ფირალიშვილი: ძალაუფლებას ყველა შემთხვევაში დაკარგავთ, მაგრამ ადამიანურად მაინც ნუ განადგურდებით!

10-12-2024 15:15:57 ინტერვიუ ,კომენტარი

კრიტიკულ ფაზაში ვართ! - ამბობს „აქცენტთან“ ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე პროცესების შეფასებისას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თუ მასზე დაკვირვების ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილება აქვს.

ის შიშობს, რომ ქვეყანაში პირველად ვიღებთ სიტუაციას, რომელშიც დიალოგის სივრცე არ არსებობს:

„ისეთ ფაზაში ვართ, როდესაც ან ერთმა მხარემ უნდა დაიხიოს უკან, ან მეორემ! პოლარიზება უბრალოდ ადამიანური გაჯიუტების შედეგი არ არის - ისეთი მსოფლმხედველობრივი განსხვავებაა, რომ ამ ორი მხარის მორიგება რამდენად არის შესაძლებელი, მიჭირს წარმოვიდგინო. ალბათ, შეუძლებელიც არის. მორიგება და დიალოგი შეუძლებელია იმის ნახვის შემდეგ, როგორ კენწლავდნენ ძირს დაგდებული ბავშვის თავს (გავითვალისწინოთ, რომ რაც მანქანებში [საპოლიციო ძალების] ხდებოდა, არ გვინახავს). საქართველოს ისტორიაში პირველად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ერთი მხარე არა მხოლოდ დიალოგის უუნაროა, არამედ დიალოგის სივრცე არ არსებობს. ეს არის უბედურება! ძალიან ცუდ ფაზაში შევედით. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. 1990-ში, 1991-შიც, 2003-შიც, 2012-შიც მუდმივად ვლაპარაკობდი, როდესაც საშუალება მქონდა, რომ მხარეებს შორის დიალოგი უნდა შემდგარიყო, რადგან აუცილებელი იყო, მოგვეძებნა საერთო სივრცე, გადაკვეთის წერტილი, რადგან ამ საერთო სივრცის გარეშე სახელმწიფოებრიობა ვერ აიგება. დღეს მე ამის თქმა მიჭირს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც მოხდა! ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ დაძაბულობის განმუხტვა, არის ხელისუფლება - ცხადია, უკან დახევით. რაც უფრო გააჭიანურებს ამას, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს მოკლე, ან ყველა შემთხვევაში, გრძელ, ისტორიულ პერსპექტივაში“.

თუმცა, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები (და არაერთი), რომლებიც არათუ პროცესის ისტორიულ კონტექტს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე ყველა რესურსით ძალადობის დრამატულობას ვერ აღიქვამენ. ფირალიშვილი გვირჩევს, გავითვალისწინოთ, რომ „საზოგადოების დიდი ნაწილი პასიურია მსოფლმხედველობრივად, კონცეპტუალურად და ა.შ. ის გაიმეორებს იმას, რასაც ჩაუდებენ თავში. ამ ადამიანებისთვის ის არის სიმართლე, რასაც მისთვის სანდო, ავტორიტეტული ან ძალაუფლების მქონე მიაწვდის“. მაგრამ მისი ხედვით, სახიფათნი არა ეს ხალხი, არამედ ის ადამიანები არიან, რომლებიც „მეთოდურად ემსახურებიან ტყუილს, ვისაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამ პასიურ მასაზე და ტყუილის ტყვეობაში ამყოფოს“:

„სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების სიმრავლეა საქართველოში. ზოგადად, ადამიანების მიმართ ნდობა არსებობს - შესაძლოა, ენდობოდე მის გონებას, შესაძლოა - მის ზნეობას. სამწუხაროდ, ადამიანები ვის ზნეობრივ ინსტინქტსაც ვენდობოდი, აღმოჩნდნენ ამ რობოკოპების დამცველთა რიგებში. ამით განადგურებული ვარ. არც კი ვიცი, ამ ადამიანებთან ურთიერთობა როგორ უნდა განვაგრძო შემდგომში“.

მსგავსი განწყობები შევიდა ბევრ ოჯახში და ეს გარემოებაც გასაგებია ფირალიშვილისთვის: „უფროსი თაობა, თუნდაც ჩემი თაობა რაღაცეებს მივეჩვიეთ, რადგან საბჭოთა ეპოქა გვაქვს გავლილი - ვიცით, როგორ შეიძლება, ავს კარგი უწოდო, შავზე იძახო, რომ თეთრია, თუმცა ვიცით რომ შავია - თვალს ჩავუკრავთ ერთმანეთს - ტყულის ჩვევა გვაქვს, ოღონდ მშვიდად ვიყოთ, ლუკმა პური გვქონდეს, რაღაცნაირად გავიტანოთ თავი. ეს ძალიან მახინჯი ჩვევაა, რაც ჩაიდო ჩვენში. სამწუხაროდ, შევედით ფაზაში ჩვენი ცხოვრებისა, როდესაც ეს მახინჯი ჩვევები კიდევ წინა პლანზე მოდის. უფროსი თაობის ბევრი წარმომადგენელი ცდილობს, ამ მახინჯ, საბჭოურ ფსიქოლოგიას და მორალს აზიაროს უმცროსი თაობა“.

ის ელოდა პროტესტს, მაგრამ არა ამგვარად ჯიუტს, ხანგრძლივს და სჯერა, რომ „ეს განწირული სულისკვეთება“ უშედეგოდ ვერ ჩაივლის:

„ახალი თაობისგან რაღაც ახალ ფორმებს ველოდი, მაგრამ კონკრეტულად ასეთი პიტის პროტესტს - არა. ეს სხვა კატეგორიაა. დაახლოებით სამი წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს ახალი თაობა ჩვენ გვერდზე გაგვწევს და ჟინიანად აიღებს ხელში ქვეყნის ბედს-მეთქი და ეს მოხდა. მათ დასაკარგი ბევრი აქვთ. ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა შუააზიური დიქტატურები, ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა მმართველობის ის სისტემა, რომელიც არის ბელარუსში და აზერბაიჯანში და ბავშვებს ეს არ უნდათ! ისინი ამაზე საბჭოთა წარსულით კი არ ოპერირებენ - ეს მათ არ იციან, რაღაცეები გაუგიათ - მაგრამ რაც კარგად იციან და რასაც ხედავენ ისაა, რაც ჩამოვთვალე. სწორედ ამ პერსპექტივას ხედავენ".

"შესაძლოა, გულუბრყვილო ვარ", - განაგრძობს ფირალიშვილი, "მაგრამ გამკვირვებია ხელისუფლებისა, რომელიც ვერ გრძნობს, რომ საქმე მიჰყავს იქამდე, რომ მათ აღარ დაედგომებოდეთ ქვეყანაში":

"ეს „რუბიკონი“ თავის დროზე არ გადაულახავს არც შევარდნაძეს, სააკაშვილსაც კი (ისიც კი დარჩა წაგების შემდეგ ხელისუფლებაში და ქვეყანაში გარკვეული დროით). ესენი ლახავენ ამ „რუბიკონს“! და სულ მცირე შანსი თუ დარჩა, ის მაინც არ გაუშვან ხელიდან ამ დალოცვილებმა! იქ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს მგრძნობელობა წესით, უნდა ჰქონდეთ თუ ამ ხნის განმავლობაში ძალაუფლების და ქონების ჯადომ არ დააკარგვინათ ეს მგრძნობელობა. წლებია, ამ ადამიანებს ვიცნობ, ვიცი მათი განწყობები და მინდა, შევინარჩუნო იმედი, რომ ესმით - ადამიანურად მაინც არ განადგურდეთ, თქვე დალოცვილებო! ძალაუფლებას ყველა შემთხვევაში დაკარგავთ, მაგრამ ადამიანურად მაინც ნუ განადგურდებით! ფილიპე მახარაძე რამდენი წლის შემდეგ ამოიღეს საფლავიდან, გაიხსენეთ!

გაჯიუტებით, ამ გამოსვლების რეპრესიებით დათრგუნვით პროტესტს ვერაფერს მოუხერხებთ! ბოლშევიკებმა ვერაფერი მოუხერხეს მიუხედავად 1937-წლისა, ბოლშევიკებმა ვერ ჩაკლებს თავისუფლების წყურვილი თურმე! ამდენად, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მოთავეებს დააპატიმრებენ, ზოგს ნარკოტიკებს ჩაუდებენ ჯიბეში, ზოგს ტყვიას ან რაიმე მსგავს, ასე არ ხდება! ცუდად იცით ისტორია! კრისტალური ადამიანები დააპატიმრეს და დახვრიტეს 1930-იან წლებში, მთელი საზოგადოებრივი ელიტა გაანადგურეს და მიუხედავად ამისა, ფილიპე მახარაძე საფლავიდან ამოვიღეთ შემდეგ!. ასე რომ ადამიანურად ნადგურდებიან და მე, როგორც ქრისტიანს, გული მწყდება. მან შეიძლება მოიგოს ახლა, დავუშვათ, უახლოესი წლების განმავლობაში შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ მისი ისტორიული ბედი დასრულებულია! ისტორიულ პერსპექტივაში ის დამკვიდრდება როგორც ბოროტება. ამას მაინც ნუ იზამენ!“.

მიუხედავად ვითარების კრიტიკულობისა, ის მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი, ვინაიდან „ბოროტების რესურსი ამოწურვადია“: „გავიმეორებ ფოლკნერის სიტყვებს, „ერთხელაც იქნება და ბოროტებაც დაიღლება“. ბოროტების რესურსები ამოწურვადია. რაც შემდეგ მოვა, შესაძლოა, არც ეს იყოს სიკეთე, იმასაც თავისი ნაკლოვანებები და დუღილი ექნება, მაგრამ ის, რასაც ესენი განასახიერებენ, იმედი მაქვს, რომ დაიღლება“.

„რესურსი, რომ აქვს ამ ბოროტებას, ვხედავთ იმ ადამიანური მასის სახით, რაზეც ვისაუბრეთ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანური მასა მცირდება და მცირდება - ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მხვდება, რომელმაც „ოცნებას“ მისცა ხმა ბოლო არჩევნებში და რომელიც აღშფოთებით ლაპარაკობს იმაზე, რაც ხდება რუსთაველზე. უფრო და უფრო მრავლდებიან ეს ადამიანები. როგორი რესპრესიებიც არ უნდა ჩაატარონ, წარმოუდგენელია, მიაღწიონ ისეთივე გარდატეხას, როგორსაც ბოლშევიკებმა მიაღწიეს 30-იან წლებში, ან ლუკაშენკომ - ამას რესპრესიების ისეთი მასშტაბი უნდა, რომლის გამკეთებლებიც ესენი საქართველოში ვერ არიან, ის რობოკოპებიც კი უკან დაიხევენ ამის წინააღმდეგ: ჩვენ ყველანი ერთმანეთის ნათესავები, ნაცნობები და მეგობრები ვართ. ამ მასშტაბის რესპრესიები კი გულისხმობს ჯალათებს, რომლებიც ყველასაგან გაუცხოებულები არიან - საზოგადოებაში არც ნათესავი ჰყავთ და არც ახლობელი და ამის იმედიც მაქვს. ასე რომ უბედურება დაიღლება, გამოიფიტება“,- აჯამებს საკუთარ მოლოდინებს ფილოსოფოსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები