«ქართველები პირისპირ დარჩნენ სანაგვე ყუთთან... და ეს კარგის ნიშანია»

12-02-2020 19:06:49 საშინაო პოლიტიკა ,ანალიზი

საქართველოს მოსახლეობას, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით (73 დეპუტატის – მაჟორიტარული წესით, 77–ის – პარტიული სიით არჩევა) მოუწევს. ოპოზიცია გეგმავს, ამავე სისტემით შეჰყვეს მმართველ გუნდს პოლიტიკურ ბრძოლაში საერთო კანდიდატებით. პარალელურად გაგრძელდება აქციებიც. მაგრამ იმისთვის, რომ არა ტაქტიკური, არამედ გენერალური ბრძოლა მოიგო, მოწინააღმდეგის ძალების ზედმიწევნით სწორი შეფასებაა საჭირო. მართალია, დრო და განწყობები იცვლება, ისევე, როგორც სოციოლოგიური კვლევების შედეგებში მმართველი გუნდის რეიტინგი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შედეგობრივი თვალსაზრისით ამ დრომდე არაფერს ცვლიდა: „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნები მოიგო. იყო კითხვები დარღვევების თაობაზე, თუმცა მთლიანობაში არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არც ერთ შემთხვევაში არ დასმულა. ისიც ფაქტია, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ რიგი ნაბიჯებისა, რომელიც ფატალურ შეცდომადაც კი შეფასდა, რომ არაფერი ვთქვათ დაუძლეველ სიდუხჭირეზე, საპროტესტოდ ქუჩაში გასულ მოქალაქეთა რაოდენობამ ვერ მიაღწია იმ კრიტიკული მასისას, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკის შეცვლისკენ უბიძგებდა. მეტიც, თუ „გავრილოვის სისხლიანი ღამის“ შემდეგ მმართველი გუნდი კოალიციური მთავრობის შესაძლებლობაზე საუბრობდა, დღეს მადა გაეზარდა – ამბობენ, „ჩვენი კვლევებით, ამომრჩეველთა ხმების 60% ჩვენიაო“. გასაგებია, რომ ბრძოლაში შესული პოლიტიკოსი დამარცხებაზე ვერ ისაუბრებს, ჩვენი მიზანი არც მათი თავდაჯერებულობის საფუძვლების შეფასებაა. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ისმის კითხვა, რაში მდგომარეობს „ქართული ოცნების“ წარმატების გასაღები და სადღეისოდ რა რესურსზე დგას მმარველი პოლიტიკური გუნდი?

პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩში“ მიიჩნევენ, რომ ეს „გასაღები“ ოპოზიციის სისუსტეში, მის მიმართ ამომრჩევლის ნდობის დეფიციტშია, ხოლო ამ დეფიციტის შევსების გზა მოქალაქეების დარწმუნებაა დამაჯერებელი, პოზიტიური სტრატეგიის შეთავაზებით, თუ რა მოხდება არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, როგორ აისახება ეს რიგითი მოქალაქის ყოველდღიურ ყოფაზე არა განუსაზღვრელ მომავალში, არამედ უკვე დღეს.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ მაჟორტარული სისტემაა ის ძირითადი „კოზირი“, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხმების მაქსიმალურ მობილიზებას შეეცდება:

„ქართულ ოცნებას“ პრინციპულად არ აწყობს პროპორციული სისტემა, რადგან ასეთ შემთხვევაში მას შესაძლოა, უკეთეს შემთვევაში, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწიოს. ამიტომ ის ეჭიდება მაჟორიტარულ კომპონენტს. მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდება. პარტიულად მას ჯერ–ჯერობით ყველაზე მეტი ხმის მობილიზება შეუძლია და ამის გამო აქვს შესაძლებლობა, ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატები გაიყვანოს“.

სოციოლოგის დაკვირვებით, იმისთვის, რომ შერეულმა სისტემამ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავოს, ორი ძირითადი რესურსი აქვს:

ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები საერთო კანდიდატებზე ვერ უნდა შეთანხმდნენ;

„ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მტრის ხატის „კარტის“ გათამაშება.

„რა საკვირველია, ამომრჩეველთა ნეგატიური მობილიზაცია იმ ძალით ვერ იმუშავებს, როგორც ადრე მოხდა, მაგრამ თუ ოპოზიციური ფლანგი დაიქსაქსება და მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება არა გაერთიანებული ოპოზიცია, არამედ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“, „მტრის ხატის“ სტრატეგია ისევ იმუშავებს“,– ამბობს „აქცენტთან" საუბრისას სოციოლოგი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ სადღეისოდ „ქართული ოცნების“ ძალა მხოლოდ კრიზისის განცდაში – ერთად ყოფნის აუცილებლობაშია და ვინაიდან საზოგადოებას, რომელიც პრობლემებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებს, ენმ–ის სიძულვილის გარდა, ვერაფერს სთავაზობს, ვერც 2020 წლის აჩევნების გაყალბების მცდელობას გამოვრიცხავთ:

„არ გამოვრიცხავ, რომ პირველად „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, დღის წესრიგში დადგეს არჩევნების არალეგიტიმურობისკენ სწრაფვა, „რა დროს ლეგიტიმურობაა, თავი უნდა გადავირჩინოთო“. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, თუმცა პირობითად რომ ვთქვათ, 90 000–მა კაცმა აიღო ფული, ზურაბიშვილს კი ხმა 10 000–მა მისცა. ვეჭვობ, ფულის ხარჯვამ ამჟამად ისე იმუშავოს, როგორც 2012 წელს. 2019 წლის 14 ნოემბრის [„ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი] და მით უფრო უგულავას საქმის შემდეგ, როდესაც მოსამართლე თადუმაძემ პროკურორ თადუმაძის საქმე განიხილა, ყველაფერს ვუშვებ. ისიც კი ვერ მოახერხეს, საქმე სხვა მოსამართლეს განეხილა. როდესაც მსგავს ნაბიჯებზე მიდიან, გაყალბებაზეც წავლენ და დარწმუნებული ვარ, გაყალბების სხვადასხვა სქემებზე მუშაობენ“.

ზაქარეიშვილი ამის საპირწონე რესურსს ქართველი ამომრჩევლის გონიერებაში ხედავს, მით უფრო, რომ მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ – „გავრილოვის ღამიდან“ მოყოლებული, ფატალური შეცდომები დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“:

„ყოველთვის მაოცებდა საქართველოს მოსახლეობის გონიერება კრიტიკულ მომენტში. მაგალითად, კომუნისტების დროს მათ აირჩიეს არაკომუნისტური ძალა – ზვიად გამსახურდია. ეს სწორი იყო თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ თამამი ნაბიჯი გადადგეს. შემდეგ გაილაშქრეს შევარდნაძის და სააკაშვილის წინააღმდეგ. პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ არ ვართ ვიღაცის ჩრდილში. დღეს ქართველები, კარგი თუ ცუდი გაგებით, პირისპირ დარჩნენ სანაგვე ყუთთან, იქიდან უნდა ამოქექონ სასარგებლო და ეს კარგის ნიშანია. ეს იქნება ქართველი ხალხის გამოცდა, როგორ გადაანაწილებენ ხმებს და იმედია, ხმას არ მისცემენ ძალას, რომელმაც მათი პრობლემა ვერ გამოასწორა, ანუ „ქართულ ოცნებას“. ამდენად, რესურსს მაინც ამომრჩევლის გონიერებაში ვხედავ, - რომ არ გაყიდის ხმას, არ გააყალბებინებს, წავა და თუნდაც ჩემთვის მიუღებელ პარტიას მისცემს ხმას, მაგრამ მისთვის გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ, არჩევანი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვაკეთებ მას. მგონია, რომ ამ არჩევნების შემდეგ დადგება ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამდენად, ამ არჩევნების - არა, მაგრამ შემდეგი არჩევნების იმედი ნამდვილად მაქვს“.

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის დაკვირვებით, მუდმივი დაძაბულობის განცდამ შესაძლოა, მმართველ გუნდს ძალაუფლების შენარჩუნების შანსები მისცეს.

შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ის ხელისუფლების დაბალანსების შესაძლებლობას არჩევნების შესაძლო შედეგებში ხედავს, თუ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს უმრავლესობას და იძულებითი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ „ოპოზიციურ სპექტრში გამოჩნდეს სხვა ნაკადი, რომელიც შესაძლოა, იქცეს მიზიდულობის ცენტრად“. მსგავს რესურსს ის „ლელოშიც“ ხედავს:

„იქცევს ყურადღებას ბევრი ფაქტორით: ახალი სახეებია, რომლებიც ნაკლებად არიან გასვრილები პოლიტიკური თვალსაზრისით. ვისურვებდი, რომ მათ არჩევნებში წარმატება ჰქონდეთ, რადგან მენეჯერული თვალსაზრისით სერიოზული გამოცდილება აქვთ არა რუსეთში ან სადმე სხვაგან, არამედ საქართველოში, კარგად იცნობენ ქართულ ეკონომიკას. ერთადერთი სისტემა, რომელიც საქართველოში გამართულად, სერიოზულად მუშაობს, საბანკო სისტემაა, რომელმაც ქვეყნიდანაც გააღწია. TBC ბანკმა შუა აზიაშიც დაიწყო მოქმედება. არ არსებობს ეკონომიკა გამართული საბანკო სისტემის გარეშე. მეორეც, „ტროლების“ რეპლიკებში საოცარ კომენტარებს წააწყდებით და გინდა, აუხსნა ადამიანს, რომ ბანკი მონასტერი არაა, ბიზნესმენისგან ბერის მორალი არ უნდა მოითხოვო, ასე არ იმართება საფინანსო სისტემა. „ლელოს“ აქვს შანსი, საზოგადოებას დაანახოს ახალი ქართული იდეა, ახალი პროექტი იგივე ანაკლიის პორტის სახით. მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლი დაეცა, ჩვენ დავკარგეთ კავშირები ევროპის ქრისტიანულ სამყაროსთან, აღმოვჩნდით გეოპოლიტიკურ ჩიხში. ანაკლია სწორედ იმის საშუალებაა, რომ ჩვენ ეს ჩიხი გავარღვიოთ. სწორედ ამიტომ არ უნდათ ეს რუსებს. მათ ურჩევნიათ, ვიყოთ იმპერიის ეგზოტიკური დანამატი მწვადითა და ხაჭაპურით. თუ „ლელო“ შეძლებს პოზიციონირებას, რომელსაც მოაქვს საფუძვლიანი იმედი, წარმატება სერიოზული იქნება და ამისთვის მუშაობაა საჭირო“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები