ბუღაძე: ყველამ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია ამ პროტესტში მონაწილეობა! სხვა რა გზა გვაქვს?!

01-11-2024 15:22:19 პოლიტიკა ,საზოგადოება ,კომენტარი

რეალობა არის ძალიან დრამატული,- ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა სხვადასხვა უბნებზე.

„არც ერთი ჩვენი სიტყვა არ შეესაბამება იმ სიმძიმეს, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით დიდი ხანია, მაგრამ ახლა მათ შორის გაუგებრობაში ვიმყოფებით სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. მისი ქმედების შედეგად არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს პარლამენტს, რომელიც უნდა შეიკრიბოს და ვერც შეიკრიბება იმ მოდელით, რომელიც დაეხმარება ივანიშვილს ამ სიმულაციის განმტკიცებაში უპირველესად, დასავლეთისთვის, რომ შექმნას რაღაც ილუზია, თითქოს აქ ყველაფერი კანონიერად და სამართლიანად მოხდა - ასეთი რამ არ მომხდარა! ათასობით საჩივარი და სამხილი დაიწერა და დაიდო კიდეც“,- ამბობს ბუღაძე და იხსენებს საკუთარ გამოცდილებასაც:

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავი, განსაკუთრებით, ერთ-ერთში იყო მწვავე სიტუაცია, როდესაც მე აღმოვჩნდი (და ვინც ჩემთან ერთად იყვნენ), არც მეტი და არც ნაკლები, კოოორდინირებულ ბანდიტიზმში! წარმოიდგინეთ, ბევრ ადამიანში რომ აღმოჩნდნეთ, რომლებიც რაღაც კრიმინალური ქმედებით არის დაკავებული“.

მან თქვა რომ რამდენიმ საჩივარი დაწერა, უნდა დაეწერა მეტი, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა - „ქართული ოცნების“, ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე სამოქალაქო ორგანიზაციების და ცესკო-ს წარმომადგენლების კი ხელს უშლიდნენ. ის მთავარ პრობლემად ამ გარემოებებს ასახელებს:

„ხართ ქურდბაცაცებში, რომლებსაც აქვთ დავალება, ხელი შეგიშალონ, რომ ამხილო, დააფიქსირო და ხმაც მისცე. ეს იყო თეატრი! მეც და ბევრმა - ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა თეატრში, ოღონდ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ვართ მსახიობები! ჩვენ გვეგონა, რომ ვიღებდით მონაწილეობას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, არჩევნებში, მაგრამ აღმოჩნდა წინასწარ შეთანხმებული, გაყალბებული სპექტაკლი, სადაც ადამიანებს ჰქონდათ უბრალოდ როლი ვითომდა დამკვირვებლების, ვითომდა „ოცნების“ წარმომადგენლების, ცესკოს თუ ა.შ - თავმჯდომარით დაწყებული დამთავრებული მათ შორის, სკოლის დარაჯითაც, რომელსაც ცესკოს ფორმა ეცვა, მაგრამ როდესაც მეც და სხვებიც ვაფიქსირებდით დარღვევას, ეს ადამიანიც მოდიოდა და ცდილობდა, გავედევნეთ ან ხელი შეეშალა და ა.შ. წარმოიდგინეთ, რამდენი რაღაც იყო ასეთი...“.

ესმის ადამიანების წუხილიც, რომლებიც მათ შორის, მეტ მტკიცებულებას მოითხოვენ.

„სოფლებია ნაყიდი, ამ კაცმა ჩამოარიგა ჩვენი ფული. ამიტომაც ვართ ჩვენ - ეკონომისტები ამაზე საუბრობენ - დეფოლტის წინაშე, რეცესიის წინაშე. ეს დრამატული სიტუაციაა.

[...] „ოცნებოს“ პროპაგანდაა, რომ რაც ახლა მოუვა საქართველოს ეკონომიკური თალსაზრისით, ოპოზიციის ბრალია“.

ის ავტოკრატიის ლოგიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც გიჩენს განცდას, რომ აზრი არ აქვს პროტესტს, შეწინააღმდეგებას, „სინამდვილეში მათ წააგეს, არიან სუსტები, ვერ იღებენ ლეგიტიმაციას“.

მისი აზრით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ ვითარებაში "ლანძღვა", არაფრის მომცემია, "ყველამ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია ამ პროტესტში მონაწილეობა. სხვა რა გზა გვაქვს?!"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები