მოსმენა სენატში: "საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი"

06-12-2024 09:52:00 პოლიტიკა

“მნიშვნელოვანია გავუშვათ გზავნილი, რომ სენატსა და კონგრესში არის ორპარტიული კონსენსუსი ამ [ძალადობის] საკითხზე საქართველოსთან მიმართებით და რომ არ ვაპირებთ უმოქმედოდ შევეგუოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ვიმედოვნებ, პრემიერმინისტრი და მმართველი პარტია მიიღებენ ამ გზავნილს” - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, რომელსაც უძღვებოდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი.

კარდინი საქართველოს კონტექსტში “მაგნიტსკის გლობალური აქტის” გამოყენების ეფექტსაც შეეხო:

“ვიმედოვნებთ, მაგნიტსკის სანქციები იქნება ხელშემწყობი საქართველოს სწორ გზაზე დასაბრუნებლად, ვინაიდან მიუღებელია, რაც დღეს იქ ხდება - ჩვენი ამ ლაპარაკის პარალელურად, რასაც სჩადის საქართველოს ახლანდელი მთავრობა საქართველოს ხალხის წინააღმდეგ”.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე მოწმის სტატუსში მონაწილე ამერიკელმა ბიზნესმენმა სერ უილიამ ბრაუდერმა (მაგნიტსკის აქტის იდეის ავტორი) ხაზი გაუსვა ამერიკელი კანონმდებლების როლს ნებისმიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იძულებაში, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის.

უილიამ ბრაუდერმა საქართველოზე და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზეც ილაპარაკა მას შემდეგ, რაც სენატორმა ჯინ შაჰინმა მას ჰკითხა - რა ურთიერთმიმართებაა საქართველოში არსებულ ვითარებასა და კორუფციას შორის.

“სად იშოვნა მან ფული? - რუსეთში. როგორ იშოვნა მან ფული რუსეთში? – „გაზპრომისა“ და სხვა სახელმწიფო კომპანიების საშუალებით, რომლებიც, ჩემი გამოცდილებით, უკიდურესად კორუფციულია. მან იშოვნა რამდენიმე მილიარდი. დაბრუნდა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მას რუსები? - ისინი ეუბნებიან: შენ ფული იშოვნე იმ გზით, რომელიც პოტენციურად საეჭვოა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ჩამოგართვათ, აღვძრათ სისხლის სამართლის საქმეები შენს წინააღმდეგ და ყველანაირ გზას მივმართოთ ან შეგვიძლია არაფერი არ გავაკეთოთ, თუ დაგვეხმარები. რა გააკეთა მან? - დაეხმარა მათ და მას შემდეგ აქტიურად ეხმარება და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი მთავრობა და სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ბატონი ივანიშვილი მთელ ამ სიტუაციაში ძალიან აქტიურ როლს ასრულებს. ეს არის ერთი მაგალითი, როგორ მუშაობს კორუფცია. მეორე მაგალითია ის, რომ ამ ხალხს, რომელიც კორუმპირებულია, რომელიც ხელისუფლებაშია, არ სურთ შემდეგმა მთავრობამ გამოიძიოს მათი საქმეები. ამიტომ, რას შვრებიან? - ისინი არ თმობენ ძალაუფლებას. ამას აკეთებენ ბიულეტენების ყუთებში ჩატენვით, არჩევნების გაყალბებით და ა.შ.. ყველაფერი ეს სრულად ურთიერთგადაჯაჭვულია. ამიტომაც არის კორუფცია ასეთი მნიშვნელოვანი“, – განაცხადა უილიამ ბრაუდერმა.

საკომიტეტო მოსმენაზე მეორე მოწმე - ადამ კითი, Human Rights First/Accountability-ს უფროსი დირექტორი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ანტიკორუფციული სანქციები გაცილებით ეფექტიანია პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე სხვა ტიპის სანქციები:

“ზოგჯერ კორუფციაზე სანქციებს, სარწმუნო ბრალდებებს შეიძლება ჰქონდეს გაცილებით მძლავრი პოლიტიკური ძალა, ვიდრე ადამიანის უფლებებზე ბრალდებებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ორივეს გამოყენებისთვის მზადყოფნა. ვფიქრობ, მაგნიტსკის სანქციები, რომლებიც სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ დაუწესა საქართველოს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ძალიან კარგად იყო აღქმული საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მომიტინგეების მიერ, ვის მიმართაც იძალადეს უსაფრთხოების ძალებმა“.

5 დეკემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა ბოლო მოსმენა სენატორ ბენ კარდინის თავმჯდომარეობით, რომელიც შეეხებოდა “მაგნიტსკის გლობალური აქტის” აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საკომიტეტო მოსმენაზე მოწმეების სტატუსში მიწვეულები იყვნენ ადამ კითი, Human Rights First/Accountability-ს უფროსი დირექტორი და სერ უილიამ ბრაუდერი, Hermitage Capital Management-ის ხელმძღვანელი. მოსმენის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ ეფექტიანად აღსრულების მნიშვნელობას და ამ საკითხში ქვეყნებს შორის კოორდინაციას. პირველადი სახით კანონი მიიღეს 2016 წელს და მისი მიზანი იყო იმ პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაწესება, რომლებიც დამნაშავეები იყვნენ ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები