ვისზე მუშაობს დრო

15-11-2024 18:05:17 პოლიტიკა ,ინტერვიუ

ირონიაა, რომ როდესაც საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დადგა, მაშინ დავიწყეთ უკუსვლა,- წუხს „აქცენტთან“ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია და ეჭვობს, საქართველოში ძირეული ცვლილებების გარეშე ევროკავშირმა დიდხანს შეინარჩუნოს ქვეყნის მიმართ ინტერესი. ის თვლის, რომ უახლოესი პერიოდი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს, მათ შორის, საქართველოს განვითარების ტრაექტორიას.

- ბატონო კორნელი, არჩევნებიდან თითქმის სამი კვირა გავიდა და შევედით ვითარებაში, რომელსაც პრეზიდენტმა პოლიტიკური კრიზისი უწოდა. ოპოზიცია ძირითადად ორ მიმართულებაზეა კონცენტრირებული - პროტესტი და მუშაობა პარტნიორებთან, რათა მიაღწიოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ჯერ-ჯერობით არ ამჟღავნებს სიმპტომებს, რომ განიცდის დისკომფორტს ამგვარი ვითარებით, როგორც ჩანს, მზაობაც ჰქონდა და თავისი გეგმებით არის წარმოდგენილი - საბოლოო შედეგების გამოცხადება, პარლამენტის შეკრება, მთავრობის დამტკიცება და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ვისზე მუშაობს დრო?

- დრო ნამდვილად არ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის წინააღმდეგ. რაც უფრო გადის დრო და მყარდება სტატუს-კვო, მით უფრო რთული იქნება შემდეგ დამოკიდებულების ცვლილება. მართალია, ხელისუფლება არ იმჩნევს, მაგრამ მას აქვს სერიოზული პრობლემა - ლეგიტიმურობის პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება მაინც აკვირდება, რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით - ეს ორივე ფაქტორი ერთმანეთზეა დამოკიდებული: თუ შიდა ზეწოლა არ იქნება, შესაძლოა, გარე ზეწოლა ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდეს. იმავდროულად, შიდა აქტორებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ზეწოლა. ამ ვითარებამ კულმინაციას უნდა მიაღწიოს დაახლოებით, საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ. მაგრამ თუ მაგალითად, ახალ წლამდე მივედით ისე, რომ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, უნდა ჩავთვალოთ, რომ შემდეგ ბევრი არც არაფერი შეიცვლება - ოპოზიციას გადაწყობა მოუწევს. ვფიქრობ, თავიდანვე უნდა ყოფილიყო მუშაობა, რათა ექსპერტები ჩართულიყვნენ, იგივე ევროკავშირის მხრიდან არჩევნების სამართლიანობის შეფასების პროცესში და ამ თვალსაზრისით დაიკარგა დრო. არ მგონია, მხოლოდ ოპოზიციის მიერ თავმოყრილი დოკუმენტაცია იყოს საკმარისი საერთაშორისო დამოკიდებულების შესაცვლელად. ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. შუალედურ დასკვნაში ისინი ამბობენ, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, თუმცა როგორც ევროკავშირი მიუთითებს, არც საპირისპირო უთქვამთ. თუ საბოლოო დასკვნა იქნება კრიტიკული, ამას ექნება რეზონანსი საერთაშორისო თვალსაზრისით. იგივე საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის აგებაც შესაძლებელია მასზე, რადგან არავის აქვს მოლოდინი, რომ ეროვნულ დონეზე ჩატარდება ობიექტური გამოძიება, ხოლო კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო სამართლებრივი გზა, მათ შორის, ხელისუფლებისთვის (რომელიც აცხადებს, რომ ღიაობის მომხრეა), სწორედ ეს იქნება. მათ ინტერესშია, ითანამშრომლონ საერთაშორისო ჯგუფთან, რათა ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლონ. თუ არ ითანამშრომლებენ, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ეჭვებს და გაართულებს მათ მდგომარეობას, რადგან საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც უკვე იმყოფებიან, კიდევ უფრო გაღრმავდება და შესაძლოა, შეუქცევადიც გახდეს. ამის მკაფიო ნიშანი იყო იგივე პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ლიდერს შეხვდა და იქვე მოისმინა კრიტიკა. ეს სახიფათოა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

- მიუხედავად ამისა, პოლიტიკის ცვლილების მზაობა არ შეინიშნება. ერთადერთი, აშშ-ის მიმართ შეწყდა ხისტი პოზიციონირება, იგრძნობა, რომ „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებს იმედებს, მაგრამ ევროპელი ლიდერების მისამართით გრძელდება იგივე მძიმე რიტორიკა. რა შთაბეჭდილება გრჩებათ, მაინც რისი იმედი აქვთ?

- მათ შესაძლოა, ამგვარი პოზა ჰქონდეთ, მაგრამ თავადაც კარგად ესმით, რომ ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმურობაც არ არის აღიარებული არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, ძალიან მოწყვლადია.

თუ დავაკვირდებით საერთაშორისო განცხადებებს, მოთხოვნაა, პირველ რიგში გაუქმდეს სადავო კანონები და პრინციპში, ხელისუფლება მზადაც არის ამ მიმართულებით - ამაზე ირაკლი კობახიძემაც მიანიშნა. შესაძლოა, თვლიან, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამას დასთანხმდება, მაგრამ პრობლემა გაცილებით ღრმაა: სადავო კანონები რომც გაუქმდეს, ყველას ესმის, რომ არც ბიძინა ივანიშვილი გახდება დემოკრატი და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამდენად, თუ ამჯერად ეს გაუვიდათ, ცხადია, რომ იგივე პოლიტიკას გააგრძელებენ. საკითხი დგას შემდეგნაირად - რამდენად მზად არის ევროკავშირი, იგივე დასავლეთი, მიიღოს ავტორიტარული, ნახევრად ლეგიტიმური ხელისუფლება და რამდენად მზადაა, ითანამშრომლოს ერთპარტიულ პარლამენტთან, რომელიც ვერ აერთიანებს ერს? ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია და ეს ჩანს. ეს არის სისუსტე, რომლითაც ხეირობს რუსეთი - რაც უფრო დანაწევრებულია საქართველო, პოლარიზებული, რასაც ხელისუფლება უწყობს ხელს, მით უფრო ადვილია რუსული გავლენების გაძლიერება. ამ შემთხვევაში დასავლეთმა უნდა გადაწყვიტოს, აღიაროს ავტორიტარულ გზაზე შემდგარი ხელისუფლება, ითანამშრომლოს მასთან, როგორც მაგალითად, აზერბაიჯანთან და სხვებთან, თუ დაადგეს ალტერნატიულ გზას, როგორც მოიქცა ბელარუსის შემთხვევაში და დაიწყოს მის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება?! ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც არსებობს რისკები - ეს ხელს ხომ არ შეუწყობს პირდაპირ რუსეთისკენ ბიძგის მიცემას?! ამ დისკუსიაშია ევროკავშირი და ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. იგივე პროცესია აშშ-ს შემთხვევაშიც. მას უფრო ადვილად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება რეგიონის მიმართ ინტერესზე. "ქართული ოცნებიდან", დარწმუნებული ვარ, ლობისტების მეშვეობით ცდილობენ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების „დალაგებას“, რაც ტრამპის წინა ადმინისტრაციის პირობებში არ გამოუვიდათ. თუ ამჯერად „დაალაგეს“, ფიქრობენ, რომ ევროპაც მეტ-ნაკლებად მიჰყვება ამ გზას. ეს როგორ მოხდება, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ამგვარი პოლიტიკით წინ ვერ წავიწევთ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩამორჩენა გაღრმავდება და მთელი ტვირთი გადმოვა შიდა პროცესებზე და მასზე იქნება დამოკიდებული გარე რეაქციაც.

- რთული წარმოსადგენია, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ ესმოდეთ შემოთავაზებული პოლიტიკით ევროკავშირში ინტეგრაციის შეუძლებლობა. შესაბამისად, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ინტეგრაცია პრიორიტეტი არ არის. მეორეს მხრივ, არც ურთიერთობების გაწყვეტაა მათ ინტერესში - თუ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, სოციალური კრიზისის შექმნა მათთვის საფრთხეა. ამასთან, მუდმივად მახვილდება ყურადღება ე.წ. შუა დერეფანზე, რომლის ნაწილიც საქართველოცაა და მის მიმართ ევროკავშირის ინტერესზე. თქვენ აზერბაიჯანი ახსენეთ და ხომ არ არის მიზანი იმგვარ ურთიერთობებში თავის ამოყოფა, როგორიც ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს?

- აქ მნიშვნელოვანი სხვაობებია:

  • უპირველესად, იმისთვის, რომ ამ დერეფანმა იმუშაოს, საჭიროა ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა - როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. თუ ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა არ ექნებათ და იზოლაციაში ამოყოფენ თავს, ეს დერეფანი ვერ იმუშავებს ისე, როგორც წარმოუდგენიათ: თავიდანვე იდეა შემდეგში მდგომარეობდა, რომ ჩვენ უნდა გაგვეერთიანებინა ევროკავშირის და ჩინეთის ინტერესები. თუ ერთ-ერთთან გაუცხოება მოხდა, რასაც ვადევნებთ თვალს, ბუნებრივია, ეს დერეფნის ეფექტურობაზეც იქონიებს გავლენას. იგივე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რა თანხებით უნდა აშენდეს, ეს არავინ იცის! მაღალია ალბათობა, რომ ჩინელები ინვესტიციას არ ჩადებენ და არის მოლოდინი, თითქოს ევროკავშირი დააფინანსებს, მაგრამ რატომ დააფინანსებს, თუ ქვეყნის მიმართ ინტერესი არ იქნება, მეტიც, თუ იცის, რომ ავტორიტარული, რუსული გავლენების ქვეშაა ქვეყანა?!
  • მეორე - ევროკავშირს საქართველოს მიმართებით აზერბაიჯანისგან განსხვავებული დამოკიდებულება ექნება, რადგან ამ ქვეყანას ოფიციალურად ჯერ კიდევ აქვს კანდიდატის სტატუსი - ინსტიტუციურად რჩება ევროკავშირის გავლენის ქვეშ და მიდგომა უფრო კრიტიკული იქნება.
  • აზერბაიჯანს აქვს ბუნებრივი რესურსები - ნავთობი, გაზი. საქართველო დამოკიდებულია საერთაშორისო პარტნიორებზე უსაფრთხოების, ეკონომიკური, მდგრადობის თვალსაზრისით. იმისთვის, რომ აწარმოო პოლიტიკა, როგორი რიტორიკაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, მინიმუმ, თურქეთის დონის სახელმწიფო უნდა იყო - თვითკმარი. “ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ვინაიდან საერთაშორისო კონიუნქტურა მცირედით შეიცვალა (გამოწვევებია აშშ-ში და ა.შ.), ისარგებლონ ამით, თავიანთი თამაშის წესები მოახვიონ დანარჩენებს და ამ განსხვავებებზე ითამაშონ, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო თამაშია! მაგალითად, უნგრეთს მსგავსი ფუფუნება აქვს, რადგან უკვე არის ევროკავშირის და ნატოს წევრი; თურქეთიც იმავეს აკეთებს, მაგრამ ის ნატოს წევრია, ჰყავს უძლიერესი არმია, მისი ზომა და წონა საერთაშორისო პოლიტიკაში სხვაა; აზერბაიჯანს თამაშის უფლებას აძლევს გაზი, ნავთობი და თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობები. საქართველოს რა აქვს? საქართველო მცირე, სუსტი სახელმწიფოა, მისი უსაფრთხოება 32 წლის განმავლობაში ემყარებოდა დასავლური ინტეგრაციის პროცესს და როდესაც ამაზე უარს ამბობს, თანმდევ რისკებს ვინ დააზღვევს? როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მიზანია, საქართველო იმდენად დაამსგავსოს რუსეთს იდეოლოგიურად, რომ რუსეთს ძალის გამოყენების ინტერესი არ ჰქონდეს.

- მაგრამ თქვენც ამბობთ, რომ ევროკავშირშიც კითხვის ნიშანია, როგორი პოლიტიკა არჩიონ - უფრო ხისტი, რამაც შესაძლოა, ქვეყანას რუსეთისკენ უბიძგოს, თუ...

- ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ექნება, რა მოხდება უახლოესი კვირების განმავლობაში ქვეყანაში. თუ სიტუაცია წავიდა ხელისუფლების მხრიდან გამწვავების გზით, ითქვა კიდეც, რომ მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება. სანქციების მიღება გაჭირდება, რადგან კონსენსუსია საჭირო, მაგრამ პერსონალური სანქციები და სხვა შემზღუდავი ზომები მაღალი ალბათობით, იქნება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იზოლაციის პროცესი დაწყებულია და კიდევ უფრო გაღრმავდება. უკვე საერთაშორისო კონფერენციებზეც იგრძნობა, რომ ჩვენ ადგილს ნელ-ნელა სომხეთი იკავებს - ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ ყველა დონეზე თავი წარმოაჩინონ ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში. მოვლენათა მსგავსი განვითარების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ უფრო რეპრესიული გახდება - მედიასაც შეუტევს, სამოქალაქო საზოგადოებასაც, ოპოზიციას - საბოლოო ჯამში ეს მათ რას მისცემს ვერ გეტყვით, მაგრამ მათი პოლიტიკის ლოგიკიდან ეს იკითხება.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი იგივე გეოგრაფიული მდებარეობიდან და ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე არ არის იმ დონის, როგორსაც ვისურვებდით. საქართველოში თუ არ იქნება დემოკრატია, ეს ინტერესი, მაღალია რისკი, რომ საერთოდ, შენელდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ათეულობით წლები დასჭირდა, საქართველოს საკითხს შეეღწია ევროპულ წამყვან ჯგუფებში. ირონიაა, რომ როდესაც საკითხი დღის წესრიგში დადგა, მაშინ დავიწყეთ უკუსვლა და იმ ხალხს, ვინც აქამდეც ეჭვით უყურებდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, მეტი საბაბი მივეცით. ამდენად, არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ საქართველოში ძირეული ცვლილებები არ მოხდება, ევროკავშირმა დიდხანს შეინარჩუნოს ინტერესი. საუკეთესო შემთხვევაში, ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს ისევე, როგორც თურქეთთან, რომელსაც დიდი ხანია, აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არავითარი შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი თუ იქაც არ მოხდა დემოკრატიული ცვლილებები.

ასევე ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს, როგორ დამთავრდება უკრაინაში რუსეთის ომი, რა პოლიტიკას გაატარებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამას უახლოეს თვეებში ვნახავთ. ამ კვანძის გახსნა ბევრ რამეს გადაწყვეტს, მათ შორის, ჩვენს ადგილს - ვიქნებით ჩვენ ევროპასთან, მის გარეთ, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ დავრჩებით - ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები