აფხაზური ოპოზიციური ლიდერის ე.წ. საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბს დე ფაქტო ექს–პრეზიდენტი ანქვაბი უხელმძღვანელებს

13-02-2020 10:30:47 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ექს–პრეზიდენტი, აფხაზური ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე ანქვაბი „პრეზიდენტობის“ ოპოზიციონერ კანდიდატ ასლან ბჟანიას და „ვიცე–პრეზიდენტობის“ კანდიდატ ბადრი გუმბას ე.წ. საარჩევნო შტაბს ჩაუდგა სათავეში.

აფხაზური მედიის ცნობით, შტაბის პირველი სხდომა 12 თებერვალს ჩატარდა და მასზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ცნობისთვის: წინასაარჩევნო პერიოდში, 2019 წის 18 აპრილს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი დაცვის ორ წევრთან ერთად, ერთნაირი სიმპტომატიკით სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. გაჩნდა ეჭვი მათი განზრახ მოწამლვის თაობაზე. 20 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანა მოითხოვეს. დე ფაქტო პარლამენტმა გადატანას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის უვადო აქცია გამოაცხადა. 21 მაისს ოპოზიციასა და დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოსთვის გადაიტანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასლან ბჟანიამ მათში მონაწილეობა ვერ შეძლო და კვლავ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. 5 ივნისს ბჟანია გერმანიაში გადააფრინეს, სადაც მან მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი განაგრძო, 11 ოქტომბერს კი იგი კვლავ მოსკოვში დააბრუნეს. ასლან ბჟანია სოხუმში მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში დაბრუნდა და ახლა მზადაა, ხელახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც პროტექტის ფონზე რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ დაინიშნა.

რაც შეეხება ალექსანდრე ანქვაბს, იგი დე ფაქტო პრეზიდენტად 2011 წელს აირჩიეს, ხოლო 2014 წლის 1 ივნისს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამას საპროტესტო აქციები უძღოდა წინ. თავის საგანგებო განცხადებაში ანქვაბმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“ მიიღო და ოპოზიცია არეულობის დაწყებაში დაადანაშაულა: „ოპონენტების ინტერესი თანამდებობების დანაწილება და არა რეფორმებიაო“. მაშინ არაერთგზის აღინიშნა, რომ ანქვაბი :დაუშვებელ ლმობიერებას იჩენდა გალის რაიონის ქართველობის მიმართ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები