04-11-2024 11:31:33
სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელი მოეწერა სადავო შეთანხმებას ინვესტიციების შესახებ
30 ოქტომბერს სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმდა „შეთანხმება“, რომელიც რუსულ კომპანიებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფლებას აძლევს. დოკუმენტს ხელი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა მოსკოვში მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ „შეთანხმებაზე“ დისკუსიები აფხაზეთში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დე ფაქტო პარლამენტში მისი განხილვა 7 ოქტომბერს, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ განახლდა. შეთანხმებით რუსეთისთვის გათვალისწინებული პრივილეგიების გათვალისწინებით, ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები შეთანხმებას „კოლონიალურს“ უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის არა მხოლოდ წამგებიანია ადგილობრივი ბიუჯეტისთვის, არამედ აფხაზ ბიზნესმენებსაც არათანაბარ პირობებში ჩააყენებს, რაც საბოლოო ჯამში აფხაზური მეწარმეობის განადგურებას გამოიწვევს. საზოგადოებრივი მოსაზრების თანახმად, შეთანხმების განხორციელების შემთხვევაში მოხდება მიწების გასხვისება, რაც აფხაზეთის „კანონმდებლობით“ აკრძალულია. ამასთან, მათ შეშფოთებას იწვევს შეთანხმებაში არსებული ჩანაწერი „მრავალფუნქციური კომპლექსებისა“ და „განთავსების სხვა ობიექტების“ მშენებლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, რაც ადგილობრივების აღქმით, აპარტამენტების მშენებლობას გულისხმობს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა შეთანხმების ტექსტი, რომლის თანახმად აფხაზეთი იღებს რიგ უპრეცედენტო ვალდებულებებს რუსი ინვესტორების წინაშე, კერძოდ:
„შეთანხმების“ გაფორმება ადგილობრივი საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან დე ფაქტო პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე განხილვები დასრულებული არ იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „პარლამენტს“ შეთანხმების პირველად პროექტთან დაკავშირებით 20-მდე შენიშვნა ჰქონდა, ხოლო საბოლოო პროექტში მათგან მხოლოდ ორი აისახა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტიდან ამოღებულ იქნა მითითება „განთავსების სხვა ობიექტებზე“ (თუმცა ჩანაწერი მრავალფუნქციური კომპლექსების თაობაზე დარჩა), ასევე დასაბრუნებელი დამატებითი ღირებულების გადასახადი 50%-ით შემცირდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში „ევრაზიის თანამშრომლობის განვითარების ფონდმა“ 23-დან 25 ოქტომბრამდე ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა თემაზე „რუსულ-აფხაზური ალიანსი: მითები და რეალობა“, რომლის მიზანს აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და რუსეთთან ურთიერთობების მდგომარეობის შეფასება წარმოადგენდა. გამოკითხვაში ჯამში აფხაზური, რუსული და სომხური წარმოშობის 1217 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 94% რუსეთს ყველაზე საიმედო მოკავშირედ მიიჩნევს (თურქეთს - 5%, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს - 1%-ზე ნაკლები); ასევე 94% თვლის, რომ რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოებისა და „სუვერენიტეტის“ მთავარი გარანტორია;
85% მხარს უჭერს რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ხოლო 76% - დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზეა ორიენტირებული;
87% აფხაზეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებს საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის ძირითად ფაქტორად ასახელებს; 6% ასეთ ფაქტორად აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო 3%-ზე ნაკლები - საქართველოს კონსტრუქციულ პოზიციას მიიჩნევს;
61% დადებითად აფასებს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, 31% - უარყოფითად, ხოლო 8% ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს და ურთიერთობებში ცვლილებებს ვერ ხედავს;
79% არ მიიჩნევს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აფხაზური იდენტობისა და დემოგრაფიისთვის გამოწვევას წარმოადგენს, 10% ამას საფრთხედ მიიჩნევს, ხოლო 11%-მა პასუხი არ იცის;
92% არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აფხაზურ ეკონომიკაში ინვესტირების გზით რუსეთი აფხაზეთის „კოლონიზაციას“ ახდენს, 8%-ზე ნაკლები ამ მოსაზრებას ეთანხმება;
86% აფხაზეთის შემდგომ განვითარებას უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებლად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზური ოპოზიციის ლიდერებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოკითხვის სისწორესა და სანდოობაში ეჭვი შეიტანეს. მათი განსაკუთრებული გაღიზიანება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებულმა შედეგმა გამოიწვია. „ცალსახაა, რომ წარსულში რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემთხვევაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ მოხდებოდა. სანამ საქართველოსთან მშვიდობა არ დამყარდება და მისი მხრიდან აღიარება არ იქნება მიღწეული, ჩვენი საზოგადოება ამ პროცესებით [რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებით] ბედნიერი ვერ იქნება. თუმცა გამოკითხვიდან ისე ჩანს, თითქოს აღფრთოვანებულები ვართ იმ პერსპექტივით, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება „ქართული მიწების გაერთიანების“ თაობაზე შესაძლოა რეალობად იქცეს“, - აცხადებს საზოგადო მოღვაწე, კრიტიკული ტელეგრამ-არხი „აფსნი-ჰაბარის“ მთავარი რედაქტორი ლეუან ლაგულაა.
აფხაზები „ქართულ ოცნებას“ ურჩევენ, განცხადებებიდან პრაქტიკულ ქმედებებზე გადავიდეს
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „სავაჭრო წარმომადგენელმა“ რუსეთში ოლეგ ბარციცმა გამოცემა „EADaily“-სთან საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და თბილისთან ურთიერთობები შეაფასა.
ოლეგ ბარციცის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდისა და აფხაზეთთან შერიგების პროცესის დაწყების თაობაზე იმთავითვე უარყოფილ იქნა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ, რაც ამ განზრახვების არასერიოზულობაზე მიუთითებს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ მშვიდობის გზავნილები მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკა არ იყო, აუცილებელია „ქართული ოცნება“ პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადავიდეს. „სულ მცირე ორი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი, ეს არის ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება“, - აცხადებს ოლეგ ბარციცი.
საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, ბარციცმა აღნიშნა, რომ მათი შედეგებისა და ზოგადად საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასება საკმაოდ რთულია. „ერთი მხრივ, შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველომ ტრადიციულ ღირებულებებს, მშვიდობას მისცა ხმა, უარი განაცხადა ომზე, რომელიც დასავლეთის ინტერესებში შედის, და უკრაინის ხვედრის გამეორებაზე. თუმცა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პრორუსული ძალების გამარჯვებაა. „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავაც პროევროპულ კურსსა და დასავლეთისკენ მტკიცედ არჩეულ ვექტორზე საუბრობენ“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში „აპარტამენტების კანონის“ განხილვის დროს ოლეგ ბარციცმა რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლის „თანამდებობა“ დატოვა და აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის თაობაზე განაცხადა.
აფხაზური საზოგადოება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს განიხილავს
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისა და მათი შედეგების მიმართ აფხაზური საზოგადოების ინტერესი არ მცირდება. სოხუმში აქტიურად აკვირდებოდნენ როგორც წინასაარჩევნო პროცესს, ისე არჩევნების შემდგომ განვითარებებს.
ტელეგრამ-არხმა „აფხაზეთის ცენტრმა“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის წარუმატებლობის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა. პოსტის ავტორის მოსაზრებით, ოპოზიციამ არ წარმართა აქტიური საარჩევნო კამპანია, რომელიც როგორც წესი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე იწყება. ამასთან, ავტორი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობს, რადგან მისი სახეები პოლიტიკაში „ძველ კადრებად“ ითვლებიან. გარდა ამისა, ხელისუფლების წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ინსაიდერული კომპრომატები და მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში დაშვებული ხარვეზები. პოსტის ავტორი შეცდომად აფასებს იმას, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა შემუშავებული ალტერნატიული გეგმა დამარცხების შემთხვევაში. ბოლოს „აფხაზეთის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ რუსი პროპაგანდისტების წყალობით გახმაურებული დასავლური მხარდაჭერა და ასობით მილიონი დოლარი სინამდვილეში ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა.
თბილისში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამაც გააკეთა. „დასავლეთის სახით საქართველომ ახალი მფარველი შეიძინა და დღემდე მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. თუმცა დღეს დასავლეთი რეგიონში სუსტდება, ხოლო რუსეთი, პირიქით, ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ იბრუნებს თავის წამყვან როლს. საქართველოში კი სცენაზე ახლად არჩეული კურსით „ქართული ოცნება” გამოდის“, - განაცხადა მან.