სამშვიდობო პოლიტიკასა და დეოკუპაციაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ნაწილმა რიგ პოლიტიკურ პარტიებთან “ღია მემორანდუმი" გააფორმა

24-10-2024 15:23:51 კონფლიქტები ,პოლიტიკა

სამშვიდობო პოლიტიკასა და დეოკუპაციაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ნაწილმა რიგ პოლიტიკურ პარტიებთან “ღია მემორანდუმი" გააფორმა. რომელსაც ხელს აწერენ "პარტია „გახარია საქართველოსთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“.

რას ითვალისწინებს მემორანდუმი

"საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის და მის შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რომელიც გამყარებულია საკანონმდელო დონეზე, ჩვენი ევროპული არჩევანის შემადგენელი ნაწილია. ვინაიდან, აუცილებელია ომის შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო დღის წესრიგში შეჯერებული ხედვების არსებობა, საჭიროა ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალების მხრიდან ნების გამოვლენა მის მხარდასაჭერად და საკითხების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა:

I. მშვიდობის კომპონენტი:

• ომის შედეგად წარმოქმნილი და არსებული კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელობის გაგება და მშვიდობიანი საშუალებებით მისი მოგვარების აღიარება;

• ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული მოვალეობა/ვალდებულებების შესრულება და საზოგადოებაში იმ შესაძლებლობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საკითხების მშვიდობიან მოგვარებას;

• ჩვენი დეკლარირებული და გააზრებული არჩევანის - „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროინტეგრაციაშია“ გამყარება;

• დევნილი საზოგადოების უფლებების დაცვა და ყველა პირობების შექმნა მათი ღირსეული დაბრუნებისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის;

• კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენი ხედვები არ ითვალისწინებს ძალისმიერი გზით საკითხთა მოგვარებას და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების გატარებას;

• მემორანდუმმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედ კვალიფიციურ სუბიექტებში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, სამოქმედო გეგმის დასახვა და მისი მხარდაჭერა საქართველოში ომის შედეგად არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად. ამასთანავე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის განვითარების ევროპულ იდეას და მოიაზრებდეს ყველანაირ შესაძლო ძალისხმევას ომის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ერთიან ევროპულ სივრცში ინტეგრაციის მიზნით.

II. უსაფრთხოების კომპონენტი

ასევე საქართველოში ომის შედეგად არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად და დეოკუპაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია გატარდეს რიგი ღონისძიებებისა, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ვითარების გაუმჯობესებას და რეალურ სამშვიდობო პროცესს დაუდებს სათავეს.

• აუცილებელია საქართველო დაუბრუნდეს ტრადიციული განვითარების კურსს და შეინარჩუნოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა. შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ისევე როგორც განახლდეს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რომელიც უელსის სამიტის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერებულია; •შემუშავებული იქნას რეალური დეოკუპაციის სტრატეგია, რომელშიც ნათლად გაიწერება ყველა საჭირო ღონისძიება დეოკუპაციის მიზნის მისაღწევად;

• განახლდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც ასახული იქნება 2011 წლის შემდეგ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს შედეგად მიღებული გამოწვევები;

•უზრუნველყოფილი იქნას ადმინისტრაციულ გამყოფ და საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, რათა თავიდან იქნას აცილებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება, წამება და მკვლელობა;

• პრაქტიკაში გატარდეს ყველა ის იდეა, რომელიც ასახულია ხედვაში "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ";

•ჩამოყალიბდეს საჯარო პლატფორმა დარგის ექსპერტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც განიხილავს არსებულ პრობლემებს და შეიმუშავებს სათანადო ღონისძიებებს;

• მიღებული იქნას ზომები ოკუპირებული გალისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში ადამიანთა უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

III. ინსტიტუციური რეფორმები

• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ უწყებებში ინსტიტუციური რეფორმების ჩატარება;

• საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებში ინსტიტუციური რეფორმების ჩატარება, ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტულ საკითხად წინ წამოწევის მიზნით", – აღნიშნულია მერომრანდუმში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები