რას გვიმზადებს საარჩევნოდ კრემლი

18-02-2020 17:49:57 ანალიზი

ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს რუსეთი ფოკუსირებული იქნება აშშ–ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება მიზნებს, როგორც ესტონეთის სპეცსამსახური ასკვნის, „რუსეთს სურს, აჩვენოს, რომ სამართლიანი არჩევნები ვერ იმართება, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, რუსეთის პრობლემიდან ყურადღება გადაიტანოს და დასავლეთის „ორმაგი სტანდარტების“ რიტორიკა გამოიყენოს“.

ის გარემოება, რომ საქართველოს მხარდამჭერი დასავლური ქვეყნის სპეცსამსახურების ანგარიშში საქართველო ამ კონტექსტში მოხვდა, მნიშვნელოვნად მიაჩნია "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ დავით ბრაგვაძეს:

„ჩემს მეხსიერებაში პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ანგარიშში საქართველო მოხვდა, როგორც რუსული პროპაგანდის შესაძლო სამიზნე არჩევნების დროს. ეს ნიშნავს, რომ დასავლურ სამყაროში არსებობს ინტერესი, ამ კუთხით გვაკვირდებიან, ხედავენ, რომ შესაძლოა, აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ“.

თავად საკითხი მგრძნობიარეა ქართული საზოგადოებისთვის და ეს აჩვენა კიდეც 2019 წლის ზაფხულში „გავრილოვის ღამის“ მოვლენებმა. ალბათ, სწორედ ამიტომ რუსეთის უხილავი თუ ხილული ხელი ერთ–ერთი მთავარი იარაღია პოლიტიკური აქტორებისთვის ოპონენტების წინააღმდეგ პოზიციონირებისას და ხშირად პოლიტიკურ სპეკულაციასაც ემსგავსება, რაც თავად რუსული საყრდენების სრულად გამოვლენას მაინცდამაინც არ უნდა უწყობდეს ხელს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, მაინც რა მიმართულებებზე დადებს ფსონს რუსეთი მის მიერ მხარდაჭერილი რიგი ჯგუფებისა და თემების ლუსტრაციის პირობებში. სიახლე არაა, რომ ერთ–ერთ მსგავსი საკითხს „ერთმორწმუნეობა“ წარმოადგენს, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არც მაინცდამაინც ეფექტურს. ისიც ცნობილია, რომ საქართველოში არსებობენ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფები, თუმცა თუ გავიხსენებთ იგივე „გავრილოვის ღამეს“ და სხვადასხვა საზოგადოებრივ კვლევებს, ქვეყანაში, სადაც პროევროპულ საგარეო პოლიტიკურ კურსს მნიშვნელოვნად მაღალი და მყარი მხარდაჭერა აქვს, რთული დასაშვებია, მმართველობაში ღიად პრორუსული ჯგუფები მოექცნენ. თუმცა აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს კითხვები ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო ორიენტირებთან მიმართებაში. ამდენად, საინტერესოა, მაინც რა არის ჩრდილოელი მეზობლის მიზანი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

ბრაგვაძე რუსეთის აქტიურობას რამდენიმე მიმართულებით ელის:

  • პრორუსული პოლიტიკური ძალების და საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით;
  • საზოგადოებაში რადიკალიზაციის მაღალი დონის შენარჩუნება;
  • ხელისუფლების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

„მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი სამეზობლოში ხშირად იყენებს რადიკალიზაციის მეთოდს. რაც უფრი „მღვრიეა წყალი“, რუსული სახელმწიფო მანქანა მეტ „თევზს“ იჭერს. სამწუხაროდ, ნიადაგი საქართველოში არსებობს: დაძაბულობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ მაღალია. არ მგონია, რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ჰქონდეს ილუზია, რომ საქართველოში არჩევნებში ღიად პრორუსული პოლიტიკური ძალის გამარჯვების შანსი არსებობს. ამიტომ რუსეთის მიზანი იქნება, გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა იყოს ის, რაც შეიძლება, დაბალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს. რუსეთი ხედავს, რომ საზოგადოებრივ დონეზე საქართველოში მისთვის სასარგებლო გაწყობა არაა, არც პოლიტიკურ წრეებშია საკმარისად, აქედან გამომდინარე, ყველა გავლენიან პოლიტიკურ აქტორს პრობლემა საზოგადოებასთან უნდა ჰქონდეს; არ უნდა იყოს ნდობის, ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. რუსეთი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში მეტის მიღწევა შეუძლია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ხელისუფლების დაბალი ლეგიტიმაციის პირობებში მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა შენარჩუნდება. თუ ხელისუფლება ქვეყნის შიგნით სუსტია, უფრო მოწყვლადია სხვადასხვა გავლენების მიმართ. ჩვენ კი ვიცით, რომ რუსეთი ყოველდღიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, მათ შორის - საოკუპაციო ხაზის პრობლემას. ეს, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების ერთიანობის ხარისხზე, ხოლო ხელისუფლებისთვის თავის ტკივილს წარმოადგენს, ვინაიდან წლების განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობის მიუხედავად, ამ მიმართულებით შედეგები არ არის“.

რუსული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში საინტერესოა, მათ შორის, რამდენიმე ახალი მონაცემი.

პირველი – გასული წლის 20 დეკემბერს „ფეისბუქმა“ ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომელიც, მისი დასკვნით, საქართველოს მმართველ გუნდთან იყო კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდა. ამ გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) «ფეისბუქის» გამოძიების პარალელურად საკუთარი კვლევა ჩაატარა (DFRLab-ს თავდაპირველად საქართველოში ორგანიზებული საეჭვო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია «ფეისბუქმა» მიაწოდა) და დაადგინა: გაუქმებული ვებგვერდები ქართულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ავრცელებდნენ "დამაპირისპირებელ სოციო-პოლიტიკურ შინაარსს, რომელიც ივანიშვილსა და მთავრობაში მის მოკავშირეებს უჭერდა მხარს, ცდილობდნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების დისკრედიტაციას და ამასთანავე, ავრცელებდნენ პრორუსულ ნარატივს, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

მეორე – „აქცენტმა“ 2019 წლის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა მონაცემები იმის შესახებ, 2012 წლიდან დღემდე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში რამდენი პირი და ორგანიზაცია იქნა მხილებული; რა ზომები გატარდა მხილების შემთხვევაში, რამდენს წარედგინა ბრალი და რატომ არ განსაჯაროებულა არც ერთი საქმე.

პასუხად ზოგადი, მაგრამ მაინც საინტერესო მონაცემები მივიღეთ, რომელშიც საუბარი არ არის „ჯაშუშების“ პასუხისგებაში მიცემაზე.

„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში განხორციელებული სავარაუდო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით 2012 წლიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 10 საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით [უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდუცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა. ისჯება 12 წლამდე პატიმრობით] და 319-ე მუხლით [უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება 15–წლამდე პატიმრობით] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით [რედ. - არ არის დაზუსტებული, რომელი ქვეყნის ან ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობაზეა საუბარი]. აღნიშნული საქმეები შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი განსაჯაროება არ მოხდა. ამასთან, გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტარდება კონტრდაზვერვითი ღონისძიებები არაერთი პირის მიმართ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, კანონმდებლობის შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, განვახორციელოთ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება“.

ახალი ამბები