25-10-2024 14:36:51 ეს საინტერესოა
26 ოქტომბერი არჩევნების დღეა - დღე, როდესაც პოლიტიკური პროცესის მთავარი აქტორი, მოქალაქე განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიანი საარჩევნო სიის მიხედვით, სადღეისოდ ამგვარი უფლებით არის აღჭურვილი საქართველოს 3 508 294 მოქალაქე. მათ შორის არის 135 922 ახალგაზრდა, რომელთაც წელს პირველად ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება, მათგან, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნებია, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი (საზღვარგარეთ უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია).
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც პირველად ტარდება სრულად პროპორციული წესით, გვაქვს რიგი სიახლეები როგორც საარჩევნო ტექნოლოგიების, ისე მოხალისეების აქტიურობის კუთხით. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად:
თუ ტრანსპორტირების კუთხით პრობლემებს აწყდებით, არსებობს გამოსავალი - სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შექმნილია არაერთი ჯგუფი - „გაიყოლე არჩევნებზე“, „დაიტოვე“, „26.ოცდაექვსი“ - თვითორგანიზებული მოქალაქეები ერთმანეთს უწევენ დახმარებას.
კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება. თუ 20:00 საათზე რიგში იდგებით, ხმის მიცემა მაინც შეგეძლებათ. ამისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.
ბიულეტენში 18 პოლიტიკური სუბიექტი დაგხვდებათ:
N3 - საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია
N4 - კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია-მელია-გირჩი-დროა
N5 - ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა
N6 - ევროპელი დემოკრატები
N8 - პატრიოტთა ალიანსი
N9 - ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!
N10 - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
N12 - ჩვენი გაერთიანებული საქართველო
N16 - შეცვალე საქართველო
N17 - საქართველო
N20 - თავისუფალი საქართველო
N21 - ტრიბუნა
N23 - ჩვენ
N25 - გახარია საქართველოსთვის
N26 - მემარცხენე ალიანსი
N27 - ქართველ ერთობა
N36 - გირჩი
N41 - ქართული ოცნება
გაბათილდება ბიულეტენი თუ: გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.
- ამ წესით, ანუ ელექტრონულად ამომრჩეველთა 90% მისცემს ხმას. რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარი შედეგები უფრო ადრე გვეცოდინება, ვიდრე წინა არჩევნების შემთხვევაში შევიტყვეთ. ხოლო 768 საარჩევნო უბანზე (394 547 ამომრჩეველი) არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდება. შემდეგ, საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება, გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
რაც შეეხება გადასატან საარჩევნო ყუთს, მისი მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.
ცესკო აღნიშნავს, რომ ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთით მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რაც გათვალისწინებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან.
26 ოქტომბრის არჩევნებზე სიახლეა ბიულეტენზე დატანილი სპეციალური შტრიხკოდი და QR-კოდი. საარჩევნო კომისიის მტკიცებით, თითოეული უბნისთვის განკუთვნილი კონკრეტული ბიულეტენის გამოყენება შეუძლებელია სხვა უბანზე, რადგანაც QR კოდში გაწერილია უბნის, ოლქისა და კონკრეტული არჩევნების ID. შესაბამისად, QR კოდის არსებობა უზრუნველყოფს ბიულეტენის დაცულობას და საზღვრავს თუ რომელი უბნისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის ბიულეტენი.
არის კავშირი ინტერნეტთან?
ცესკოს ინფორმაციით, ელექტრონული აპარატები - ხმის მიცემისა და ხმის დათვლის ოპტიკური სკანერები (Poll Count Optical Scanners (PCOS)) და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები (VIU) არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად, მათი მტკიცებით, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ამასთან, ეს ორი აპარატი ერთმანეთთანაც არ არის ქსელურადაც დაკავშირებული.
ცესკო ირწმუნება, რომ ერთადერთი ელექტრონული აპარატი, რომელიც ჩართულია (პრივატულ) ინტერნეტ ქსელში, პლანშეტია. სწორედ პლანშეტით გადაეცემა საარჩევნო უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შედეგები. საარჩევნო კომისიის მტკიცებით, კავშირი სრულიად დაცულია და ამ ქსელით პლანშეტი მხოლოდ ცესკოს სერვერს უკავშირდება - შემაჯამებელი ოქმების დასურათება, მონაცემების სკანირება და ცენტრალურ სერვერზე გადაგზავნა სწორედ პლანშეტებით მოხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია საარჩევნო ყუთებში მოთავსებული ბიულეტენების გადათვლა.
ვინ აკვირდება არჩევნებს
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებს სულ 102 ადგილობრივი და 64 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.
გარდა ამისა საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან ამ მიმართულებით გამოცდილი სამოქალაქო ორგანიზაციები:
საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის არიან:
როდის გვეცოდინება შედეგები
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ხმის მთვლელ აპარატში მოათავსებს გადასატანი ყუთის ბიულეტენებს. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში დაითვლის ხმებს და დაბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამონაწერის ასლს პლანშეტის საშუალებით ცესკო-ში გადაგზავნის, საარჩევნო უბანზე კი, დაიწყება ხელით დათვლის პროცედურა. თუმცა, წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადება, როგორც გვპირდებიან, უკვე შესაძლებელი იქნება დაახლოებით ორ საათში.
"თეორიულად, თუ საარჩევნო უბანზე 20:00 საათისთვის რიგში არ იქნება არცერთი ამომრჩეველი და არცერთი ამომრჩეველი არ ისარგებლებს გადასატანი საარჩევნო ყუთით, ამ კონკრეტული საარჩევნო უბნის შედეგები შეიძლება ცნობილი გახდეს, დაახლოებით, 20:15 საათისთვის. თუმცა, თუ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, არის შემთხვევები, როდესაც საღამოს 20:00 საათზე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ამომრჩევლები ჯერ კიდევ რიგში დგანან და ამის გამო საარჩევნო უბანი იხურება 15-20 წუთის დაგვიანებით. აგრეთვე, იშვიათად გვხვდება ისეთი უბანი, სადაც ამომრჩეველი არ იყენებს გადასატან საარჩევნო ყუთს. ყოველივე ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ხმის მთვლელ აპარატზე კენჭისყრის რეჟიმი შეიძლება დაიხუროს 20:30 საათზე, ხოლო ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი 21:00 საათამდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. საზოგადოება საარჩევნო შედეგებს უნდა ელოდოს საღამოს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 22:00 საათზე საზოგადოებას ეცოდინება არჩევნების სრული წინასწარი შედეგები" - ამბობს ელეტრონული არჩევნების პროექტის ავტორი საქართველოში ირაკლი ხორბალაძე.
საბოლოო შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო უბანზე სწორედ ხელით დათვლის შემდეგ შედგება. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი იგზავნება ცესკო-ში პლანშეტის გამოყენებით, ოქმი კი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში:
"შედეგების გადასაცემად კომისიის თავმჯდომარე ხმის დამთვლელი აპარატის USB პორტში მოათავსებს სპეციალურად დაშიფრულ ცარიელ მეხსიერების ბარათს. ხმის მთვლელი აპარატი რამდენიმე წამში კენჭისყრის შედეგებსა და ქვითრის გამოსახულებას ჩაწერს მეხსიერების ბარათზე. ამის შემდეგ მეხსიერების ბარათს მიაერთებენ პლანშეტზე, რომელიც შედეგების გადაცემის პროგრამის მეშვეობით დაშიფრულ შედეგებს ავტომატურად გადასცემს ცესკოს".