
ამერიკამ პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნა
14/11/2024 10:28:08 მსოფლიო
აშშ–მა პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნა.
ობიექტი აღჭურვილია აშშ-ის საზღვაო ძალების თანამედროვე "Aegis Ashore"–ს სისტემით, რომელსაც შეუძლია, აღმოაჩინოს, თვალყური ადევნოს და გაანადგუროს ბალისტიკური რაკეტები მათი ფრენის საწყის ეტაპზევე. ეს არის "Aegis Ashore"-ს რიგით მეორე სახმელეთო ობიექტი ევროპაში. კიდევ ერთი ასეთი სისტემა მდებარეობს რუმინეთის დასახლება დევესელუსთან. ეს ბაზა ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2016 წელს შევიდა.
რას ამბობენ პოლონელი ოფიციალური პირები
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც რეძიკოვოში ბაზის გახსნის ცერემონიას აშშ-ის ელჩსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ, აღნიშნეს რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც აძლიერებს აშშ-ის ერთგულებას ევროპის უსაფრთხოების მიმართ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
"ეს ნაბიჯი აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ ეს რუსეთის გავლენის სფერო აღარ არის", – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა ყველას ნათლად აჩვენა, რა მნიშვნელობა აქვს სათანადო საჰაერო თავდაცვას.
„რეძიკოვოს ბაზა ნიშნავს ამერიკელი და მოკავშირე ჯარების მუდმივ წარმოდგენილობას პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. პოლონეთისთვის ეს სტრატეგიული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა 1989 წლის შემდეგ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
რას ამბობენ კრემლში
როგორც კრემლში აცხადებენ, რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბაზის ექსპლუატაციაში შესვლა არის რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეკავების მცდელობა.
„ეს არის ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის წინსვლა ევროპის ტერიტორიაზე, ჩვენს საზღვრებთან. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი პოტენციალის შეკავების მცდელობა. და, რა თქმა უნდა, ეს იწვევს შესაბამისი ზომების მიღებას პარიტეტის უზრუნველსაყოფად“, - დასძინა პესკოვმა.
რეძიკოვოს ბაზის ისტორია
ამ ბაზის გახსნა თავდაპირველად 2000-იანი წლებში დაიგეგმა. კერძოდ, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში შემუშავდა შესაბამისი გეგმა.
"იმჟამად მიზეზად "ირანის ბალისტიკური საფრთხეებისგან ევროპის დაცვა" დასახელდა. თუმცა პოლონეთის ხელისუფლება ამ ბაზას ყოველთვის განიხილავდა, როგორც აშშ–სგან დაცვის საშუალებად რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხევაში. ეს შიში რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშატაბიანი შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა", – იუწყება The Associated Press.
ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული გეგმა შემდგომში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა. ბაზის აშენება 2016 წელს დაიწყო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021