იგივე ევროკავშირიც, რომლის ნაწილად ქცევის განზრახვა აქვს საქართველოს, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნვნელობას ფიზიკურს უთანაბრებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ მისი მიდგომა ეფუძნება:
ადეკვატურ და ეფექტური პრევენციას;
მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მკურნალობაზე წვდომას;
გამოჯანმრთელების შემდეგ საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
საკითხი აქტუალურია ქართულ სინამდვილეში და ამაზე მეტყველებს, მათ შორის NDI-ს მიერ გასული წლის მიწურულს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები. კერძოდ, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობის (83%) თქმით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს; 57%, ანუ თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად. ამასთან, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (90%) მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს.
არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, რომ ადამიანები აწყდებიან არა მხოლოდ სტიგმას, არამედ მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით გამოწვევებს; სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები ვერ ფარავს ამ მზარდ პრობლემას; არ არსებობს სადაზღვეო პაკეტები და რომ რესურსების მოძიება მძიმე წნეხად ექცევათ ხოლმე ოჯახებს.
„აქცენტი“ დაინტერესდა, როგორ ხედავენ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და გადაჭრის გზებს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც კვლევების მიხედვით საარჩევნო ბარიერის გადალახვის ყველაზე მაღალი შანსები აქვთ. „ქართული ოცნებიდან“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“ პასუხები ვერ მივიღეთ, შესაბამისად გთავაზობთ მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტის - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ხედვებს:
„ძლიერი საქართველო“
ვატო სურგულაძე: „ერთ-ერთი ინდიკატორი ქვეყნის განვითარების დონის არის ის, თუ როგორ ეპყრობა ის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მენტალური პრობლემები. ჩვენ პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირში ვართ ჩარჩენილები - ძირითადად ეს არის სტაციონარებში მკურნალობა, იქ ხანგრძლივი გაჩერება ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ ოჯახის სიტუაციაში, მოვამზადოთ ოჯახი, მოვამზადოთ ოჯახის ექიმები, რომლებიც მერწმუნეთ, საერთოდ ვერ ერკვევიან, როგორ მართონ ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტები. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. მაგალითად, ბავშვებში და მოზრდილებშიც ძალიან იმატა აუტიზმის სპექტრის შემთხვევებმა; იმატა ჰიპერაქტიურობის სინდრომმა; ალცჰაიმერი მზარდია, მძიმე მსოფლიო სტატისტიკაა და თუ ასე გაგრძელდა, ვერ მოვნახეთ პრევენციის ან მკურნალობის რადიკალური საშუალება, 2050 წლისთვის მოქალაქეების 30-35%-ს ექნება ეს ძალიან მძიმე დაავადება - მათთან ურთიერთობა, სპეციალური ე.წ. მოვლის სახლები სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამას კერძო სექტორი, თუ არ იქნება სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ვერ გააკეთებს, მით უფრო ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში, რადგან ძვირადღირებულია.
ჩვენი პროგრამაა სისტემური მიდგომა, გაძლიერება ფსიქიატრიული სამსახურების:
სადაზღვეოებს ჩვენ გადავცემთ გადაუდებელ შემთხვევებს, მაგრამ რაცაა ქრონიკული, მათ შორის, ფსიქიატრიული პროგრამა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს - პროგრამულად უნდა დააფინანსოს“.
ის დარწმუნებულია, რომ საბიუჯეტო რესურსების ადეკვატურად გამოყენების, პოპულისტურ ხარჯებზე, კორუფციაზე, პოლიპრაგმაზიაზე უარის თქმის პირობებში, ეს სახელმწიფოსთვის არა თუ წნეხი, არამედ მომგებიანი იქნება, რადგან ადამიანებს (პაციენტს თუ მომვლელებს) ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ და დოვლათი შექმნან.
ის ასევე ხაზს უსვამს სტიგმატიზაციის დონესაც, რის გამოც ხშირად ადამიანები ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის თუ ფსიქიატრის ნაცვლად სხვა პროფილის სპეციალისტებთან მიდიან. შესაბამისაც, სურგულაძე ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მედიასაც იზიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას.
„გახარია საქართველოსთვის“
ქეთი ბაკარაძე ამბობს, რომ მუდმივად აქვთ კომუნიკაცია ექსპერტებთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან, მოქმედებენ თემთან მჭიდრო კომუნიკაციით და ითვალისწინებენ საერთაშორისო რეკომენდაციებს, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით.
„დეტალურად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. სამწუხაროდ, მზარდია ეს პრობლემა“,- აღნიშნავს ბაკარაძე და ისიც ხაზს უსვამს საკითხის კომპლექსურობას, მათ შორის, არასათანადო სერვისებს, ადეკვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემებს, სტიგმას, დაბალია ცნობადობას.
„რაც სახელმწიფოს ფარგლებშია სუბსიდირებული, არის ლიმიტირებული. ფარმაცეფტული ოლიგოპენია იზოლირებული პრობლემაა, ის, რომ წამლის ლაბორატორია არ გააჩნია ქვეყანას და ხარისხის კონტროლი არ ხორციელდება ესეც დამატებითი პრობლემაა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია“,- ამბობს ბაკარაძე და დასძენს, რომ „დარგი სისტემის მძევალია“ და ტოტალური ცვლილებებს საჭიროებს:
„უამრავი დეტერმინატი აქვს მენტალურ ჯანმრთელობას, ფაქტორები მატულობს, შესაბამისად - სტატისტიკა. სისტემა არც სერვისებს გვთავაზობს და თავად მოდელიც პაციენტების დახმარების, აბსოლუტურად არარელევანტურია! ჩვენ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გვინდა გავხდეთ და გვაქვს პრეტენზიები, ამ დარგს ტოტალური რეფორმა ესაჭიროება!“.
ბაკარაძის დაკვირვებით, არც არსებული კლინიკების რაოდენობა შეესაბამება იმ სტატისტიკას, რაც რეალობაში გვაქვს და ამ სტატისტიკური მონაცემების ვალიდურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ხშირ შემთხვევაში, სტიგმიდან გამომნდინარე, იდენტიფიცირებაც არ ხდება.
ასევე იხსენებს სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც განკუთვნილია დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის - მოქმედებს ვაუჩერული სისტემა (განსაზღვრულია რეალიზაციის ვადები), მშობელს ჯერ ვაუჩერის მოპოვებისთვის უწევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, შემდეგ შესაბამის ცენტრში - ადგილისთვის, ხშირ შემთხვევაში დროში ვერ ეტევა და თავიდან გადის იგივე პროცესს.
„მშობელს უამრავი ბარიერის გავლა უწევს. ჩათვალეთ, რომ ომში მიდის“- გვიზიარებს თავის დაკვირვებას ბაკარაძე და განაგრძობს, რომ შემდეგი ეტაპია გარემო, საგანმანათლებლო დაწესებულებები - ქცევის პათოლოგია, რომელიც დიაგნოზია, ხშირად არის დაკონვერტირებული დისციპლინურ გადაცდომად და ბავშვი ისჯება საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან, რადგან პერსონალს არ აქვს სათანადო განათლება, გამოცდილება.
„პირადად უამრავი მაგალითი მქონდა და სხვადასხვა სახით ვცდილობდი მშობლების დახმარებას. სკოლებში, საგანმანათლებლო ცენტრებში უნდა მუშაობდეს გუნდი“,- ამბობს ბაკარაძე და აქვე ყურადღებას ამახვილებს, რომ უდიდესი პრობლემაა, როდესაც წერტილოვნად ხდება საკითხის მოგვარება და არა სისტემურად - „სისტემა არაეფექტიანად მუშაობას“.
მისი ხედვით, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სერვისების გაცემის უწყვეტობა შედეგზე ორიენტირებისთვის:
„ჩვენი სისტემა საბოლოო ჯამში, შედეგზე არ არის ოერიენტირებული! არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ არის მოქნილი, არც ერთი არ არის საბოლოო შედეგზე და გამოჯანმრთელებაზე ოერიენტირებული და არ არაფერი უზრუნველყოფს ამ სერვისების მიწოდების უწყვეტობას - ეს ფუნდამენტური პრობლემაა. ნებიმისერ განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანი საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი და პროდუქტიული წევრია, როგორც ამ დიაგნოზის არმქონე, შესაძლოა, მეტადაც კი. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქითაა. ამით განსხვავდება ნორმალური ჯანდაცვის სისტემა - ის შედეგზეა ორიენტირებული. მაგალითად, მძიმე აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვები ჩვენთან ოჯახში ტვირთია. აშშ-ში ერთ-ერთ სკოლაში ვიმყოფებოდი, რომელიც სპეციალიზირებული იყო ამ მიმართულებით და მიღებული ეფექტი ჩემთვის წარუშლელია. მეც შევეცადე, მიმსგავსებული პატარა პროგრამა გამეკეთებინა, რომელიც უმცირესი ნაწილაკი იყო ამ დიდი ხაზის. პროექტი სრულად არის ორიენტირებული მოზარდის გამოჯანმრთელებაზე - განვითარდეს მენტალურად, მიიღოს პროფესია, ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დოვლათის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა.
რეგიონებზე აღარ ვსაუბრობ, ქვეყანაში ერთი დაწესებულებაც არ გვაქვს, რომ თანამედროვე სტანდარტის მოდელი იყოს, სადაც ბავშვს, მოზარდს თუ ზრდასრულს ექნება სრულყოფილი სერვისების მიღების შესაძლებლობა. სისტემა ადამიანს გამოჯანმრთელების შესაძლებლობას ართმევს!“.
მისი ხედვით, სარეაბილიტაციო ცენტრები ყველა დიდ ქალაქში უნდა შეიქმნას, სადაც მაგალითად, შიზოფრენიის დაავადებული ადამიანი ისწავლის უპირველესად, მართვას ამ დაავადების:
„ეს აბსოლუტურად რეალურია. ჩავატარეთ მოკვლევა, რაც გვაძლევს საშუალებას, განვაცხადოთ, რომ შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტით (ევროკავშირიც არ ამბობს მხარდაჭერაზე უარს) ამის გაკეთება. აქ საუბარია არა მხოლოდ მკურნალობაზე, არამედ პრევენციასა და პროფილაქტიაზე“.
ასევე საუბრობს დეცენტრალიზაციაზე - მუნიციპალიტეტის როლზე და ამ კონტექსტში იხსენებს, რომ რუსთავში, როდესაც ქალაქის საკრებულოს „საქართველოსთვის“ წევრი თავმჯდომარეობდა, მუნიციპალიტეტის დონეზე შეიქმნა საკონსულტაციო ცენტრი შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით:
„ეს იყო პრეცედენტი საქართველოში, თუმცა გავრცელებული მოდელია განვითარებულ ქვეყნებში. ეს იყო ფუნქციური პლატფორმა - უწევდა ზედამხედველობას მერიას, ჰქონდა უფლებამოსილება ბიუჯეტირების პროცესში მიეღო მონაწილეობა და შშმ პირთა მიმართულებით არსებული პროგრამების აღსრულებისთვის გაეწია ზედამხედველობა. რაც მთავარია, ის სრულად იყო დაკომპლექტებული თემის წარმომადგენლებით“.
„ცალკე საკითხად გვაქვს ფარმაცეფტულ კომპანიებს შორის მონოპოლიის თემა. თუ ეს პრობლემა არ დარეგულირდა, ვერასოდეს მივალთ იქამდე, რომ სახელმწიფო სუბსიდიები გახდეს ეფექტური“,- ამბობს ბაკარაძე და მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“
ანი ქავთარაძე ამბობს, რომ მათი ხედვები ზოგადად მემარჯვენე ცენტრისტულია, თუმცა როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვას და ჯანდაცვაში ისეთ მიმართულებას, როგორიც არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მიიჩნევენ, რომ მემარცხენე პოზიცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს:
„ჯანდაცვის სისტემა არის ის სისტემა, რომიც ყველაზე მეტად უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე, უნდა ჰქონდეს ყველაზე მეტი ემპათია. ვფიქრობთ, რომ პრევენციულ და საზოგადოევრივ ჯანდაცვაზე უნდა გაკეთდეს ძალიან დიდი აქცენტი, რათა დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრონ ადამიანებმა და აქ ფსიქიკური ჯანმრთელობაც უმნიშვნელოვანესია. პრობლემებზე არ ვისაუბრებ, რადგან მათზე არაერთი კვლევა საუბრობს ძალიან კარგად - აუდიტის დასკვნაში, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა, დეტალურად არის აღწერილი, მათ შორის, ფისიქიკური ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს დარღვევები წლებია, გრძელდება და კიდევ უფრო მძიმდება. ადამიანური რესურსის, ამბოლატორიული მომსახურეობის ნაკლებობა გვაქვს, ჰოსპიტალური ნაწილი პრობლემურია, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა გვაქვს...“.
ქავთარაძე იხსენებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს „თაროზე აქვს შემოდებული“ 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია, „რომელიც საფრანგეთის დახმარებით მომზადდა“:
„ეს გაკეთდა ამ სისტემის მთელი რიგი რგოლების ჩართულობით და არც თუ ისე ცუდი სტრატეგიაა - თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის, თუმცა მისი განხორციელების ვერც ერთ ეტაპს ვერ ვხედავთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს პოლიტიკიური ნება, გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები სისტემის გაუმჯობესებისთვის და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. არავინ ზრუნავს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომელზეც უნდა ვზრუნავდეთ ბავშვთა ასაკიდან, უნდა ვზრუნავდეთ პრევენციაზე და შემდეგ არავინ ზრუნავს უკვე ჩამოყალიბებული დაავადებების შემდგომ მართვაზე, რასაც მივყავართ მძიმე შედეგებამდე.“
ის დარწმუნებულია, რომ თუ ქვეყანაში ცვლილებები არ განხორციელდა და არ გაჩნდება გაუმჯობესების თაობაზე პოლიტიკური ნება, გაწერილი სტრატეგიები „თაროზე“ შემორჩება, პრობლემები კი მხოლოდ გამწვავდება:
„გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ხედვა კლინიკურ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულწილად თანამედროვე მიმართულებაა მედიცინაში, რომელიც იქნება რეგულირებადი დარგი მედიცინის - როგორც მე მაქვს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის ლიცენზია, ასევე უნდა ჰქონდეს ამ ტიპის ლიზენცია კლინიკურ ფსიქოლოგს, რომელიც იქნება პროფესიულად გამართული, რათა მომსახურეობა გაუწიოს საჭიროების მქონე ადამიანებს. დანარჩენი არის პრევენციული ნაწილი, რომელიც სკოლის ასაკიდან უნდა დაინერგოს და გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორამდე - ჰისპიტალში მოხვედრილ პაციენტებს - განსაკუთრებით ეს ეხება მძიმე სენით დაავადებულებს, მაგალითად, ონკოპაციენტებს - ასევე უნდა მიეწოდებოდეთ ეს სერვისი (მათ ოჯახის წევრებსაც).
ფართოდ რომ შევხედროთ, საზოგადოებრის ფსიქიკური ჯანმრთელობა დამოკიდებულია ამ პატარ-პატარა რგოლებზე, რომელიც მძივივით უნდა აიკინძოს და შექმნას ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება. სახელმწიფოს და სისტემას უნდა ჰქონდეს სოციალური პასუხსიმგებლობა, გარდა პოლიტიკურისა და ამ პროცესის წარმოება უნდა მოხდეს სხვადასხვა პროფესიულ კავშირებთან, გაერთიანებებთან, ასოციაციებთან, სისტემებთან (განათლება, სასჯელაღსრულება) მჭიდრო კოორდინაციით, ვინაიდან მხოლოდ სისტემის მიერ სტრატეგიის ან პროგრამის დამოუკიდებლად ამუშავება ვერაფერს შეცვლის - ეს უნდა იყოს დიდი თანამშრომლობის შედეგი, რომ მივაღწიოთ შედეგს და რაღაცნაირად დავუახლოვდეთ თანამედროვე სტანდარტებს, რომ ეს სისტემა არ გახდეს ჩაკეტილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ბოლო წლებში კი ვხედავთ, რომ სისტემა კიდევ უფრო იკეტება“.
მისი თქმით, მათი ხედვა ჯანდაცვის სისტემის ეტაპობრივ გადასვლას გულისხმობს კერძო სადაზღვეო სისტემაზე, სადაც ჯანდაცვის პოლიტიკის წარმოება იქნება სისტემის საზრუნავი და გარკვეული ჯგუფების მართვა, მათ შორის არის ფსიქიკური ჯანმრთელობა.
„რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, პირველად ჯანდაცვის რგოლთან ხელმისაწვდომობაც კი პრობლემაა როგორც გეოგრაფიულად, ისე ფინანსურად. ეს არის ერთ-ერთი პირველი სამიზნე, რომელზეც ჩვენ დავიწყებთ ზრუნვას. საკითხს დავაყენებთ კოალიციური მმართველობის პირობებში და ვფიქრობ, კონსესუსის მიღწევას შევძლებთ ოპოზიციურ პარტიებთან - ვისმენ მათ მოსაზრებებს და ჩვენი ხედვები შორს არ არის ერთმანეთისგან“,- დასძინა ქავთარაძემ.