ვინ და რა ელის მერაბიშვილს

20-02-2020 08:58:11 ანალიზი

20 თებერვალს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს სასჯელის ვადა ეწურება და თუ მანამდე ახალი ბრალი არ წარედგინა, იგი საპატიმროს დატოვებს. მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში განსაკუთრებული მოლოდინი არ იგრძნობა, თუმცა როგორც ადრე მისმა ადვოკატმა განაცხადა და კულუარებიდანაცაა ცნობილი, მერაბიშვილი 7–წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ასევე არაოფიციალური ცნობებით, ის საკუთარ თავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს. თუმცა მეორე საკითხია, ელიან თუ არა მას პარტიაში. წყაროები ამბობენ, რომ ენმ–ის პოლიტიკურ ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ამ მოარულ ხმებს ერთგვარად დაუსვა წერტილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილის 9 თებერვლის ინტერვიუმ: მან მერაბიშვილის მიმართ მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, თუმცა მიანიშნა იმაზეც, რომ ყოფილ შს მინისტრს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ელიან.

„როდესაც ვანო [მერაბიშვილი] სრულიად უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში (რაც მას მიუსაჯეს, სრულიად სასაცილო იყო), იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად ვანო რომ ჩასვეს, „აიფონი“ არ არსებობდა, „ნოკიები“ იყო. ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ ახლა, მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო (მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს), ჩემს ოჯახს დავუბრუნდებოდი, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა სააკაშვილმა "მთავარი არხის"ეთერში.

ამავე ინტერვიუში სააკაშვილი ფაქტობრივად შეეცადა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოეხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ძალოვანი უწყებების მისამართით დაგროვებულ პრეტენზიებზე და ამმხრივ პასუხისმგებლობა მათ შორის მერაბიშვილსაც გადააკისრა:

„მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ [მერაბიშვილმა]. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში. რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩვენი ქვეყანა ჩაეგდო ხელში“.

ჩნდება კითხვა, რამდენად მართებულია შეცდომებზე 8 წლის შემდეგ საუბარი, ან თუ შეცდომების დაშვებას აღიარებ, მაშ რატომ უწოდებენ მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმარს, როდესაც ის სასჯელს სწორედ იმ „შეცდომების“ გამო იხდის? ამ საკითხზე სააკაშვილს აღარ უსაუბრია.

მისი თანაგუნდელები „ნაციონალური მოძრაბიდან“ გაცილებით თავშეკავებულები აღმოჩნდნენ: პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება თავად მერაბიშვილს დაუტოვეს. ერთ–ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა კი “ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ, რომელიც ამბობს, რომ მერაბიშვილის მეგობარია და მის ინტერესებს იცავდა, მათ შორის - სტრასბურგში, ყოფილი მინისტრის მენეჯერულ თვისებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა: «სხვისკენ ხელის გაშვერა სწორი არაა, შეცდომებზე საერთო პასუხისმგებლობა არსებობს, ხოლო მერაბიშვილმა ივანიშვილთან უკომპრმისო ბრძოლის მაგალითი აჩვენა».

ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილს მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის განჭვრეტა უჭირს, სააკაშვილის განცხადებაში კი ქართველი პოლიტიკოსებისთვის სახასიათო ნიშნებს ხედავენ.

„ამ ტიპის ლიდერის ტიპიური შეფასებაა: ფიქრობენ, რომ ლიდერი არ შეიძლება, ცდებოდეს, უბრალოდ გარემოცვა ვერ აკეთებს რაღაცას ისე, როგორც საჭიროა. და, რა თქმა უნდა, ამას ამბობენ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში აღარ არიან. მერაბიშვილი მას [სააკაშვილს] ნამდვილად არ სჭირდება. გარდა იმისა, რომ მერაბიშვილისადმი ამომრჩეველში საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა, სააკაშვილი მას აკისრებს პასუხისმგებლობას ყველა უბედურებაზე, რომლის შესახებაც საქმის კურსში თავადაც იყო. რთული სათქმელია, რომელ პოლიტიკურ გუნდს სჭირდება დღეს მერაბიშვილი. სადაც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკურად მომგებიანი მაინც აღარაა. თუ საუბარია მის ძველ გავლენებზე, გასაგებია, რომ მას წარსულში გავლენა მართლაც ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და სადღეისოდ ქვეყანაში ძველი კი არა, ახალი გავლენებიც ვეღარ მუშაობს. ამდენად, ის პოლიტიკურად «პლუსი» არაა“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი ექს–პრეზიდენტს საკუთარ შეცდომებს შეახსენებს:

„მე პროცესის შიგნით ვიყავი [2011–2012 წლებში] და კარგად მახსოვს, რა როგორ ხდებოდა. მართალია, საზოგადოებაში რეჟიმისადმი უკვე აუტანლობა იყო, მაგრამ თუ სისტემის დასუსტების თვალსაზრისით შეცდომებზე ვისაუბრებთ, ფატალური შეცდომა სწორედ სააკაშვილს ეკუთვნის და ეს უკავშირდება მერაბიშვილს: ვგულისხმობს მერაბიშვილის შს მინისტრის პოსტიდან პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე გადაყვანას. შს სამინისტრო მაშინ დიდი ძალოვანი ინსტრუმენტი იყო, რომელიც არჩევნებზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ხოლო მერაბიშვილი ამ უწყებაში ავტორიტეტი იყო. ბაჩო ახალაიათი მისმა ჩანაცვლებამ თავად შსს–ში გამოიწვია ბზარი: სისტემამ არ მიიღო ახალაიას აგრესიული, რიგ შემთხვევებში სადისტური მეთოდები. გაჩნდა უკმაყოფილება და ამან ძალოვანი უწყების გარკვეული დეზორგანიზებაც გამოიწვია. გარდა ამისა, მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრის რანგში ტრაგიკომიკურ ფიგურად გამოჩნდა: მისი ლეგენდა იდგა იმაზე, რომ ის ჩუმად იყო, მაგრამ როგორც კი საჯარო პოლიტიკაში გამოჩნდა და დაიწყო განცხადებების კეთება, მისი ლეგენდა დაიმსხვრა. ჯამში ეს იყო ერთ–ერთი მძიმე შეცდომა, რაც ჩვენ საარჩევნო პროცესში ძალიან დაგვეხმარა. ამდენად, სააკაშვილმა სჯობს, საკუთარი შეცდომები მოიკითხოს, მათ შორის - მერაბიშვილთან დაკავშირებით. თუმცა ზოგადად ქართველი პოლიტიკოსების სენია, რომ არავის უნდა შეცდომების აღიარება“.

რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს, ხუხაშვილი ამ ეტაპზე მის გააქტიურებას არ ელის, ხოლო პაუზის შემდეგ მის როლს ენმ–ისა და „ეროპული საქართველოს“ ლიდერებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში ხედავს:

„მერაბიშვილზე მაღალი აზრის არ ვარ და არც მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია, თუმცა გარკვეული როლის თამაში შეუძლია, როგორც მენეჯერს. სააკაშვილის ინტერვიუმდე [9 თებერვლის] ველოდი მის ინტეგრაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ამ ეტაპზე არ იგეგმება. სავარაუდოდ, მოლაპარაკება ვერ მოახერხეს ლიდერებმა, ხოლო მერაბიშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. ვფიქრობ, ეს სწორიცაა: ციხეში მრავალი წლის გატარების შემდეგ მას გარესამყაროსთან გარკვეული ადაპტაცია დასჭირდება. მგონია, რომ მაქსიმუმ, ერთთვიან პასუზას აიღებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები