რა ინტერესი აქვს აშშ-ს საქართველოში და გვაქვს თუ არა გაბუტვის საფუძველი

13-02-2020 18:18:37 საგარეო პოლიტიკა ,ანალიზი

აშშ–დან წამოსული მწვავე კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს მმარველ გუნდში ტრადიციულად ჯერ კონგრესმენების თავების დათვლა დაიწყეს, შემდეგ კი გაჩნდა გზავნილი, «სუვერენული სახელმწიფო ვართო“. თითქოს ისეთი არც არაფერი უთქვამთ: ქვეყნის სუვერენიტეტი მის სრულ დამოუკიდებლობას გულისხმობს, მის გარეშე ქვეყანა სხვა სახელმწიფოს ნაწილს ან კოლონიას წარმოადგენს, საქართველო კი საერთაშორისო სამართლის სუბიექტია. რამდენად ვახორციელებთ ჩვენს სუვერენიტეტს რეალურად, თან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და რატომ – ეს სხვა საკითხია და ამ შემთხვევაში მასზე ყურადღებას არ გავამახვილებთ. უბრალოდ მმარველი გუნდის რიგ წარმომადგენლებს კომინტირებისას „დაავიწყდათ“, ისიც ეხსენებინათ, რომ პარტნიორობა ორმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს; რომ საქართველო საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მონაწილეა, რაც მას ვალდებულებებსაც აკისრებს და არა მხოლოდ სარგებლის მიღების ფუფუნებას ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით; რომ კრიტიკულ შენიშნვებში დემოკრატიული გზიდან გადახვევის საშიშროებაზეა საუბარი და არა იმაზე, ვთქვათ, როგორი საგადასახადო კოდექსი უნდა ფუნქციონირებდეს ქვეყანაში.

და მაინც, უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ მზარდი კრიტიკის არსს და მოსალოდნელ ხიფათს, მივყვეთ თანმიმდევრულად.

ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში და რატომ სჭირდება საქართველოს ძლიერი პარტნიორები?

ამასწინათ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, „საქართველო არ არის შვეიცარია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აქ გეოპოლიტიკა თამაშობს როლს და საქართველოდან დასავლეთის გასვლა ავტომატურად ნიშნავს რუსეთის დაბრუნებას, დემოკრატიაზე უარის თქმას კი დასავლეთი არ მიიღებსო“. რატომ დგას საკითხი ასე სუვერენული სახელმწიფოსთვის?

პასუხად საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე რუსულ ეროვნულ პროექტს გვახსენებს:

„ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც ძალიერი პარტნიორის გარეშე საუკეთესო შემთხვევაში, გადარჩენის ძალიან ცოტა შანსები გვაქვს და ისიც - თუ ვინმეს სატელიტი ვიქნებით: ვართ პოსტსაბჭოთა რეგიონი, სადაც ერთპიროვნული ჰეგემონი რუსეთის ფედერაციაა. გახსოვთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, „საბჭოთა კავირის დაშლა მე–20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფააო“... თუ მისი თვალით შევხედავთ, დიახ, საბჭოთა კავირის დაშლა რუსეთისთვის არის გეოპოლიტიკური კატასტროფა, რადგან პოლიტიკური რუქიდან გაქრა რუსეთის იმპერია – ის, რისი შექმნაც ჯერ კიდევ პეტრე პირველმა დაიწყო 1907 წელს. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ იმპერიის დაშლა კატასტროფაა, იკითხება კიდეც თანამედროვე რუსეთის ეროვნული პროექტი, - რომ გავლენები, რომელიც დაკარგეს, უნდა რეანიმირდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და იდეა, გადავრჩეთ, როგორც სუვერენული ქვეყანა, წინააღმდეგობაში მოდის რუსულ ეროვნულ პროექტთან. ანუ, ვინმეს პოლიტიკურ განცხადებებზე კი არ არის დამოკიდებული ქართულ–რუსული კონფრონტაცია, ეს ისტორიული განზომილებაა. რუსული პროექტის წარმატების შემთხვევაში ყველაზე მეტი, რაც ჩვენ შეიძლება, მივიღოთ, არის ქაღალდზე დაწერილი დამოუკიდებლობა და ახალი ტიპის კოლონიის სტატუსი“.

მისივე თქმით, ეფექტური წინააღმდეგობისთვის საქართველოს წარმატება სჭირდება:

„ჩვენ არ ვართ იმ რესურსების ქვეყანა, რომ მაგალითად, რუსეთს ერთი–ერთზე დავხვდეთ სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კომპონენტით. გადარჩენა ძალიან გაგვიჭირდება და უახლესი ისტორიის მანძილზე ბევრი მაგალითიც გვაქვს. გავიხსენოთ თუნდაც 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულება: ვიყავით ერთი–ერთზე და ცხინვალთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა იმით, რომ მივიღეთ შერეული საკონტროლო კომისია და შერეული სამშვიდობო ძალები სამი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და რუსეთი) ერთის (საქართველო) წინააღმდეგ. ამან კი მოიტანა ის, რომ კონფლიქტი, რომელიც ყოფით დონეზე იყო მოგვარებადი, ვერ მოგვარდა და მივიდით კიდევ 2008 წლამდე“.

რა არის დემოკრატია და რატომ სჭირდება ის საქართველოს?

გობრონიძე მონღოლეთის მაგალითით დაინტერესებას გვირჩევს:

„2-მილიონიანი ქვეყანა, მოქცეული რუსეთსა და ჩინეთს შორის, გადარჩა პოლიტიკური ნებით: მათ სურდათ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ კი, რეგიონში, სადაც ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს, თურქეთის გარდა, ყველა მეზობელთან საზღვრები გვაქვს დაუდგენელი, გვჭირდება სულ მცირე, სტაბილური განვითარების გარანტიები და შესაძლებლობები, რაც სწორედ დასავლური ინსტიტუტებიდან და იგივე აშშ–დან მოდის. მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ ჩვენთვის ნატო–ში, ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპასა და ამერიკასთან თანამშრომლობა რაღაც თვითმიზანი კი არაა, არამედ სრულფასოვანი არსებობის საშუალებაა. საქართველოს ინტერესებზე საუბრის კონტექსტში არ მაინტერესებს, რა შეიძლება, სჭირდებოდეს გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს და გერმანიას. მაინტერესებს, რა სჭირდება საქართველოს. ის ცხოვრება, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანშია, ნამდვილად არ არის ის, რასაც სომეხი და აზერბაიჯანელი ერი იმსახურებს. ისინიც და ქართველებიც ვიმსახურებთ გაცილებით მეტს, ვიდრე გვაქვს“.

მისივე თქმით, დემოკრატია სულ მცირე, პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიაა, რომ ხელისუფლების ცვლილება ხდებოდეს კონსტიტუციური გზით, საარჩევნო ყუთთან, რომ ყოველი წინასაარჩევნო პერიოდი «მეორედ მოსვლის» ნიშნების შეგროვებას არ ჰგავდეს, რომ ქვეყანა ლამის სამოქალაქო ომის ზღვარზე არ მიდიოდეს, პოლიტიკურ სტაბილურობას კი, თავის მხრივ, ეკონომიკური სტბილურობა მოაქვს:

„თქვენ რომ ინვესტორი იყოთ, ჩადებდით ფულს ისეთ სახლწიფოში, რომელიც დღიდან დღემდე სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას და რომლის დედაქალაქიდან 40–იოდე კილომეტრში საოკუპაციო არმიაა მობილიზებული? გვაქვს კიდეც შედეგები: სუსტი ინვესტიციები, არ ვითარდება გრძელვადიანი ეკონომიკური პროექტები, წარმოება სუსტია. სახელმწიფოდ შედგომისთვის გვჭირდება დემოკრატია, თორემ ცივილიზებული მსოფლიოსთვის შესაძლოა, მისაღები ვიყოთ ისეთიც, როგორიც თურდაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა და შესაბამისადაც მოგვექცევიან. დემოკრატია იმისთვისაც გვჭირდება, რომ გვექცეოდნენ როგორც თანასწორს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გვინდა, მოგვექცნენ: კონგოსავით, ჩრდილოეთ კორეასავით, რუსეთივით, ბელორუსიასავით, თუ ბელგიასავით“.

რა რესურსებს ხარჯავს აშშ საქართველოში

1992-დან 2020 წლის ჩათვლით დახმარების სახით სხვადასხვა მიზნისთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ აშშ–ის „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშშია საუბარი. ირკვევა, რომ 28 წლის განმავლობაში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორისგან 4 348 400 000 $ მიიღო. ანალიტიკოსების დათვლით, ამ სახის დახმარებით საქართველო მეორე ადგილზეა ისრაელის შემდეგ.

CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.

1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. ეს წელიწადში საშუალოდ $96 მილიონია.

დეკადის ბოლო ნაწილში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება გაზარდეს - საზღვრისა და საზღვაო დაცვის გაუმჯობესებისთვის. ამაში ასევე შევიდა სანაპირო დაცვის გაძლიერება და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანხები.

2000-იან წლებში ევროპასა და ევრაზიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში დახმარებების ჯამმა $ 945 მილიონს გადააჭარბა, რაც წელიწადში საშუალოდ, $135 მილიონია.

2005 წელს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს $295 მილიონიანი გრანტი გამოუყო. ხუთწლიანი გრანტი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის იყო გამიზნული.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაუზარდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ საქართველო იემენსა და ფილიპინებთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლის მეორე ეტაპის ნაწილად განიხილა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.

2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსადმი დახმარება არსებითად გაზარდა. ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოყო $38 მილიონი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების მიზნებისთვის.

2008 წლის სექტემბერში მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განცხადა, რომ საქართველოსთვის საერთო დახმარების პაკეტის ღირებულება მინიმუმ, 1 მილიარდი დოლარი იყო.

ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და $100 მილიონი, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფონდს დაემატა. ამით „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ხუთწლიანმა გრანტმა $395 მილიონს მიაღწია.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმღებად. 2010-2017 საბიუჯეტო წლების განმავლობაში არასამხედრო მიზნებისთვის ფინანსური დახმარება წლიურად საშუალოდ $60 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, 2014-2019 წლებში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს 5-წლიანი გრანტი - $140 მილიონი გამოუყო, რომელიც ძირითადად საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

2018 წელს საქართველომ ამერიკისგან არასამხედრო მიზნებისთვის $70.8 მილიონი მიიღო.

2019 წელს ამერიკის კონგრესმა არასამხედრო მიზნებისთვის საქართველოს $89.8 მილიონი გამოუყო.

2020 ფისკალური წლისთვის, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის $42.4 მილიონი მოითხოვა. წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა რეკომენდებულ თანხად $89.8 მილიონი, ანუ გაორმაგებული ოდენობა განსაზღვრა.

რატომ აშფოთებს აშშ–ს და არ აშფოთებს რუსეთს საქართველოში მიმდინარე პროცესები?

«ძალიან საინტერესო იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ანგარიში, რომელშიც პოზიტიურადაა შეფასებული ჩვენი მართლმსაჯულების რეფორმა»,– იხსენებს გიორგი გობრონიძე და დასძენს, რომ „უკვე პარადოქსია, რუსეთი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებდეს“.

რაც შეეხება აშშ–ის მიერ რესურსების ხარჯვის მიზნებს და შეშფოთების საფუძვლებს, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი მათ რამდენიმე პუნქტად აყალიბებს:

  • დემოკრატიული რეჟიმები ერთმანეთთან საერთო ენას მარტივად პოულობენ;
  • ინტერესები კავკასიაში.

„აშშ, როგორც მსოფლიოში უპირობო ზესახელმწიფო, თავის ვალდებულებად მიიჩნევს, მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში ერთ–ერთი მთავარი არქიტექტორი იყოს. მეტიც, დემოკრატიული მშვიდობის თეორიიდან რომ გამოვიდეთ, მისთვის საინტერესოა მსოფლიოში მეტი დემოკრატიის არსებობა: დემოკრატიული რეჟიმები ერთმანეთთან საერთო ენას მარტივად პოულობენ. აშშ კავკასიის რეგიონში ხედავს მისთვის სტრატეგიული ინტერესის მიმართულებებს: იქნება ეს ტვირთების დერეფანი ცენტრალურ აზიასთან, ევროპული თანამეგობრობის ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბოლოს და ბოლოს, საქართველო რუსეთის სამხრეთ და ახლო აღოსავლეთის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მდებარეობს. შესაბამისად, მისთვის აქ ვითარდება თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა შესაძლოა, ორი მიმართულებით წავიდეს: ისე, როგორც ამერიკა–საუდის არაბეთის, მაგრამ საუდის არაბეთს რესურსი აქვს, ჩენ კი – არა და ამერიკა თავად გვთავაზობს რესურსს. თავადაც დაინტერესებულია, რომ მისი პარტნიორი იყოს სტაბილური, განვითარებული, არ იყოს ფეთქებადსაშიში, ეს კი წარმოშობს სანდოობასაც. და როცა იმას ვაკეთებთ, რასაც დღეს, რა თქმა უნდა, ეს შეშფოთების საფუძველი გახდება. უკაცრავად, რესურსებს რომ გვახარჯავენ, ეს შიდა საქმეებში ჩარევა არ არის და მხოლოდ მაშინ ხდება, კრიტიკა რომ ისმის?! ეს ხომ ცალმხრივ სიყვარულს ემსგავსება, რაც ძალიან არასწორი პროცესია საერთშორისო პოლიტიკისთვის“.

ახალი ამბები