31-10-2024 14:28:50 ევროპა ,პოლიტიკა
OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 26 ოქტომბრის გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა.
დოკუმენტი იმეორებს იმ შეფასებებს, რომელიც 27 ოქტომბერს მისიის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე წარადგინეს, თუმცა უფრო დეტალურად საუბრობს, მათ შორის არჩევნების დღესთან დაკავშირებით.
"არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი 223 საარჩევნო უბნიდან 212-ში და პროცედურები ძირითადად დაცული იყო. უარყოფითი შეფასებები გაკეთდა პროცედურების არასაკმარისი ცოდნის ან უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის გამო.
ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ერთ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდის ერთობლიობამ უბნების 40%–ში ხანგრძლივი რიგები და ზოგჯერ პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.
ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილ უბნებზე დაკვირვების შემთხვევათა 99% და 98%-ში მოწყობილობები სრულად გამართულად მუშაობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისია იცნობდა მოწყობილობების მუშაობას, 9%–ში ყველა ამომრჩეველს არ მიუღია ადეკვატური მითითებები მარკირებისა და კენჭისყრის შესახებ. საარჩევნო უბნების 54%–ში ზოგიერთ ამომრჩეველს გაუჭირდა ხმების დამთვლელ მოწყობილობაში ბიულეტენის შეცურება.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო უბნების 97%-ში ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესს, ადგილობრივი დამკვირვებლები კი – 89%-ში, რაც აუმჯობესებდა გამჭვირვალობას. თუმცა ზოგიერთმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა აღნიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ხელშეშლის ფაქტი, როდესაც მათ შენობაში შესვლას უკრძალავდნენ ან დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. აღნიშნულის საპირისპიროდ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დაკვირვებათა 28%-ში შენიშნეს, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების სახელით მოქმედებდნენ, რაც შეშფოთებას ზრდიდა ადგილობრივი დამკვირვებლების მიუკერძოებლობისა და მათი როლის ბოროტად გამოყენების გამო, რაც არ შეესაბამება ODIHR-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.
ერთ შემთხვევაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პირდაპირი დაშინებისა და სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ობიექტი გახდა", – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც დასკვნებშია აღნიშნული, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ხმების დათვლის პროცესი უარყოფითად შეაფასეს 193 საარჩევნო უბნიდან 24-ში, რაც პროცედურული შეცდომებით ან საარჩევნო უბნებს შიგნით არსებული არეულობით იყო განპირობებული.
დოკუმენტის თანახმად, პროცესი გამჭვირვალედ შეფასდა 181 შემთხვევაში, თუმცა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან ადგილობრივი და სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ პროცესში ჩარევის ფაქტი გამოვლინდა 27 შემთხვევაში. ასევე დაძაბულობა და არეულობა დაფიქსირდა 29 შემთხვევაში, ხოლო ხმების დათვლის პროცესის შეფერხების მცდელობა – 7 შემთხვევაში.
"ხმების დათვლის დროს პროცედურის ეტაპების გამოტოვება დაფიქსირდა 50 შემთხვევაში. საუბნო საარჩევნო კომისიებმა ვერ გააბათილეს გამოუყენებელი ბიულეტენები 40 შემთხვევაში, და ელექტრონული მოწყობილობები პროცედურის დაცვით არ აალაგეს 67 შემთხვევაში. ხმების დათვლის დროს თითოეულ ბიულეტენზე არჩევანი 28 შემთხვევაში ხმამაღლა არ გამოცხადებულა. მოწყობილობების მქონე საარჩევნო უბნებზე 38 შემთხვევაში სავალდებულო ხელით დათვლამ აჩვენა მცირე შეუსაბამობები ხმის დამთვლელ მოწყობილობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ხელით დათვლისას ხმების ვალიდობა რეგლამენტის მიხედვით სრულად არ დადგინდა 23 შემთხვევაში და არათანმიმდევრული იყო 21 შემთხვევაში.
ამასთან, სადავო ბიულეტენების ვალიდურობა არ იყო კენჭისყრით განსაზღვრული დაკვირვების 80 შემთხვევაში. შედეგების ოქმებში გადატანასთან დაკავშირებული სირთულეები აღირიცხა 31 შემთხვევაში, რასაც 6 შემთხვევაში მანამდე დასრულებულ საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებში რიცხვების ცვლილებები მოჰყვა. დათვლის შეცდომების შედეგად, შესწორებები ან განმეორებითი დათვლა მოითხოვეს 42 შემთხვევაში. 37 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიებმა საჯაროდ არ გამოაქვეყნეს შედეგების ოქმის ხელმოწერილი ასლი, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას.
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების ოქმები და საარჩევნო მასალების დამუშავების ეტაპის დასაწყისს 73 საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ, რაც ზოგადად დადებითად შეფასდა. პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა დაკვირვების 6 შემთხვევაში, პრობლემები მოწოდებული მასალების მთლიანობასთან დაკავშირებით –17 შემთხვევაში, არაადეკვატური შენობები –8 შემთხვევაში და გადატვირთულობა – 6 შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უბნების დონეზე მიღებული შედეგების დაჯამება საოლქო საარჩევნო კომისიების ამოცანას წარმოადგენს, წევრებმა 9 შემთხვევაში არ განახორციელეს შედეგების ოქმების სიზუსტისა და სისრულის გადამოწმება, 5 საოლქო საარჩევნო კომისიას საერთოდ არ შეუსრულებია ეს პროცედურა, იმ მოტივით, რომ ოფიციალურ შედეგების საბოლოო გაფორმება ეროვნულ დონეზე ხდება. შეუსაბამობები საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებში დაფიქსირდა 10 საოლქო საარჩევნო კომისიაში.
არჩევნების დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს 439 საჩივარი სადამკვირვებლო ჯგუფებისა და პარტიის წარმომადგენლებისგან საარჩევნო უბნების გახსნის გაჭიანურების, სავარაუდო მრავალჯერადი ბიულეტენების გაცემის, დამკვირვებლებისა და პარტიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვის, ხმის ფარულობის დარღვევის, პროცედურული დარღვევების, გადასატანი ყუთებით ხმის მიცემის, სახარჯი მასალის ნაკლებობის, ელექტრონული მოწყობილობების გაუმართაობის, ვიდეო გადაღების, საარჩევნო უბნებში, უბნებს გარეთ ან მათ სიახლოვეს წინასაარჩევნო კამპანიის მასალების არსებობის შესახებ. კენჭისყრის დასასრულს ყველა საჩივარი განხილვის პროცესში იყო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო შედეგების ნაწილის გამოქვეყნება, ხოლო საარჩევნო უბნების 90%-დან შედეგების მიღების შემდეგ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21:45სთ-ზე დაიწყო", – ნათქვამია დოკუმენტში.