30-10-2024 19:30:12 პოლიტიკა
ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება.
„ევროკავშირი რჩება ერთგული კიდევ უფრო გააღრმაოს პარტნიორობა საქართველოსთან ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად. ვიდრე საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ სვლას და გამოამჟღავნებს რეალურ მცდელობებს განსაკუთრებული შეშფოთების და საკვანძო რეფორმების საპასუხოდ, კომისია ვერ შეძლებს, გასცეს რეკომენდაცია, განიხილონ საქართველოსთან [ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე] მოლაპარაკებების დასაწყება”, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, რასაც კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაცია ითვალისწინებდა.
„2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყოლია ხელისუფლების სათანადო ძალისხმევა ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. პირიქით, მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ ისევე, როგორც ქართველი თანამდებობის პირების მკვეთრმა ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებმა, დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას. შედეგად, საქართველოს [ევროკავშირში] შესვლის პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია“, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 პრიორიტეტს, რომელთა შესრულებაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის, ანუ გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა იყო, ევროკომისია აღნიშნავს, რომ 9 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს „უმნიშვნელო პროგრესი“ აქვს.
რა პირობებს უყენებს კომისია საქართველოს
საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად ევროკომისია ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე პირობას უყენებს:
26 ოქტომბრის არჩევნები
გაფართოების ანგარიშში საუბარია, მათ შორის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც.
ევროკომისია ციტირებს OSCE/ODIHR–ის წინასწარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიამ “გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში”.
კომისია დამკვირვებლებზე დაყრდნობით აღნიშნავს ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს ისევე, როგორც უარყოფით ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის დაუცველობას და პროცედურულ ხარვეზებს.
„წინასწარი შეფასებები ადასტურებს სიღრმისეული საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში“, - აღნიშნავს კომისია.