
ივანიშვილის კარის სახიფათო თამაშები
11/02/2020 10:54:15 საშინაო პოლიტიკა
იქ, სადაც საქართველოს მმართველი გუნდი პოლიტიკურ მოტივებს ვერ (არ) ამჩნევს, მათ მკაფიოდ ხედავენ სხვები, მათ შორის - ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები: ჯერ ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია გაატარეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ევროპარლამენტში, სადაც კითხვები, მათ შორის, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ეხებოდა, შემდეგ კონგრესმენებისა და სენატორების წერილებში დაეთმო ერთი პუნქტი სწორედ ამ საქმეებს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მოტივებით გამოყენების მიუღებლობას, ხოლო მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა უკვე მესამედ გაუყენეს ციხის გზას, ამას მყისიერად მოჰყვა მორიგი მწვავე რეაქცია აშშ–დან.
"დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს. მას 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა",– წერს კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
საკუთარი იმედგაცრუება დააფიქსირა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმაც:
„იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს განვუცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”.
საინტერესოა, რომ აწ მოსამართლის, მანამდე კი გენპროკურორისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის პირად ადვოკატ შალვა თადუმაძის მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად გზაში დააწიეს აშშ–ში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. როგორ დაეხმარება ეს მას კონგრესმენების, სენატორების თუ საქართველოს საკითხით დაინტერესებული სხვა პირების – ქვეყნის მეგობრების „ცნობიერების ამაღლებაში“ ან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეპუტაციის დაცვაში, - ამას, ალბათ, მომდევნო წერილებიდან შევიტყობთ. და საკმარისი იქნება კი ქართველი პოლიტიკური ლიდერების წყენაგარეული კომენტარები იმის შესახებ, რომ «სტრატეგიული პარტნიორები წერილებით არ უნდა ურთიერთობდნენ?» - საჯარო დატუქსვის გარდა, სხვა რა გზას ტოვებ, როცა თავს იყრუებ?! მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი, „სტრასბურგში იგეგმება ვიზიტი და ყველაფერს ავუხსნით პარტნიორებსო“, მაგრამ მერამდენედ? ერთი და იგივე სვლამ რამდენჯერ შეიძლება, გაამართლოს, როდესაც მიდიხარ, ჰპირდები, ჩამოდიხარ და იგივეს აგრძელებ?!
უგულავას საქმის თანმდევი მნიშვნელოვანი გარემოება ისიცაა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა, რომელთა დანიშნვის თაობაზე ხისტ კრიტიკას (მათ შორის არაკვალიფიციურობაზე მითითებით) არ მორიდებიან ევროსაბჭოში, ევროკავშირში, აშშ–ის საელჩოში. ამდენად, იდეაში, ეს საქმე უნდა ყოფილიყო ტესტი დამოუკიდებლობისა და კვალიფიციურობის თვალსაზრისით. მაგრამ ჩააბარეს კი? მაგალითად შალვა თადუმაძე საქმის სააპელაციო სასამართლოში ყოფნისა და შემდეგ საკასაციო წესით გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე საქმეს უზენაეს სასამართლოში დახვდა მსაჯულის ამპლუაში. ვერ დაინახა ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც ერთი და იგივე საქმეზე, უბრალოდ სხვა მუხლით გაუყენა საპატიმროს გზას პოლიტიკური ლიდერი და გადაწყვეტილება სამუშაო საათების დასრულებამდე უკანასკნელ წუთებში გამოაცხადა?
ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შედეგი: ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ყოველგვარი მოლაპარაკებები შეწყვიტა, საერთაშორისო მედია კი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებაზე საკმაოდ ხმაურიანი სათაურებით წერს. არადა, როგორც ივანიშვილი იტყოდა, საქართველო სოფლია, რომელიც თავისთვის გატრუნული უნდა ყოფილიყო. თუმცა დაკავების აქტმა არცთუ შეუმჩნევლად ჩაიარა.
და მაინც, რა გზავნილია ეს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ბოლოს და ბოლოს, რა გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება? „საერთაშორსო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ეს დაცინვის გზაა:
"როდესაც მთელი დასავლეთი, ანუ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკრიტიკებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს (იქნება ეს სხვადასხვა რეფორმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ისინი ასევე საუბრობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე), ჩვენი მთავრობა საპასუხოდ რას აკეთებს? აი, ამ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს [უგულავას საქმეზე]... ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი და მიუღებელია. ძალიან ეთიკურად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები რას ფიქრობენ. ეს ფაქტობრივად დაცინვაა. ასეთი რეაქციები გაქვს იმ პარტნიორის განცხადებებზე, რომელიც გეხმარება, ცდილობს, დაგაახლოვოს NATO-სთან და ევროკავშირთან, ეხმარება შენს ეკონომიკას განვითარებაში, ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს?.... ასეთი პასუხი, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია და დაცინვაა. არ შეიძლება, ასე ექცეოდე საკუთარ პარტნიორებს! ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაქციები".
ხუმრობით „ბიძინოლოგად“ წოდებული ანალიტიკოსი და ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ხსენებულ სტატუსზე ნებაყოფლობით ამბობს უარს:
„დღევანდელ ივანიშვილს ვერ ვცნობ. აბსოლუტურად უცხო ადამიანი გახდა. მემგონი, მასთან პირად ურთიერთობაში საქართველოში ყველაზე მეტი დრო მაქვს გატარებული, მაგრამ დღეს მისი მოქმედებები აღარაა ახსნადი...ორი დღის წინ გვასმენინებდნენ კინზინგერის განცხადებებს, „ჩავიდა თალაკვაძე და დაუმტკიცა, რომ „ტკბილი და მურაბა“ ხალხი ვართო“... რით დაუმტკიცა? თალაკვაძემ ყველაფერს თავი დაუქნია, „არ იქნება პოლიტიკური დევნაო“, ჯერ არ ჩამოსულა და აქ უკვე უგულავა ციხეში დაახვედრეს.... ეს არის აფექტში გათვლილი კომბინაცია. ამაში ტაქტიკური ლოგიკა არის, მაგრამ გრძელვადიანი პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მისივე [ბიძინა ივანიშვილის] კეთილდღეობისთვისაა სახიფათო. მსგავსი კომბინაციებით შესაძლოა, ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომში აუცილებლად დამარცხდები, რადგან აუტანლად დიდი რესურსების დახარჯვა გიწევს, - იქნება ეს რეპუტაციული, მორალური, თუ მატერიალური. ამ ტიპის უზურპაცია ძალიან ცუდად მთავრდება“.
ხუხაშვილს უგულავას დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს:
„ივანიშვილი ასე თვლიდა: უნდა გაეხლიჩა „ნაციონალური მოძრაობა“, წამოსულ პოლიტიკოსებს უნდა დაეწყოთ დამოუკიდებელი აქტიურობა, წამოეყვანათ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, რითაც პარტია დასუსტდებოდა, მიშა სააკაშვილს კი გაიყვანდა პოლიტიკური ველიდან. ივანიშვილი ფიქრობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე შექმნიდა „კონსტრუქციულ“ ოპოზიციას, რომელიც მუდმივად იქნებოდა ოპოზიციაში, თავად კი – მუდმივად ხელისუფლებაში. ამ გეგმის ნაწილი იყო უგულავას გათავისუფლება. ამ გეგმამ არ გაამართლა და ეს დადასტურდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭირა ხალხი. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მან რაღაც აჩუქა ამ ხალხს [ენმ–იდან წამოსულ პოლიტიკურ ლიდერებს], ანუ გიგი უგულავა გაათავისუფლა, მათ კი გადააგდეს.“გადამაგდეთ? მაშინ მეორედ შევიყვან ციხეშიო“. ეს არის ქუჩური ლოგიკა. რატომ სჭირდება უგულავა ციხეში? ის ფიქრობს, რომ „ევროპული საქართველოს“ ჭკუაზე მოყვანა ჯერ კიდევაა შესაძლებელი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოკერიაზეც დაზღვევისთვის „დაკიდეს“ საქმე“.
ოპოზიციაში დაკავებების სერიის მოლოდინია. სადღეისოდ ციხეშია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, „მთავარი არხის“ მეწილე ნიკა რურუა, „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საქმეებია აღძრული „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, „ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ავთანდილ წერეთლის, ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას წინააღმდეგ...ვინ იქნება შემდეგი?