გამოვა საქართველოსგან ბელარუსი?

16-12-2024 18:15:19 ინტერვიუ

28 ნოემბრის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ სწრაფი ტემპით დაიწყო რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება: სწორედ ამგვარად განიხილავენ პროცესზე დამკვირვებლები და მასში მონაწილეები პროევროპული აქციების მონაწილეთა არა მხოლოდ მასობრივ, ფაქტობრივად „ქარხნული“ წესით დაკავებებს დაკისრებულ მძიმე სანქციებს, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას (რის შესახებაც არაერთი დაკავებული საუბრობს. მათი ნაამბობი ძირითად შემთხვევებში იდენტურია), არამედ კანონებში უმოკლეს დროში შეტანილ მთელ რიგ ცვლილებებსაც, რითაც მნიშვნელოვნად იზღუდება ადამიანის უფლებები. არის ვითარების კიდევ უფრო დამძიმების მოლოდინი და ბევრს უფრო და უფრო უმყარდება განცდა საქართველოს „ბელარუსიზაციის“ მცდელობების თაობაზე, რაც გულისხმობს დასავლეთისგან იზოლირებას, კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს, რეპრესიებს... თუმცა არის კი ეს შესაძლებელი ქართული კონტექსტის გათვალისწინებით? „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ არა. მკვლევარი საკუთარი რწმენის გასამყარებლად „აქცენტთან“ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ფართო საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზრდაზე:

  • ანალიტიკოსი გვთავაზობს, გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდი - "ყველაზე ბნელი ხანა: რუსეთსა და ბელარუსში, ასევე ბევრ საბჭოთა რესპუბლიკაში კომუნისტური მმართველობა ხალხს აღქმული ჰქონდა როგორც გარდაუვალი რეალობა, რომელსაც უნდა დამორჩილებოდა და ეცხოვრა წესებით, რომელსაც უკარნახებდნენ. საქართველოში ყოველთვის იყო დაუმორჩილებლობის სულისკვეთება; ყოველთვის, კომუნისტურ პროპაგანდას, გნებავთ ინსტიტუტებს - იმჟამინდელ სასამართლოს, ძალოვან სტრუქტურებს, სკოლებში კომუნისტური იდეოლოგიის თავში ჩატენას - აღიქვამდნენ დროებითად და ზედაპირული ზეწოლის ელემენტებად; მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სკეპტიკურად, სარკასტულად იყო განწყობილი კომუნისტური გამოვლინებების მიმართ. ამიტომ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით, შესაძლოა, მზად არ ვიყავით და ბევრი რაღაც დაგვრჩა, რაც ხელს გვიშლის წინსვლაში, მაგრამ თავისუფლების სიყვარული ჩაკლული არ ყოფილა. მაგალითად, ბელარუსში თუ მოსახლეობის 30% პროევროპულია, უნდა დემოკრატიული წინსვლა, არ ვიცით, რამდენშია თავისუფლების სიყვარული. საქართველოში ამგვარად განწყობილი მოსახლეობის 80%-ია. დემოკრატიაზე არ ვსაუბრობ, რადგან ეს ცოდნის საკითხია, ფუნქციონალურად უნდა გესმოდეს, თან ჩვენ დემოკრატიის გამოცდილება არასდროს გვქონია, მაგრამ რაც შეეხება სამართლიანობის განცდას და თავისუფლებას - ეს ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ქართველებში არის ჭარბად, ამიტომ არის ძალიან ძნელი ამის ჩახშობა, მით უფრო დღევანდელ ეპოქაში. თუ ხელისუფლება იმგვარ რეპრესიებს მიმართავს, როგორც ეს კომუნისტებმა გააკეთეს - სისხლით და მახვილით, 21-ე საუკუნეა და არ შეგიძლია, ისეთი რამ განახორციელო, როგორიც, მაგალითად კამბოჯაში ჩაიდინა დიქტატორმა თავის დროზე, როდესაც ნახევარი მოსახლეობა ამოწყვიტა".
  • მისი რწმენით, მეთოდები, რომელსაც ამჟამად იყენებს "ქართული ოცნება", მათ შორის კანონმდებლობაში ანტიდემოკრატიული ცვლილებებით, ვერ გამოიღებს იმგვარ შედეგს, რაც გამოიღო იგივე, რუსეთში ან ბელარუსში: "ამ კანონებს მოსახლეობა მასობრივად არ დაემორჩილება - ყველას ციხეში ვერ ჩასვამ, ყველას ვერ გააგდებ სამსახურიდან! სტრასბურგის სასამართლოს რომ მიმართონ ადამიანებმა, ის იტყვის, რომ ეს კანონები არ არის ევროკონვენციებთან შესაბამისობაში". აქვე იხსენებს, რომ რუსეთი და ბელარუსი გამოვიდნენ ევროპის საბჭოდან და თუ აქეთკენ მიჰყავთ ქვეყანა "ოცნების" მესვეურებს, ასოცირების შეთანხმებაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, "რადგან ეს შეთანხმებაც ავალდებულებს ქვეყანას, მიიღოს დემოკრატიული კანონები, შექმნას დემოკრატიული გარემო. თუ საწინააღმდეგო მიმართულებით დგამ ნაბიჯს, ასოცირების შეთანხმებაც ირღვევა და შესაძლოა, ისიც შეაჩერონ. ამდენად, ჩვენ 90-იანების დასაწყისში დავბრუნდებით. ეს მოსახლეობისთვის რამდენად მისაღები იქნება?"
  • მკვლევარი კონსტანტირებს, რომ საერთაშორისო კავშირები საქართველოში "ძალიან განვითარებულია, მაღალია ჩვენი დამოკიდებულება ევროკავშირზე, აშშ-ზე". ამ კონტექსტში ახსენებს აფხაზეთის და ცხინვალის არაღიარების პოლიტიკას - "როგორც კი ზურგს შევაქცევთ ევროკავშირს, დასავლეთი აღარ გაშლის დიპლომატიას სხვადასხვა ქვეყნებთან ამ მიმართულებით, მაგრამ ამას გააკეთებს რუსეთი და აფრიკიდან, აზიიდან და ა.შ. დაგროვდება კრიტიკული მასა ქვეყნების, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“. ვფიქრობ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს ესმის".
  • მორიგი არგუმენტია ადამიანური კაპიტალის განვითარება - "საქართველოს სტუდენტების უდიდესი ნაწილი ოცნებობს, სასწავლებლად უცხოეთში წავიდეს. ამის შესაძლებლობას ჩვენ ევროკავშირი გვაძლევს, აშშ-ც. იგივე ერასმუსის პროგრამით უკვე 6 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა - სტუდენტი იღებს მაღალი ხარისხის განათლებას და შეუძლია, სამსახური მიიღოს არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც. ამ კონტექსტში ჩვენ ვიყავით პრივილეგირებულები, რადგან ყველაზე მეტ მოტივაციას ისინი ხედავდნენ ქართველებში, ქართულ სასწავლებლებში, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას. გარდა ამისა, სასწავლებლებს შორის არსებობს ხელშეკრულებები და მის ფარგლებში ხორციელდებოდა მოსწავლეთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. ეს საზოგადოება დიდწილად თავისი განვითარების პერსპექტივას ხედავს ამ კონტაქტებში. ამ ფონზე „ქართული ოცნება“ და მისი მესვეურები გეუბნებიან, რომ "ეს რყვნის ერს, ეს არის სახიფათო ჩვენი სქესობრივი იდენტობისთვის, ამიტომ, სჯობს რუსეთში, შუა აზიაში ისწავლონ ჩვენმა სტუდენტებმაო". ცხადია, ეს საქართველოში მიუღებელია ყველასთვის" - ამბობს ანალიტიკოსი და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირთან მჭიდრო კონტაქტით სარგებლობს ყველა სოციალური ჯგუფი, ნებისმიერ სოციალურ საფეხურზე მყოფი, ამდენად, "იგივე უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა აღმაშფოთებელი იქნება „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვისაც და ძალიან დამთრგუნველი - ადამიანები სამუშაოდ დადიან ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, საქართველოში რთულად საპოვნელი გახდა კარგი ხელოსანი, რადგან ევროპაში მიდიან სამუშაოდ, მაღალი შემოსავლებიც აქვთ. ეს შესაძლებლობები იკეტება და საქართველოში იმის გააზრება, რომ ეს დაუშვებელია, აქვს ბევრს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც".
  • ამასთან, გოგოლაშვილისთვის „ფაქტია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება (ფართო გაგებით) განვითარდა ისე, როგორც არსად პოსტ საბჭოთა ქვეყნებში“: „ეს მოხდა იმიტომ, რომ ვიმეორებ, საქართველოში ყოველთვის იყო თავისუფლების სიყვარული, დემოკრატია ადვილად მისაღებია და ამ სულისკვეთებამ მოიცვა ძალიან ბევრი ადამიანი. ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს აყენებენ კერძო ინტერესებზე წინ; შეუძლიათ, სხვათა ინტერესები გაიზიარონ და ყველასთან ერთად იბრძოლონ საერთო უფლებებისთვის; აქვთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; განვითარებული აქვთ ემოციური ინტელექტი - გამოჩნდა თუ რამდენი არიან თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში და ა. შ."
  • ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ ფაქტორზეც, დასავლური ინვესტიციების ჩანაცვლების თაობაზე ილუზიების თესვაზე: „საქართველოში ევროპული ინვესტიციები ჭარბობს ყველა სხვა ინვესტიციებს. ჩინეთიდან, ბოლო პერიოდში, საქართველოში ინვესტიცია საერთოდ არ შემოდის. იგივე გვირაბები და გზები რომ შენდება, შენდება დასავლური რესურსებით - საქართველო იღებს გრძელვადიან სესხებს საერთაშორისო ბანკებიდან - მაგალითად, აზიის განვითარების ბანკიდან (რომელშიც ამერიკული და იაპონური წილია ყველაზე მაღალი), მსოფლიო ბანკიდან (რომლის ძირითადი დონორები არიან ევროპა და ამერიკა), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და ამგვარი ინსტიტუტებიდან. შემდეგ ჩინელები იგებენ ტენდერებს, მათ შორის, არ გამოვრიცხავ კორუფციულ სქემებსაც, რადგან ასე ექცევიან ჩინური კომპანიები მთელს მსოფლიოში და ასრულებენ კონტაქტებს. წარმოდგენა, რომ ჩინეთი იქნება დიდი ინვესტორი, ეს ილუზიაა - თავად არის დასავლური ინვესტიციების მიმღები, მისი ინდუსტრია ამაზეა დამოკიდებული. გვესმის ისიც, რომ რუსეთს ინვესტიციების თავი არ აქვს და არც ექნება დიდი ხნის განმავლობაში: ომის დასრულების შემდეგ თავად დასჭირდება ინვესტირება - მთელი რიგი დარგები ჩამოეშალა. ამრიგად, იზოლაციის პირობებში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია. ასეთ ვითარებაში მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიქცევა, როგორც გარბიან ირანიდან, ავღანეთიდან, მაროკოდან, ტუნისიდან - სადაც დემოკრატია არაა, მოსახლეობა იქიდან გარბის“.

მისი დაკვირვებვით, შექმნილ კრიზისში ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" "სიტუაციიდან გამოსავალი არ დაიტოვა" და აქვს მოლოდინი რომ "სამწუხაროდ, ალბათ რადიკალიზაციისკენ წაიყვანს პროცესს". ეს ეხება არა მხოლოდ შიდა კანონების გამკაცრება, რასაც თავად "ფაფხურს" უწოდებს, არამედ, დასავლეთიდან რაც მეტი იქნება ზეწოლა, "მეტად დისტანცირებას დაიწყებენ, შეეცდებიან, ბერალუსიზაციის გზაზე დააყენონ ქვეყანა". მაგრამ ჰგონია, რომ ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს და კიდევ უფრო გამძაფრდება პროტესტი - "ძალაუფლების წყურვილი უპირისპირდება ხალხის მოთხოვნას დემოკრატიაზე". ის ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ემოციები, ეს გააზრებული პროტესტია - "განსაკუთრებით ახალი თაობები მეტად რაციონალურად უდგებიან საკითხებს. გააზრებული აქვთ, რისთვის იბრძვიან, გამძაფრებული აქვთ უსამართლობის მიმართ შეურიგებლობა. ვიდრე უსამართლობის წყარო არ შეწყდება და უსამართლო გარემო არ შეიცვლება, ეს პროტესტი გაგრძელდება - შეუძლებელია, ჩაქრეს".

ის საგარეო ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს - ავტორიტარულის და დემოკრატიულის დაპირისპირების კონტექსტში:

  • "თუ მიდგება საუბარი იმაზე, რომ საქართველო არის ჩაკეტილი სისტემა და ერთმანეთს უპირისპირდება საზოგადოების შეგნებული ნაწილი კორუმპირებულ მმართველობას, რომელსაც სურს, ნებისმიერ გზით დარჩეს ძალაუფლებაში, სამოქალაქო საზოგადოება ძალიან მარტივად გაიმარჯვებს. მაგრამ სისტემა მაინც გახსნილია, გვერდზე არსებობს რუსეთი, რომელიც ამას მხარს უჭერს, სხვა ავტორიტარული და ტოტალიტარული ქვეყნებიც ზურგს უმაგრებენ - ცხადია, „ოცნებას“ მხოლოდ მათი იმედი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ სრულად უნდა ჩამოიხსნან ნიღაბი და გადაიქცნენ დიქტატურად - ეს გამოსავალი აქვთ მათ საკუთარი თავისთვის დატოვებული. ამ შემთხვევაში საკითხი გადადის გლობალური დაპირისპირების ჭრილში - დემოკრატიული და ავტორიტარული სამყაროს. და აქ ბევრი რამ წყდება. საქართველო ამ ორი სამყაროს ფრონტის ხაზზეა. მოსახლეობის 80% მომხრეა დასავლური ცივილიზაციური ნორმების გაზიარების, მაგრამ გვერდზე ავტორიტარული რეჟიმები არიან, რომლებიც ცდილობენ, საქართველო მათ რიგებში დატოვონ. ამ დაპირისპირების ფონზე ივანიშვილს და მის გარემოცვას გაუჩნდა იმედები, რომ „დასავლეთი დასუსტდება, ტრამპი კიდევ უფრო დაასუსტებს ევროატლანტიკურ ერთობას. დასუსტებულ ევროპას ჩვენთვის აღარ ეცლება, ნატო-დან გავა აშშ და რუსეთს „მწვანე შუქს“ მისცემს (მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში არ შემოხვიდე და შავი ზღვა შენი იყოსო)“... ეს პრობლემები რეალურად არსებობს და ჩვენ მასზე გავლენას ვერ მოვახდენთ".

მაგრამ აქვე საუბრობს იმ გარემოებებზე, რაზეც შეუძლია ქართული საზოგადოების მტკიცე ნების გამოვლინებას გლობალური თვალსაზრისით გავლენის მოხდენა: "ამ პროცესს თვალს ადევნებენ ავტორიტარულ ქვეყნებშიც: ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, სადაც ადამიანები იჩაგრებიან, არ არსებობს დემოკრატია, კანონის უზენაესობა. იქ ადამიანებს ეძლევათ იმედი. ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის, შუა აზიიდან იწერებიან, „ჩვენი იმედი ხართ ქართველებიო“ და ა.შ. - საქართველოს გათავისუფლებაში მომავალში თავიანთი ქვეყნების გათავისუფლებასაც ხედავენ. ამიტომ, საქართველოში ამ ბრძოლას ამ თვალსაზრისით გლობალური გავლენაც აქვს".

ის ხაზს უსვამს, რომ "არ გვაქვს ბერკეტები, გლობალურ დაპირისპირებაში დიდი წვლილი შევიტანოთ". და აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, დემოკრატიული სამყარო "მყარად დადგეს და დაიცვას მოსახლეობის ნება". მას აქვს ეს მოლოდინი, რადგან სხვა გზა "თავადაც არ დარჩენიათ - ისევე როგორც ვერ მიატოვებენ უკრაინას (მათი სასიცოცხლო ინტერესია), ასევეა საქართველო - ამ ბრძოლაში საქართველოს დამარცხება ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს დასავლეთის რეპუტაციას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები