აფხაზური რევოლუცია-3: რა იქნება ხვალ?

21-11-2024 16:55:50 კონფლიქტები

დადგა დრო, შევაჯამოთ, რა მოხდა აფხაზეთში და შევეცადოთ იმის პროგნოზირებას, რა იქნება შედგომში...

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ბჟანიას გადადგომა იმ პირობებით, რომლითაც ის განხორციელდა, ოპოზიციის გამარჯვებად ვერ შეფასდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, შეიძლება, სწორედ ასეთად გამოიყურებოდეს.

რა რეალური შედეგები გვაქვს ხელთ, ოპოზიციონერი ლიდერების საზეიმო განცხადებები რომ გვერდზე გადავდოთ? ბჟანია წავიდა. წავიდა გეგმიურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. ანუ, ეს წასვლა დიდად არაფერს ცვლის, რადგან ფორმალურად, წინასწარპროცედურულად, მას თანამდებობის დატოვება ყველა შემთხვევაში უწევდა, უბრალოდ ოდნავ უფრო ადრე მოუწია - თებერვლის ვადამდელ არჩევნებამდე ხომ სულ მცირე დრო რჩება....

ამასთან, ოპოზიციამ ვერ წაართვა ასლან ბჟანიას რეალური ძალაუფლების ყველა ბერკეტი: ადინისტრაციული რესურსი მნიშვნელოვანწილად მის მიმართ ერთგული დარჩა, „მთავრობა“ ადგილზეა, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მისი მოადგილეა და მისივე გუნდის წევრი, რაც მთავარია, არსად გამქრალან ძალოვანები - მართალია, როგორც ნოემბრის მოვლენებმა აჩვენა, უსარგებლონი, მაგრამ მაინც. დიახ, „პრემიერის“ მოვალეობის შემსრულებელი ბგანბა ოპოზიციის მიერ წარდგენილი კადრია, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ მართვის ფორმით აფხაზეთი მაინც საპრეზიდენტო რესპუბლიკაა...

ეს პირობები ძალზე არახელსაყრელია ოპოზიციისთვის, რადგან ასლან ბჟანიას თანამდებობაზე შედარებით უპრობლემოდ დაბრუნების გარანტიებს უქმნის. და ეს ახალი რეალობაა აფხაზეთისთვის.

ახალი - იმ გაგებით, რომ წინა ორ შემთხვევაში „ხელისუფლება“ უბრალოდ მიდიოდა, ტოვებდა მართვის სადავეებს ზედმეტი საუბრებისა და „კუდების“ გარეშე. ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა: არსობრივად, პროტესტანტებმა ვერ მოახერხეს, რეალურად გადაეყენებინათ ბჟანია და მისი გუნდი, რადგან მართვის სისტემა, მოლოდინების საპირისპიროდ, არ ჩამოიშალა.

ხელისუფლებების ლეგიტიმურობა არა იმ შენობებშია, რომელშიც ისინი სხედან: კანონიერად არჩეული "პრეზიდენტი" ტამიშშიც კი კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად რჩება და ის ფაქტი, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი არ ჩამოშლილა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას, აჩვენებს, რომ რეალურად, ოპოზიციამ დიდს ვერაფერს მიაღწია. „მთავრობისა“ და „პარლამენტის“ ცარიელი შენობების კონტროლი - ეს მხოლოდ და მხოლოდ შენობების კონტროლია, თუკი ამ დროს ყველა „სახელმწიფო“ სტრუქტურა მუშაობს და „მთავრობისა“ და „პრეზიდენტის“ ბრძანებებს ასრულებს. არსობრივად, სწორედ ესაა სიახლე, რომელიც ამჟამინდელ რევოლუციას წინა შემთხვევებისგან განასხვავებს.

მაღალი ალბათობით, გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ფორმალური გადადგომის მიუხედავად, ასლან ბჟანიამ აფხაზეთზე ფაქტობრივი კონტროლის შენარჩუნება შეძლო, ითამაშა რუსეთის ცალსახა პოზიციამ: „ასლან ბჟანიას მოწინააღმდეგეები არიან დასავლეთის მიერ მართული რადიკალები, ექსტრემისტები, რომლებიც ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ და არღვევენ საკონსტიტუციო წყობის საფუძვლებს“ - ასეთი იყო როგორც რუსეთის ხელისუფლბის წარმომადგენლების, ისე კრემლის პროპაგანდისტი ანალიტიკოსების ლეიტმოტივი.

ოპოზიციის თავში „საკონტროლო გასროლის“ როლი კი შეასრულა პრეზიდენტ პუტინის მიერ ასლან ბჟანიას მიწვევამ 2025 წლის 9 მაისისთვის მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე. რა აუცილებლობა იყო, ამ მიწვევას 9 მაისამდე ნახევარი წლით ადრე გაეჟღერა?! - ნათელია, რომ რეალურად, 9 მაისი აქ არაფერ შუაშია და ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის ღია სიგნალი აფხაზი ხალხისადმი - "ბჟანია ჩემი „კადრია“ და თუ პრობლემები არ გსურთ, მხარს მას დაუჭერთო"...

მაგრამ ეს ყველაფერი - აქ და ეხლა. რას ველოდოთ შემდგომში?

უპირველესად, მომავალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ბინძური იქნება აფხაზეთის ისტორიაში. გამოყენებული იქნება ყველაფერი - მოსყიდვაც, დაშინებაც, ადმინისტრაციული რესურსიც, ადგილობრივი საზომით გიგანტური თანხაც, რომელსაც მოსკოვი არჩევნების საყიდლად გამოყოფს.

გინდათ, წინასწარ შეიტყოთ, რა სახე ექნება ამ ყველაფერს? - დაინტერესდით ამასწინანდელი ქართული არჩევნებით: ეს სწორედ ისაა, რაც აფხაზებს შემდეგ არჩევნებზე ელით...

რუსეთი და ადგილობრივი მმართველი ელიტა ასლან ბჟანიას გამარჯვებას უზრუნველყოფენ. მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, რა იქნება შემდეგ?

ყველაზე მეტად მოსალოდნელი ვარიანტია, საზოგადოებამ და ოპოზიციამ არ მიიღონ არჩევნების შედეგები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დერეფნებში დაიწერა და შეეცადონ ნოემბრის მოვლენების გამეორებას. ამის წინაპირობები უკვე არსებობს - ვადამდელ არჩევნებამდე დარჩენილ 2-3 თვეში ხომ დიდად ვერაფერი შეიცვლება: ოპოზიცია ოპოზიციად დარჩება, ბჟანიას მიმართ საზოგადოების კრიტიკული განწყობა არ შეიცვლება, ისევე, როგორც ხელისუფლების მთავარი პრობლემა - საკუთარი ძალოვანი რესურსის არარსებობა.

ძალზე მაღალი ალბათობით, საბოლოო ჯამში, ასლან ბჟანიას მეორედ გადააყენებენ, ამჯერად - უკვე ფუნდამენტურად. მაგრამ აქ ჩნდება უამრავი კითხვა..

მაგალითად, რას მოიმოქმედებს არჩეული „პრეზიდენტი“, რომელსაც საკუთარ კაბინეტში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ? სახელისუფლებო ვერტიკალმა რომ მისი ერთგულება შეინარჩუნოს, მართვა ხომ ტამიშიდანაც შეიძლება? ეს კი პოტენციურად სამოქალაქო კონფლიქტის დიდ რისკს შექმნის: ორხელისუფლებიანობა ყოველთვის მთავრდება იმით, რომ ერთი ხელისუფლება მეორეს ჭამს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ძლოვანი რესურსის მხრივ გადამწყვეტი უპირატესობა არც ერთ მხარეს არ აქვს, გაურკვევლობა დიდხანს შეიძლება, გაგრძელდეს - აფხაზეთისთვის სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგებით.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუკი ოპოზიცია, 9 მაისის აღლუმზე პუტინის მიწვევის მიუხედავად, ბჟანიას ჩამოგდებას მაინც შეძლებს?

ყველაზე რეალისტური ვარიანტი აქ აფხაზეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი, გამანადგურებელი სანქციების დაწესებაა, რომლებიც მას ორიოდ თვეში ქვის ხანაში გადაისვრის...

თუ არც ამან იმუშავა, მაღალი ალბათობით, უნდა ველოდოთ უკიდურეს და ყველაზე საშიშ ვარიანტს - „როსგვარდიას“ ან აფხაზ ძალოვანებად გადაცმულ რუს „იხტამნეტებს“ სოხუმის ქუჩებში.

ორივე ეს ვარიანტი ამჟამინდელი სახით აფხაზეთის არსებობის დასასრულს ნიშნავს. და ორივე სცენარი არა უბრალოდ რეალისტურია, არამედ განეკუთვნება იმ შემთხვევებს, რომლებსაც ფინანსისტები „საბაზისოს“ უწოდებენ...

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები