საქართველოს იმიჯი ირყევა: ვინ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის დაცვაზე?

17-02-2020 20:14:50 ინტერვიუ

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებისადმი მზარდი კრიტიკის ფონზე აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებული ქვეყნები - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს მიმართავენ ერთობლივი ინიციატივით, კავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერა „სათანადოდ აისახოს“. როგორც ერთობლივ მიმართვაშია ნათქვამი, სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რთული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი. ინიციატივის არსსა და პერსპექტივაზე, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათ გამო ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებისადმი განწყობის ცვლასა და და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე „აქცენტი“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

კორნელი კაკაჩია: იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში არასასურველი კონტექსტი ყალიბდება, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია: მაკრონის ინიციატივის შემდეგ საფრანგეთმა დაბლოკა ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა; საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ცდილობენ, აღმოსავლეთ პარტნიორობას სტრატეგიული მიზანი დაუკარგონ. კერძოდ, საფრანგეთი ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიზანი არაა მომავალში ამ ქევყნების ევროკავშირში გაწევრიანება, რომ მიზანია, დახმარება გაეწიოთ ამ ქვეყნებს, წამოსწიონ დემოკრატიული პროცესები, ეკონომიკა და ა.შ. ანუ არ უნდა იყოს პოლიტიკური ბმა, რაც ეწინააღმდეგება რეგიონში, განსაკუთრებით ხსენებულ სამ ქვეყანაში [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] არსებულ განწყობებს. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სამმა სახელმწიფომ აჩვენოს, რომ ევროპარლამენტის წინა გადაწყვეტილებები, სადაც ეწერა, რომ ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებები მნიშვნელოვანია და უნდა იქნას გათვალისწინებული, დადასტურდეს. სწორედ ამ კონტექსტში იყო ინიციატივა მნიშვნელოვანი, რათა პროცესები მხოლოდ ტექნიკური მიმართულებით არ წავიდეს. მით უფრო, რომ ამ ქვეყნებს ასოცირების ხელშეკრულებები აქვთ, რაც ვადებულებებსაც გულისხმობს. და მეტად უდა დაეხმარო ვალდებულებების მქონე ქვეყნებს, ვიდრე მათ, რომლებსაც ვალდებულებები არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენთვის სასარგებლო კონიუნქტურა არ არსებობს, მნიშვნელოვანია, ეს სამი ქვეყანა გამოიყოს და დღის წესრიგში შენარჩუნდეს.

- ბრძანეთ, არასახარბიელო კონტექსტი ყალიბდებაო და ამას რამდენად უწყობს ხელს თავად ამ სამ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესები?

- როდესაც არსებობს მსგავსი კონტექსტი და ასევე მრავლად არსებობენ სკეპტიკოსები, მათ შორის - საქართველოსან მიმართებაში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო არაა ევროპული სახელმწიფო, ჩამოყალიბებული კონსოლიდრებული დემოკრატიით, მათ ნარატივს ამტკიცებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების კონცენტრაციას და მესამე ვადით შენარჩუნებას. მათთვის უფრო ადვილი ხდება, დაბლოკონ საქართველოს მისწრაფებები იგივე ნატო–სა და ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი საქართველოს შიდა პლიტიკური პროცესებითაა განპირობებული, რომელიც, თავის მხრივ, უპირველესად საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამ რეფორმის დაბლოკვა გავლენას ახდენს, მათ შორის, საქართველოს მეგობრებზეც: ისინიც იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, აკავებენ ერთ–ერთ ოპოზიციურ ლიდერს... ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გამოწვევას წარმოადგენს. თან ჩადიხარ ბრიუსელში, ვაშინგტონში, ეუბნები პარტნიორებს, რომ ყველაფერს ითვალისწინებ და მეორე დღეს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აკავებ ერთ–ერთ ოპოზიციურ ლიდერს... ბუნებრივია, მას აქვს უარყოფითი კონოტაცია და აისახება კიდეც სხვადასხვა მთავრობების, კონგრესმენების და დეპუტატების განცხადებებში. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ეს ტონი კიდევ უფრო მწვავდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სახელმწიფოებს საქართველოში საელჩოები აქვთ, ჰყავთ საინფორმაციო წყაროები, ამდენად, ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე და „ქართული ოცნების“ პოზიციონირება, რომ მხოლოდ ინფორმაციაშია პრობლემა, რაღაცნაირად „სირაქლემას პოლიტიკას“ ჰგავს.

- მინდა, მოქალაქეებისთვის გასაგებად განვმარტოთ, რა ხელშესახებ რისკებს აჩენს ეს პოლიტიკა...

- თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგო გონს, არ დაიწო ოპოზიციურ სპექტრთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმ საკითხების განხილვა, რომლის ირგვლივაც შეიქმნა პრობლემები, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს, არაა გამორიცხული, საქართველო თანდათან იზოლაციის გზას დაადგეს: თუ საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ხოლო შედეგებს არ ეთანხმება როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ისე პოლიტიკური სპექტრი, ბუნებრივია, ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს კი სერიოზული პრობლემაა საქართველოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, გადახედონ მრავალმილიონიანი დახმარების პაკეტებს, ასევე უვიზო რეჟიმს. გამოდის, რომ საქართველო ეკონომიკური, სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუცველი რჩება. და ვინ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის დაცვაზე? ჩნდება ორი ვარიანტი: სახელმწიფომ შეცვალოს პოლიტიკა და მოკავშირეებთან მონახოს საერთო ენა, ან შეცვალოს სტრატეგიული გეზი და მონახოს სხვა მოკავშირე. ჩვენ კი ვიცით, რომ სხვა „მოკავშირე“, რომელიც ამ საკითხებითაა დაინტერესებული, მხოლოდ რუსეთია. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელია როგორც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ისე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობისთვის. ვერ ვიტყვი, ეს ყელაფერი შეგნებულად კეთდება თუ შეუგნებლად, თუმცა ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მდგრადობასთან დაკავშირებით რისკებს აჩენს და ამას შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

- ამ კონტექსტში მახსენდება ბატონი გია ვოლსკის კომენტარი, რომელიც მან აშშ–დან კრიტიკის პასუხად გააკეთა: „არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება აშშ, არამედ რეგიონში მასაც სჭირდება საქართველოო“. მსგავს იმედებზე ხომ არ არის დამყარებული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სიჯიუტე?

- არასწორი რიტორიკაა: ვფიქრობ, საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს როლი სხვაა, ხოლო შეერთებული შტატების წონა საქართველოს უსაფრთხოებასთან მიმართებში ცოტა განსხავვებული უნდა იყოს. ვინ ვის უფრო სჭირდება? - ალბათ, აშშ–ს საქართველოს გარეშე არსებობა არ გაუჭირდება, აი, აშშ–ს გარეშე საქართველოს უსაფრთხოება როგორ წარმოგვიდგენია?! ამასთან, ვფიქრობ, ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული იმედები ავადმყოფობის წინააღმდეგ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლით ბრძოლას ჰგავს. მთლიანობაში ეს პროცესს არ შველის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ რეალურად ინფორმაციის ნაკლებობასთან კი არა, სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე და ეს უნდა მოგვარდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტორების ჩართულობით.

- მესმის, რთულია განვსაჯოთ, რა ხდება პოლიტიკური მოთამაშეების თავებში, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება, ეფუძნებოდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის იმედები?

- ვფიქრობ, მმართველ გუნდს ცუდი სამსახური გაუწია ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ეს არ იყო სანიმუშოდ ჩატარებული არჩევნები და ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მმართველი გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან რეჟიმის გადარჩენა–არგადარჩენაზეა საუბარი, ისევე, როგორც 2012 წელს იყო და ფასიც გაიზარდა. ხელისუფლება ფლობს ფინანსურ რესურსებს, ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ დაქსაქსულია, ამომრჩეველი კი - ფრუსტრირებული. გარდა ამისა, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ მოიცლის, რადგან აშშ–შიც არჩევნებია და ა.შ. მაგრამ აშკარად ჩანს, რომ საქართველოს საკითხებისადმი ინტერესი როგორც ევროკავშირში, ისე აშშ–ში მაღალ დონეზე ნარჩუნდება. მათ იმედი აქვთ, რომ ეს ტალღა ჩაივლის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იგი მხოლოდ ძლიერდება და რაც უფრო მოახლოვდება სააერჩევნო პერიოდი, ზეწოლაც გაიზრდება.

- ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- პარტნიორების ინტერესი ის კი არაა, არჩევნებში რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ გაიმარჯვოს, არამედ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა. სტაბილურობა კი კონსენსუსის გზით შენარჩუნდება: ოპოზიციამ და ხელისუფლებამ კომპრომისული გამოსავალი უნდა მოძებნონ, მათ შორის - საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, რომელიც მეტ-ნაკლებად ასახავს ამომრჩევლის ინტერესს. შემდეგ ამაზე დაფუძნებული არჩევნები უნდა ჩაატარონ კონკურენტულ გარემოში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან ჩართულნი. ეს უნდა იყოს ძალიან ღია, გამჭვირვალე არჩევნები. საქართველომ კიდევ უფრო უნდა განამტკოცოს იმიჯი, რომელიც მას რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა (ვგულისხმობ ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას). ასეთივე მაგალითის განმეორება გვჭირდება, რათა თავი დავიმკვიდროთ, როგორც ელექტორალურმა დემოკრატიამ. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, საერთაშორისო საზოგადოების თვალში იმიჯი განამტკიცოს და ეს არ გამოვა ძალაუფლების ჩაბღაუჭების გზით.

- როგორ ფიქრობთ, თავად ამ იმიჯზე განხორციელებული მძიმე დარტყმების ფონზე, რაც კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატა, ეს საკითხი მმართველ გუნდში აინტერესებთ?

- მართალია, არ იმჩნევენ, მაგრამ საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მომდინარე კრიტიკას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველო დამოკიდებულია პარტნიორებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებზე, მათ შორის - დეოკუპაციის, ფინანსურ და უამრავ სხვა საკითხთან დაკავშირებით. პრობლემა იმაშია, რომ საკუთარი „ტყავის“ გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი ჰგონიათ. საქართველოს ყველა ხელისუფლებას ჰქონდა მსგავსი ცდუნება, მით უფრო, რომ მათ იციან ქართული პოლიტიკის დაუნდობელი ბუნება – თუ რეჟიმის ცვლილება მოხდა, იწყება „პოლიტიკური ვენდეტა“. ეს ალბათ, კიდევ უფრო ამძაფრებს ხელისუფლების შენარჩუნების ჟინს. მაგრამ თუ ხალხს გაუჩნდა უსამართლობის განცდა, შესაძლოა, ქუჩაშიც გავიდეს და ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება. ნებისმიერი რევოლუციური სცენარი წამგებიანია საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

Новости