„ქართული ოცნების“ «გეგმა B»

18-02-2020 14:22:10 საშინაო პოლიტიკა ,ანალიზი

მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა სპექტრმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პოლიტიკურ გუნდთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, ხოლო ქვეყნის პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკა ამჯერად არა მხოლოდ აშშ–დან, არამედ ევროპის კონტინენტიდანაც ისმის, უცნაურად გაიჟღერა აშშ–დან დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ოპტიმისტურმა გზავნილმა: "ძალიან ცოტა დაგვჭირდება ლოდინი და ის რიტორიკა, რომელიც იყო წინა თვეების განმავლობაში და დისკუსია, რომელსაც ვხედავთ, ძალიან მალე ძალიან პოზიტიურად დასრულდება“.

მაინც რა აძლევს მას ოპტიმიზმის საფუძველს? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილის აზრით, «პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირებისთვის რთული ამოსაცნობი არაა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაგროვებლად ემზადება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ არსებული იმ პარტიების ჩართულობით, რომლებსაც სასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში უცხოელ პარტნიორებს კონსტრუქციულ ოპოზიციად წარუდგენს».

ინფორმაციისთვის: საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113 დეპუტატის მხარდაჭერა. სადღეისოდ „ქართული ოცნება“ პარლამენტში 93 ხმითაა წარმოდგენილი. ამდენად, მას ცვლილებებისთვის დამატებით 20 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის შემდეგ ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებას გამოსავლად ე.წ. გერმანული მოდელი შესთავაზა, ხელისუფლების მიერ ბოლოს პასასუხოდ შეთავაზებული ინიციატივა კი მაჟორიტარული მანდატების 50–მდე შემცირებას გულისხმობს. კერძოდ, ხელისუფლების შეთავაზების თანახმად, პარლამენტში 50 მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი, ხოლო 100 მანდატი პროპორციული სისტემით დანაწილდება, მაშინ, როცა სადღეისოდ მოქმედი კანონმდებლობა 73 მაჟორიტარულ და 77 პროპორციულ მანდატს მოიცავს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. კრიტიკოსების შეფასებით კი, ინიციატივა ამჟამინდელზე უკეთეს ვითარებას ითვალისწინებს, თუმცა ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში ამომრჩეველთა განწყობების სამართლიანად ასახვას, მრავალპარტიულობას და ტოვებს ძალაუფლების შენარჩუნების გზებს.

დავით უსუფაშვილის დაკვირვებით, „ქართული ოცნება“ «გეგმა B»–ზე გადასვლას ცდილობს»:

„ქართული ოცნება“ ყველა გზითა და საშუალებით შეეცდება პარლამენტში დაკარგული საკონსტიტუციო უმრავლესობის აღდგენას ერთი კენჭისყრისთვის. თალაკვაძემ შეერთებულ შტატებში დაინახა, რა დამოკიდებულება აქვს ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოსთან დაკავშირებით. ახლა ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილება აუცილებლად სჭირდება. სხვა შემთხვევაში მათ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი «ყვითელ ბარათს უჩვენებს». თვლიან, რომ მოლაპარალებების მაგიდასთან განხილულ სისტემებზე წასვლა მათთვის სახიფათოა, ასევე პრესტიჟის საკითხიცაა: თვლიან, რომ პოლიტიკურად წააგებენ, თუ მსოფლიოს ზეწოლის შემდეგ ჩვენს მიერ ინიცირებული წინადადების გაზიარება მოუწევთ, რაც თავისთავად იყო მათ მიერ პროპორციული სისტემის უკან წაღების შემდეგ სიტუაციის გადარჩენის მცდელობა. ამიტომ ახლა ივანიშვილი გადაერთო სხვა გეგმაზე: მას სურს, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტს შიგნით შეაგროვოს 100–50–ზე მცირე მოდიფიკაციაზე – 110–40–ზე, ასევე ბარიერის დაწევის ან გაუქმების შემოტანით ისევ გაითამაშოს ის, რაც თავის დროზე - ზაფხულში გააკეთა: თითქოს დემოკრატია, სინამდვილეში კი ოპოზიციურ პარტიებში დეზინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს, ხოლო შემდეგ ამას უცხოეთში კონსტრუქციულ ოპოზიციასთან შეთანხმებად გაასაღებს“.

უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებების კონტექსტში მან პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ფიგურებს სხვა მოთხოვნები წაუყენოს:

„ამ ნაბიჯს ის უმსხვერპლოდ ვერ გადადგამს, რადგან თითოეული მანდატი, რომელიც აკლდება მაჟორიტარულს და ემატება პროპორციულს, მისთვის [ივანიშვილისთვის] მძიმე გადასატანია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ცვლილებების პროცესში მას ჰქონდეს სხვა მოთხოვნები ყველასთან, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე წავა. კერძოდ, ის, რომ 2020–დან 2024–მდე პერიოდში თუ ვადამდელი არჩევნები გახდა საჭირო, იქაც ახლა შემუშავებული მოდელი ამუშავდეს და არა პროპორციული, როგორც ახლა კონსტიტუციაშია. და შექმნის არგუმენტს, „73–77–ს ხომ სჯობია, მაგალითად, 110–40–ზეო?“. ამდენად, არ გამოვრიცხავ, ამაზე იყოს გადართული მთელი მცდელობები და თალაკვაძის რიხიანი დაპირებაც ამასვე უკავშირდებოდეს. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის გაუქმების ნაწილს, ვეჭვობ, მას ვინმემ დაუჭიროს მხარი, გარდა ივანიშვილის ერთგული 90–მდე ადამიანისა“.

უსუფაშვილის ვერსიით, ივანიშვილი ამ გეგმით საერთაშორისო პარტნიორებისგან ტონის შერბილებას ელის:

„ახლა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიციის რაიმე ნაწილთან რაიმე შეთნხმების მიღწევა და ეს რაღაც ნაწილი შეიძლება, მოგვევლინოს 12–პარტიულ ერთობად. პარლამენტში არიან ერთ და ორკაციანი პარტიები, რომლებიც ახლა შესაძლოა, ისევ პარტიებად გაცოცხლდნენ და ა.შ. ივანიშვილის ამოცანაა, უკიდურესად გართულებული ვითარება გამოისწოროს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. საერთაშორისო საზოგადოებიდან ელის შეფასებას, „რაღაც ნაბიჯები გადაიდგაო“. მეორეს მხრივ, იგი შეეცდება, მთელი დანარჩენი ოპოზიცია მარგინალებად, რევანშისტებად და რევოლუციონერებად მონათლოს“.

მართალია, აღნიშნული გეგმა ადგილობრივ დონეზე სტაბილურობას არ შეუწყობს ხელს, მაგრამ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა შელახული იმიჯის აღდგენაა არა იმდენად ადგილობრივ, რამდენადაც საერთაშორისო დონეზე:

„ადგილობრივ დონეზე გუნება–განწყობები რომ ადარდებდეს ხელისუფლებას, მსგავს ნაბიჯებს არ გადადგამდა. რეალობა ასეთია და ყოველთვის ასეთი იყო. გავიხსენოთ 2012 და 2003 წლები. აბსოლუტურად იგივე ვითარება გახლდათ. სამწუხაროდ, ყოველთვის ერთვებოდა გარე ფაქტორები და ეს იყო გადამწყვეტი. ამ ქვეყანაში რეალობა ასეთია, ხოლო პოლიტიკა იმისაა, რომ რეალობას გაუსწორო თვალი. „ჩვენ გვინდა“ ჩვენნაირი ქვეყნისთვის კი არა, აშშ–ისთვისაც არ მუშაობს. ამდენად, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა „ქართულ ოცნებასაც“ სჭირდება და ოპოზიციასაც. როდესაც ვთქვი, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდა არ უნდა დაეტოვებინა და ცოტა უნდა მოეცადა, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, კი ბატონო, მაგრამ მათ მაგიდასთან მიატოვეს დასავლელი პარტნიორები და „ქართული ოცნება“. გვესმის, რომ პარტნიორები მხარეებს მუდმივად მოუწოდებენ მოლაპარაკებებისკენ. თუ „ქართული ოცნება“ შეძლებს და გაიტანს ცვლილებებს, თან ამას შეათანხმებს დასავლელ პარტნიორებთან, ოპოზიცია დაეთანხმება თუ არა - მას არ ანაღვლებს“.

მისივე აზრით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ გეგმის შეთანხმება შეძლო, რთული განსასაზღვრია, რა იქნება არჩევნების შემდეგ:

„თუ ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა არ სურს, მან ის მაინც უნდა შეძლოს, რომ აქტიურ კონტაქტზე იყოს დასავლელ პარტნიორებთან. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ოპოზიციისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებისთვის. ხელისუფლება კი ლეგიტიმაციის საკითხზე მუშაობს“.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებაა:

„პარტნიორების ინტერესი ის კი არაა, არჩევნებში რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ გაიმარჯვოს, არამედ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა. სტაბილურობა კი კონსენსუსის გზით შენარჩუნდება: ოპოზიციამ და ხელისუფლებამ კომპრომისული გამოსავალი უნდა მოძებნონ, მათ შორის - საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, რომელიც მეტ-ნაკლებად ასახავს ამომრჩევლის ინტერესს. შემდეგ ამაზე დაფუძნებული არჩევნები უნდა ჩაატარონ კონკურენტულ გარემოში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან ჩართულნი. ეს უნდა იყოს ძალიან ღია, გამჭვირვალე არჩევნები. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, საერთაშორისო საზოგადოების თვალში იმიჯი განამტკიცოს და ეს არ გამოვა ძალაუფლების ჩაბღაუჭების გზით“.

ახალი ამბები