ტყუილები, რომელთაც რუსეთი შექმნეს, ახლა ჩვენ სამყაროს აყალიბებენ

14-02-2020 17:08:06 მითები და რეალობა

კანადელი ისტორიკოსი და მოგზაური, რორი მაკლინი ამჟამად ბრიტანეთში ცხოვრობს. მისი წიგნები: “სტალინის ცხვირი: მთელს ევროპაში”, “ბერლინი: ქალაქის პორტრეტი საუკუნეების მანძილზე” და “პრავდა ჰა ჰა: სიმართლე ევროპის ბოლოსკენ მიემგზავრება”, - იანვარში დაიბეჭდა.

რუსები შთამბეჭდავ ამბებს ყვებიან და მე არ ვსაუბრობ ჩეხოვზე, გოგოლზე თუ ტოლსტოიზე. რევოლუციის პირველივე დღეებიდან ისინი ყვებიან ურცხვ ტყუილებს ლენინზე და ხალხზე, სტალინზე და დიდ სამამულო ომზე, KGB-ს იდუმალ ოფიცერზე, რომელიც ძალაუფლების სათავეში სამშობლოს გადასარჩენად მოდის. დღეს მათმა ზღაპრებმა საზღვრები გადალახა, რათა ჩვენს ხელთ არსებული, ისედაც სუსტი სიმართლე მოწამლოს.

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კანადა დავტოვე, რათა ბერლინიდან მოსკოვში მემოგზაურა: 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპა წითელარმიელი ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყდა და ისინი იქ გაგზავნეს, საიდანაც მოვიდნენ. ბერლინის კედლის დანგრევას საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა. 70-წლიანი ტოტალიტარიზმი ერთ ღამეში დასრულდა, ევროპელებმა საზღვრების არმქონე კონტინენტის იდეა აიტაცეს და თან დაიჯერეს, რომ მსოფლიოს ცვლიდნენ.

იმ მღელვარე დღეებში იმ ადგილებს ვეწვიე, რომელიც ბევრი დასავლეთელისთვის ევროპის დავიწყებული ნახევრის ნაწილი იყო. აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და თვით რუსეთში მე შევხვდი ადამიანებს, რომელთაც, წლების განამვლობაში, უცხოელებთან ნალაპარაკევიც კი არ ჰქონდათ. მათ გული გადამიშალეს და მიამბეს ისტორიები დაკარგულ წლებზე, დანგრეულ ცხოვრებასა და დამპყრობლურ პროპაგანდაზე. ჩეხოსლოვაკიაში მე ვაცლავ ჰაველს მოვუსმინე- ყოფილ პატიმარს, პროფესიით დრამატურგს, რომელიც პრეზიდენტი გახდა - იგი მახარობელი იყო იმ ევროპის დაბადებისა, სადაც ვერცერთი ძლევამოსილი ვერ შეძლებდა ნაკლებად ძლევამოსილის დაჩაგვრას, სადაც უთანხმოების მოგვარება ძალის გამოყენებით აწი აღარ მოხდებოდა.

სხვანაირად როგორ უნდა იყოს? ჩემი თაობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაიზარდა, რომელიც 60 მილიონი გარდაცვლილი ადამიანის აჩრდილებით იყო სავსე. ჩვენ სრულწლოვანები გავხდით ცივი ომის პერიოდში, როცა ნახევარი კონტინენტი კედელს მიღმა პატიმრობაში იყო. ჩვენი საპასუხო რეაქცია იყო ინდივიდუალური თავისუფლების დაფასება, ვიდრე თემურ წყობილებაში ყოფნა. ჩვენ ვეღარ ავიტანდით ჩვენი მამებისა და ბიძების დაკარგვას, ჩვენი ძმების სიკვდილისთვის ყურებას ძველი დემონების სახელით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზეიმეთ, როცა ყოფილმა მეტოქეებმა რკინის ფარდა “ჩამოხსნეს”. ჩვენ ტაშს ვუკრავდით აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანელებს, რომლებიც “არავის მიწაზე” ერთად ცეკვავდნენ. ზოგიერთმა ჩვენგანმა, ჩვენივე ოპტიმიზმითა და გულუბრყვილობით გაბედა წარმოედგინა, რომ პოლიტიკური ტყუილების დრო დამთავრდა.

30 წლის შემდეგ მე დაბრუნდი იმავე გზაზე, რათა გამერკვია სიმართლის ჩვენეულ რწმენას რა ბედი ეწია. საბჭოთა ტირანიისგან საკუთარი თავის გათავისუფლების შემდეგ, რატომ დაუთმეს რუსებმა საკუთარი თავისუფლება დიქტატურა 2.0-ს? დაპირებული ცისკრის შემდეგ, რატომ გააორმაგა კრემლმა საკუთარი ძალისხმევა დასავლეთის ერთიანობის დასანგრევად? როგორ მოხდა, რომ ამდენი ჩვენგანი პოპულისტების ტყუილების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და დემოკრატიას სახიფათო მომენტისკენ მივათრევთ?

მოდით ადრეულ 1990-იანებს გადავხედოთ. იმ მღელვარე წლებში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი განახევრდა - ანუ უფრო ძლიერი ვარდნა იყო, ვიდრე აშშ-ში, დიდი დეპრესიის დროს. საბანკო დანაზოგები ინფლაციამ მოსპო. მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 57 წლამდე დაეცა - ინდუსტრიალიზებული მსოფლიოს ყველაზე დაბალ ნიშნულამდე. რიგითი რუსები გადარჩენისთვის იბრძოდნენ და თან ვერც არჩევდნენ რა იყო სწორი და არასწორი იმ პირობებში, როცა კრიმინალები დაეპატრონნენ როგორც მათ ქუჩებს, ასევე კრემლსაც.

არის ერთი ამბავი ორი დაჯგუფების მეტოქეობაზე ერთი და იმავე ბანკის დასაშანტაჟებლად. ბანკირმა განაცხადა, რომ “დაცვის” ფულს ამ ორიდან უფრო ძლიერს გადაუხდიდა. საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად, პირველმა დაჯგუფებამ მოწინააღმდეგეების მუხლში (ფეხებში) დაჭრა დაიწყო. მეორე ბანდამ კუნთების თამაშს ჭკუით აჯობა და სასტიკ თაღლითობას მიმართა. ქუჩიდან აიყვანეს მთვრალი, უსახლკარო ადამიანი, მოაწესრიგეს, ბოლო მოდის ტანსაცმელში გამოაწყვეს და გაავრცელეს ჭორი, თითქოს ეს ადამიანი მესამე, განსაკუთრებით დაუნდობელი დაჯგუფების უფროსი იყო. იგი საუკეთესო რესტორნებს სტუმრობდა, პარალელურად ვრცელდებოდა ამბები, თითქოს KGB-სგან სერიოზულ იარაღს ყიდულობდა და ტრაბახობდა იმით, რომ კონკურენტებს ანადგურებდა. საბოლოო ჯამში, ბანკირის თვალწინ, მეორე დაჯგუფებამ უსახლკარო კაცი მოკლა. ერთნი ამბობენ, რომ იგი მერსედესში დაიწვა, სხვები ამტკიცებენ რომ კისრამდე მიწაში ჩაფლეს და ცელით თავი მოჰკვეთეს. საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის საწყალი კაცი როგორ მოკლეს, მეორე ბანდის თაღლითობამ ბანკირი იმდენად მოხიბლა, რომ მასზე გააკეთა არჩევანი.

ასეთმა არეულობამ - თავდაჯერებულობის ნგრევამ - რუსები გატეხა, რადგან თაობების განმავლობაში ისინი მითებით იკვებებოდნენ. როცა საბჭოთა დროშა ბოლოჯერ დაეშვა, მან ხალხის უტოპიური ილუზიები თან წაიღო. მოსკოვი, რომელიც ერთ დროს პროლეტარული სამოთხე იყო, უთანასწორობის მსოფლიო დედაქალაქად იქცა და ხალხმა აღმოაჩინა, რომ არცერთ იდეოლოგიას აღარ მიეკუთვნებოდა, მომავლის ხედვა არ ჰქონდა.

იმედგაცრუების და ახალი, პოზიტიური ნარატივის არარსებობის გამო, მათ კომუნისტური წარსული მოენატრათ. ამ ნოსტალგიით მანიპულაცია ჭკვიანურად ხდებოდა - გაზეთებით და ახალი, ელიტური სატელევიზიო არხებით მიმდინარეობდა ისტორიის მითოლოგიზებული ვერსიის მიწოდება, რომელმაც სტალინი გააღმერთა, საბჭოთა სახელმწიფო ჰიმნის აღდგენას მიესალმა, ძალადობრივი შრომის არსებობა უარყო და გულაგები, როგორც მოდერნიზაციის გარდაუვალი მსხვერპლი, ისე შეაფასა. მტრებმა რუსეთს კვლავ ალყა შემოარტყეს. დასავლეთი კვლავ აგრესორი გახდა. თუ ქვეყანა მათ წინააღმდეგ დადგება, რუსეთი იქნება დიდებული - ისევ.

გეცნობათ? რუსებმა - ისევე როგორც ბევრმა ჩვენგანმა, როცა ტრავმულ ცვლილებებს ვებრძვით - მწარე სიმართლისადმი ინტერესი დაკარგეს და აირჩიეს ჩემპიონი ლიდერები, რომლებიც მათ მოუყვება - ჩვენ მოგვიყვება - ერთ ემოციურ ამბავს.

მოდით, კიდევ უფრო უკან გავიხედოთ. წარმოიდგინეთ ლენინგრადის მკვდარი ქუჩა, სადაც მშრომელების სახლებია ჩამწკრივებული. 1973 წელია და რუსეთი 12-ნაწილიან სატელევიზიო სერიალზეა მიჯაჭვული. “გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” არის ამბავი KGB-ს მარჯვე აგენტის შესახებ - ის რკინის ნერვების მფლობელია, შესანიშნავი ყოფაქცევისა და გერმანულის უბადლო მცოდნეა. იგი ააშკარავებს ნაცისტების გეგმას, რომლის მიხედვითაც დასავლეთელ მოკავშირეებთან მშვიდობიან ზავზე მოლაპარაკებებს მართავდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, ასეთი მზვერავი ან გეგმა არსებობდა თუ არა, სერიები - რომელშიც ომის დროინდელი კადრები ბელეტრისტიკადაა ქცეული - აღქმულ იქნა, როგორც ისტორიული ფაქტი. მაყურებლებმა დაიჯერეს, რომ რუსეთს უღალატეს. თითქმის არავინ იცოდა, რომ “გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” - ყველა დროის ყველაზე პოპულარული რუსული კინოპროდქცია- KGB-ს მიერ იყო დაფინანსებული და ჩაფიქრებული, რათა ახალგაზრდა, განათლებული რეკრუტები უსაფრთოების სამსახურში მიეზიდათ.

ლენინგრადის ამ მკვდარ ქუჩაზე, ბასკოვის შესახვევის 12-ში, ახალგაზრდა ბიჭი მოკრძალებული შიშით უმზერს გაბედულ გმირს, მისი თვალები ეკრანზეა მიჯაჭვული, აღელვებისგან ხელის გულები გაოფლიანებული აქვს. მას უნდა გახდეს საბჭოთა ჯეიმს ბონდი, რომელიც ქვეყნის მტრებს ამარცხებს. იგი KGB-ს ცენტრალურ ოფისში უკვე ნამყოფი იყო და მოსამზადებელი ინსტრუქციაც გავლილი ჰქონდა. ერთ ან ორ წელიწადში, იგი ორგანიზაციას შეუერთდება.

ახლა დაუპირისპირეთ ეს ამბავი კედლის დანგრევას. იფიქრეთ ბიჭის მამაზე, რომელიც როგორც წითელი არმიაში, ისე NKVD-ის გამანადგურებელ ბატალიონში მსახურობდა. იფიქრეთ დედამისზე, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს შიმშილისგან დაიღუპა. იფიქრეთ იმ ახალგაზრდა კაცზე, რომელიც 1990 წელს , აღმოსავლეთ გერმანიიდან - სადაც KGB-ს ოფიცერად იმუშავა - ჩამოშლის პროცესში მყოფ საბჭოთა იმპერიაში ბრუნდებოდა. იმპერიაში, რომელიც მიზნისა და სიამაყისგან იცლებოდა. ნუთუ მისი ოჯახის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა, მისმა პირადმა ძალისხმევამ, უშედეგოდ ჩაიარა? მან მარტივად გაიკვალა გზა სანქტ-პეტერბურგის პოლიტიკაში.იგი სახელმწიფო ტერორით, სიკვდილის ბანაკებითა და მილიონობით ადამიანის იძულებითი შიმშილობით სავსე ისტორიის მქონე საბჭოთა კავშირის დაშლას “მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას” უწოდებს. იგი გამოსყიდვის მიზნით არის შეპყრობილი და რუსეთის ძალაუფლების აღდგენა აქვს განზრახული. ის აცხადებს, რომ “რუსეთის ფეხზე წამოდგომის დროა” და ყალბი ნარატივების გავრცელებას იწყებს.

ის KGB-ს ოფიცერი - ვლადიმერ პუტინია. როცა ის ხელისუფლებაში მოდის, მას პრობლემა ხვდება. მის რუსეთს არ აქვს ფული, მძარცველ ოლიგარქებზეა დამოკიდებული და ფინანსური კრიზისი აქვს. იგი ახალ რაკეტებს ქმნის, თუმცა მას კიდევ სხვა რამ უნდა. მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ აღნიშნა, მას სჭირდება “იარაღი, რომელიც ძალიან იაფია - ან თუნდაც უფასო - მაგრამ, როგორც ბირთვულ იარაღს, შეუძლია უზარმაზარი რაოდენობის ხალხზე მოახდინოს ზეგავლენა”.

ბოლო წლების განმავლობაში, სანქტ-პეტერბურგში განთავსებულმა ინტერნეტის კვლევის სააგენტომ დემოკრატიას ომი გამოუცხადა, ჩვენი ემოციები დაჰაკა და ღიაობისა და შერიგების მაკურნებელი ძალისადმი ნდობას ძირი გამოუთხარა. ფეისბუქსა და ტვიტერზე სააგენტოს ოპერატიული თანამშრომლები უზარმაზარ ტყუილებს პროპაგანდირებენ: VKONTAKTE-ში რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პორნოგრაფიას უკავშირებენ, დემოკრატებს Breitbart-ზე აკრიტიკებენ, Daily Mail Online-ზე Brexit-ს იცავენ, “ჰეშთეგს” #TrudeauMustGo პოპულარულს ხდიან. ამ “პირად” კომენტარებს ბოტები დიდი რაოდენობით ყალბ ანგარიშებზე აზიარებენ, რითაც ტრენდულებს ხდიან, მათ შორის Google-ის ალგორითმების მანიპულაციის გზით.

სააგენტოს წარმატება აღმაფრთოვანებელია. 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გამაღიზიანებელი ფოტოებით გაჯერებული 80 000 ფეისბუქ-პოსტი 126-მა მილიონმა ამერიკელმა ნახა. BREXIT-ის რეფერენდუმის დროს, 3800-ზე მეტი ყალბი ანგარიში იყო მობილიზებული რათა #ReasonToLeaveEU დაეტვიტათ. ბელგიის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ სააგენტოს თანამშრომლებმა გაავრცელეს მოწოდება, რომ “სირიელ ლტოლვილებს ტორონტოში არ მიესალმებიან … #IslamKills #Brussels ” და “ კანადა 8 მილიონს უხდის ტერორისტს, რომელმაც ამერიკელი სამხედრო მოკლა”. თითოეული პოსტი, მემე, ვიდეო თუ DEEPFAKE ფოტო უნდობლობის დანერგვისკენ, დაყოფის გაღრმავებისკენ, შიშის გავრცელებისა და სიმართლის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

ტექნოლოგია შესაძლოა ახალია, თუმცა ტაქტიკა ლენინის პერიოდის მერე არ შეცვლილა. საბჭოთა პერიოდში სიკვდილს გადარჩენა მოტყუებას უტოლდებოდა. მხოლოდ დოგმებისადმი ერთგულების ფრქვევით იყო შესაძლებელი სკოლის დაძლევა, უნივერსიტეტში ჩაბარება ან კარგი სამსახურის შოვნა. იდეოლოგიის არ სჯეროდათ, მას მხოლოდ იყენებდნენ. რეჟიმი თავად იტყუებოდა რათა გადარჩენილიყო, ამისთვის იგი წარსულს აყალბებდა და ამბობდა, რომ არაპატიოსან მოქალაქეს შიში უნდა ჰქონოდა. ლიდერები თავს იწონებდნენ რომ ხალხს ემსახურებოდნენ, ცოტა ხანში კი პოლიტიკურ წესრიგს შეანჯღრევდნენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად - ისე, როგორც სტალინის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივმა რუსმა მმართველმა, ბატონმა პუტინმა გააკეთა. მაგრამ ჩვენ, დასავლეთში, ამ მწარე საბჭოთა გამოცდილების ნაკლებობა გვაქვს. დღეს, ბევრი ჩვენგანი ისრუტავს დეზინფორაციას,. როგორც სიმართლეს. ჩვენმა არაგულწრფელმა მოღვაწეებმა - არაპრინციპულმა პოლიტიკოსებმა, ვირტუალურმა ძირგამომთხრელებმა, ციფრულმა კლეპტოკრატებმა - ისწავლეს ანალოგიური ტექნიკების გამოყენება, რათა მიზანში ამოგვიღონ და მოახდინონ ჩვენი ქცევების მანიპულირება, მოახდინონ ჩვენი ახლებურად ფორმირება. სანამ ევროპას ამ სახიფათო დროს ძინავს, ოპორტუნისტებმა - დაწყებული პუტინით და დამთავრებული ადგილობრივი პოპულისტებით - სიმართლე ხუმრობად აქციეს.

30 წლის წინ მე დავტოვე საკუთარი სახლი ახალგაზრდა ადამიანის შეგნებით, რომელიც უცვლელი პრინციპებით ცხოვრობდა და ღირებულებებს აფასებდა. წლების განმავლობაში, ამ ჭეშმარიტებებმა - ამ ეთიკამ - ჩამომაყალიბა მე და მათით ვცხოვრობდი მანამდე, სანამდეც შევძელი. 1989 წელს სულ 11 ქვეყანას ჰქონდა საზღვრად კედელი და ღობეები. დღეს ასეთი ქვეყნების რიცხვმა 70-ს გადააჭარბა.

დიდმა რუსმა მწერალმა, ჩეხოვმა იწინასწარმეტყველა, რომ მის სამშობლოში გომბეშოსა და ნიანგის მსგავსი ტიპი მოვა ხელისუფლებაში და იგი უფრო მეტად საშიში იქნება ვიდრე ესპანეთში, ინკვიზიციის დროს მოსული ნებისმიერი ხელისუფალი - ვიწრო მსოფლმხედველობის, თვითკმაყოფილი, ზედმეტად ამბიციური ტიპი, რომელიც სინდისის ნაკლებობას განიცდის. ცხვრის ტყავში გახვეული მგლები და შარლატანები შეძლებენ მოტყუებასა და ფარისევლურად მოქცევას”. ჩვენი გულუბრყვილობით ჩვენვე დავრთეთ ნება ტოქსიკურ ნიჰილიზმს ობიექტურობა დაეჯაბნა, რის შედეგადაც ჩვენს საზოგადოებებში უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა და ჩვენი აზროვნების მიმართულება შეიცვალა.

ახალი დროის გარიჟრაჟზე მე - ჩვენ - გვჭირდება ვიპოვოთ შემწყნარებლობისადმი რწმენის შენარჩუნების გზა, მომავლის პერსპექტივა და ემპათია. ჩვენ გვჭირდება გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენი ქცევა მანიპულაციის ქვეშ ექცევა და მის სამართავად საკუთარი თავი უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ გვმართებს წინდახედულობა გამარტივებული ინტერპრეტაციებისა და მაცდური ფიქციის მიმართ. დემოკრატიები საკუთარი შეცდომების გამოსწორების საქმეში კარგები არიან. საკუთარის დასაცავად, ჩვენ გვჭირდება რომ ჭეშმარიტებისთვის და სიმართლისთვის ვიბრძოლოთ.

წყარო: "mythdetector"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები