დიალოგი შეწყდა... რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

11-02-2020 19:34:43 საშინაო პოლიტიკა ,ანალიზი

„ევროპული საქარველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებამ გაერთიანებული ოპოზიციის დღის წესრიგში კორექტივები შეიტანა: ჯერ კიდევ 10 თებერვალს ოპოზიციონერი ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მმართველი გუნდისთვის შესათავაზებელ წინადადებას ათანხმებდნენ, დღეს კი ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავენ, თუმცა ბრძოლის გაგრძელებას ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებითა და საერთო სტრატეგიით გეგმავენ. როგორც დღეს დაზუსტდა, ოპოზიციაში ორი მიმართულებით მუშაობენ:

აქციები და პიკეტირება;

საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება.

მასშტაბური აქცია, რომელზეც ოპოზიციური თანამრომლობის კონკრეტული სტრატეგია გამოცხადდება, 4 აპრილისთვის დაანონსდა. მანამდე კი იქნება პიკეტირებები, ასევე რეგიონებში და საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მუშაობა.

„ახალი გეგმა მდგომარეობს შემდეგში: დღე და ღამე მუშაობა ხალხთან, საერთაშორისო ასპარეზზე. 4 აპრილს, 16:00 საათზე რუსთაველზე ვიკრიბებით, სადაც განვაცხადებთ, რა გვექნება საარჩევნოდ ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმი. ეს არის თარიღი, როცა დაიწყება მართლაც ისტორიული პროცესი, როდესაც ქართულმა ოპოზიციამ მოძებნა საერთო ენა და ეს იქნება მაჟორიტარული თუ სხვა კუთხით თანამშრომლობა - ყველაფერს ვიტყვით. ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო „ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე“,– განაცხადა „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

სანამ ოპოზიცია მსჯელობდა, აშშ–ის საელჩომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს“.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც თქვა, რომ ამ ფონზე დიალოგის წარმოება შეუძლებელია. შეუძლებელია დიალოგის წარმოება, მით უფრო, როდესაც ასეთ არასანდო პარტნიორთან გაქვს საქმე და გიპატიმრებენ მოლაპარაკების მაგიდის წევრებს. ომის დროსაც კი, როდესაც პარლამენტარები ერთმანეთს ელაპარაკებიან, ერთმანეთის პატივისცემა აქვთ, რადგან რაღაცაზე ხდება მოლაპარაკება. დააპატიმრეს მოლაპარაკების მაგიდის ერთ–ერთი წევრი და ოპოზიციას შეეძლო, ეს გაეტარებინა?! არაფრის დიდებით! თუ ამ კონტექსტში ასეთი განცხადება კეთდება საელჩოს მხრიდან, ალბათ, საელჩომ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა ხელახალი ფორმატის შექმნისა“,– განაცხადა ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ის, რომ ოპოზიცია დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს, დაადასტურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემაც აშშ–ის საელჩოს განცხადების გაცნობის შემდეგ:

„აშშ–ის საელჩოს განცხადება, რომ გიგი უგულავას დაკავებამ საფრთხის ქვეშ დააყენა დიალოგი, არის პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრება: მათმა ქმედებამ განაპირობა დიალოგის ჩავარდნა. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ დიალოგთან დაბრუნებას, რადგან ტერორისტებთან დიალოგს აზრი არ აქვს: თან გვიჭერდნენ და თან მოჩვენებითად, საერთაშორისო თანამეგობრობის დასანახად გესაუბრებოდნენ - არასწორია. ივანივილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, სურს, ამ ფორმით [შერეული სისტემით] გავიდეს ფონს და ალიყურს ამავე სისტემით მიიღებს. თუ ხელისუფლებას დიალოგი სურს, შესაბამის ნაბიჯებსაც უნდა დგამდეს. ასე არ გამოვა - თან გვიჭერდეს, თან დიალოგზე აპელირებდეს“.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, «ხელისუფლება აიძულებს ოპოზიციას,მეტ კოორდინაციაზე წავიდეს, ვიდრე იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო არ გამწვავდეს ვითარება». ამ კონტექსტში ბურჯანაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ ვარიანტებზე მიანიშნა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ დიალოგის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებისას იჩქარა:

„ცოტა ემოციური გადაწყვეტილება მგონია. არ ვკარნახობ ოპოზიციას, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ როდესაც რაღაც პროცესზე მყისიერი რეაგირება ხდება და ამის სასიცოცხლო აუცილებლობა არაა, სჯობს, რეაქციის დაფიქსირება მეორე დღისთვის გადადო. ვფიქრობ, უპირველესად, გადაწყვეტილების მიღებამდე პროცესებში ჩართულ ელჩებს უნდა დათათბირებოდნენ, შეეთანხმებინათ პოზიცია. მგონია, რომ ეს სვლა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა. ოპოზიცია კი წავიდა პროცესების რადიკალიზაციაზე და ამას ჯერ კიდევ შესწავლა სჭირდება, არის თუ არა ეს მომგებიანი. უნდა ახსოვდეთ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში არა ფულმა, არამედ იმჟამინდელი ოპოზიციის შეცდომებმა მოიყვანა: პატარკაციშვილის დროს [2007 წელს] ოპოზიცია ჯერ კიდევ მხნედ იყო, 2011 წლისთვის კი დაშვებული შეცდომების შედეგად მთლიანად გაკოტრდა და ივანიშვილმა ძალაუფლება ხელში ფაქტობრივად უბრძოლველად აიღო. დღევანდელი ოპოზიცია რაღაცნაირად იგივე შეცდომების დაშვებას იწყებს. ვიმეორებ, როდესაც სასიცოცხლო აუცილებელობა არ მოითხოვს, სჯობს, გადაწყვეტილება ოდნავ მოგვიანებით მიიღო. დღეს აშშ–ის საელჩომ გააკეთა განცხადება, რომელიც მთლად არ ემთხვევა ოპოზიციის გადაწყვეტილებას და ეს უკვე ცუდია. ქუჩაში გასვლის წინააღმდეგი არ ვარ, 30 წელი ამას ვაკეთებდით, მაგრამ თითოეულ გასვლას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს და უნდა იცოდე, როდის დაიწყო და შეწყვიტო“.

რაც შეეხება საერთო კანდიდატებზე შეთანხმების გეგმას, თავად იდეა პოლიტოლოგისთვის მისასალსმებელია, თუმცა მისი აზრით, ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატების დასახელება ნაადრევია, შესამუშავებელია პრინციპიც:

„პრინციპიც შესამუშავებელია: შესაძლოა, რომელიმე რაიონში ორი კონკურენტუნარიანი კანდიდატი აღმოჩნდეს და მსგავს შემთხვევაში რას იზამენ? სამუშაო ბევრი აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე არა ქუჩაში, არამედ ოფისებში. რაც შეეხება აქციას, ამისთვისაც სერიოზული მზადებაა საჭირო. ეს უნდა იყოს ეფექტური და მრავალრიცხოვანი“,– ამბობს ძაბირაძე და დასძენს, რომ „ოპოზიცამ უნდა იჩქაროს, თუმცა დინჯად და გონივრულად“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები