საქმე პრეცედენტის პერსპექტივით

07-11-2024 16:50:04 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ არსებული საარჩევნო დავების ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი ხმის ფარულობის დარღვევაა, შესაძლოა ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ქუთაისის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომლის საქმე, რომლის განხილვაც სასამართლოს მოუწევს. ცოტნე თვარაძე, მათ შორის, ხმის ფარულობის დარღვევასა და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს.

ცოტნე თვარაძე, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში საქმიანობდა საბიუჯეტო ორგანიზაციაში გრაფიკოს დიზაინერად, აქტივიზმითაც არის დაკავებული - ის აქტიურად არის ჩართული მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანონიონის ირგვლივ მიმდინარე პროტესტში. ის და მისი თანამოაზრეები წელიწადზე მეტია, აპროტესტებენ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ 2022 წლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანიას, „კანიონი 350-ს“ 40 წლით იჯარით გადასცა. პროტესტის მონაწილეები გასული წლიდან კანიონთან გაშლილ კარავში ათევენ ღამეს, საუბრობენ კორუფციულ სქემებზე. ისინი არსებული პროექტის შეჩერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმა განხორციელდა, მოგვიანებით მუქარის ბრალდებით დააკავეს ერთ-ერთი აქტივისტი.

ის იხსენებს, რომ პროტესტში ჩართულობასთან დაკავშირებით დასაქმების ადგილზე დაუსვეს კითხვები

„ვუპასუხე, რომ სახლ-კარს, იდენტობას გვართმევენ და ფიზიკურად არ შემიძლია, მივატოვო. სამართლიანად ვაპროტესტებნთ, კანონი ჩვენს მხარესაა“. ასევე ვუთხარი, რომ „ჩემი პროტესტი სამსახურეობრივ მოვალეობაზე არ აისახება - პირნათლად შევასრულებ დავალებებს“ და ასეც ხდებოდა - ვმუშაობდი დისტანციურად და ვასრულებდი დავალებებს მოვალეობოს ფარგლებს მიღმაც: არასამუშაო საათებშიც ვმუშაობდი, ა(ა)იპ-ებისთვი საც მიწევდა რაღაცეების გაკეთება. როდესაც პროტესტში ჩავერთვე, ველოდი, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ადრე თუ გვიან მიიღებდნენ. მაგრამ სამუშაოს ხარისხთან და დამოკიდებულებასთან მიმართებით ხელჩასაჭიდი ვერაფერი მოძებნეს", - ეუბნება „აქცენტს“ თვარაძე.

უკვე წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც თვარაძე იხსენებს, სამსახურიდან მიიღო დავალება, რომ "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გრაფიკული დიზაინის კუთხით, რომლის შესრულებაზეც უარი თქვა:

„დავასაბუთე, რომ მერია არ ემსახურება არც ერთ პარტიას. მეორე - როდესაც პროტესტის გამო ტერორში გვაცხოვრებენ ბალდაში, უდანაშაულო ადამიანებს იჭერენ, როგორ დავეხმარო იმ პარტიას, რომელიც ამას სჩადის?!“.

ფინალური საეჭვო ეპიზოდი კი უშუალოდ არჩევნების დღეს უკავშირდება:

„როდესაც აპარატთან მივედი ბიულეტენის მოსათავსებლად, დამკვირვებელმა ჩემი ბიულეტენი ჩარჩო კონვერტიდან თვითნებურად გამოაცურა (არგუმენტით, რომ აპარატი არ მიიღებდა, თუ კარგად არ გამოვწევდი), გამოაცურა იქამდე, სანამ არ გამოჩნმდა მარკერის კვალი - იცით, რომ თუ მარკერის კვალი არ ჩანდა ბიულეტენის ბოლოში, ეს ნიშნავდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ გქონდა ხმა მიცემული“.

მოვლენათა ამგვარი განვითარების შემდეგ მას ქუთაისის მერიიდან აცნობეს, რომ აღარ უგრძელებენ ხელშეკრულებას.

„1 ნოემბერს იწურებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვარა (ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ ვაახლებდით), წინა დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ აღარ გამიგრძელებდნენ“.

თვარაძე ამბობს, რომ შეეცადა მიზეზის გარკვევას, დაინტერესდა მის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არსებობდა თუ არა პრეტენზიები:

„მიპასუხეს, „ყოველთვის ძალიან კმაყოფილები ვიყავით, არც ისე ბევრი გვყავდა შენი დონის თანამშრომელი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღეთო“. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამასზე პასუხი არ აქვთ“.

სწორედ ეს გარემოებები არწმუნებს თვარაძეს, რომ მასთან მიმართებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და აპირებს, დავა სასამართლოში გააგრძელოს.

თავად ქუთაისის მერიის პრესსამსახურში „აქცენტთან“ მხოლოდ ფაქტის კონსტატირებით შემოიფარგლნენ: დასრულდა შრომითი ხელშეკრულება და აღარ მოხდა მისი განახლება. დამატებით გვითხრეს ისიც, რომ ამ პოზიციაზე ახალი კადრი აყვანილი ჯერ არ არის.

უშუალოდ რა ფორმას მიიღებს ახალგაზრდა კაცის სარჩელი, ამ ეტაპზე უცნობია - ჯერ კიდევ იურისტებთან გადის კონსულტაციებს, თუმცა ხმის ფარულობის დარღვევის ეპიზოდით (მიუხედავად იმისა, რომ ეს სავარაუდოდ, არ იქნება ძირითადი ხაზი) ეს შესაძლოა, პირველი ინდივიდუალური სარჩელი აღმოჩნდეს სასამართლოში.

მართალია, სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის დადასტურების თაობაზე, თუმცა როგორც იურისტები მოელიან, ის "თავის სიტყვას მაინც იტყვის", მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები