
ვინ დაიცვა "ქართული ოცნება" ევროპარლამენტში გამართული დებატებისას
17/12/2024 15:49:13 პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სიტყვით გამომსვლელი ევროპარლამენტარების უმეტესობამ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გააკრიტიკა, თუმცა ევროპარლამენტარების ნაწილმა მმართველი პარტია დაიცვა.
მაგალითად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერია ფრანგი ევროდეპუტატი ტიერი მარიანი, რომელიც წარსულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის მარინ ლე პენის პარტიას ["პატრიოტები ევროპისთვის"ჯგუფს] წარმოადგენს.
მარიანიმ ევროკავშირი საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
"თქვენ ცდილობთ, მოვლენები მაიდნის მსგავსად კონტროლიდან გავიდეს. თუმცა საქართველო და მისი ინსტიტუტები მტკიცედ დგანან. ისინი უძლებენ იმათ ძალადობას, ვინც არჩევნები წააგო", - განაცხადა მარიანიმ.
"ქართული ოცნება" დაიცვა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, იტალიელმა დანილო დელა ვალემ, რომელიც ევროპარლამენტში მემარცხენე ჯგუფს (GUE/NGL) წარმოადგენს. GUE/NGL-ში გაწევრიანებული არიან ულტრამემარცხენე და კომუნისტური პარტიები.
"ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურთ, ან რას ამბობენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი", – განაცხადა მან.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.
„ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ", – განაცხადა კალასმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს.
„მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
რაც შეეხება სანქციებს, კალასის თქმით, საქნციებთან დაკავშირებით ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხობაა საჭირო, რაც დღეს ვერ იქნა მიღწეული.
"როგორც მოგეხსენებათ, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27 წევრის თანხმობა. მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურიც“, - განაცხადა კაია კალასმა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობოდა სანქციების დაწესებას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის. თუმცა ამის წინააღმდეგი არიან უნგრეთი და სლოვაკეთი.
ცნობისთვის: 9 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან. ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“ და პერსონალური სანქციების დაწესება „ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.
მე–20 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.