18-12-2024 16:03:59 კავკასია ,პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის აზრით, "საქართველომ ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსების კონტროლის დანერგვის კუთხით ცოტა დააგვიანა კიდეც".
"გარე გავლენის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ხომ გაირკვა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას დასავლეთიდან იღებს? და ამ ორგანიზაციებში ასობით, თუ არა ათიათასობით ადამიანი მუშაობს, რომელიც იქ ხელფასს იღებს. ჩვენ ეს ყველაფერი მოვაწესრიგეთ. მაგალითად, აზერბაიჯანული მედია უცხოეთიდან დაფინანსების 1%-საც კი ვერ მიიღებს. ან რატომ უნდა მიიღოს? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ ამერიკულ მედიას? მაშ აშშ-მა რატომ უნდა აფინანსონ ჩვენი?! - ვიცით, რატომაც და რისთვისაც: მათ ხელთ არსებული რესურსები, როგორიცაა "ამერიკის ხმა", ასევე "რადიო თავისუფლება", დღე და ღამე ტალახს ისვრიან ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყის მისამართით და ეჭვქვეშ აყენებენ სომხეთზე ჩვენს გამარჯვებას. ვფიქრობ, საქართველოში გარკვეული დრო დაიკარგა ამ საკითხის მოგვარების კუთხით, ხოლო როცა მოგვარდა, როგორც იტყვიან, მატარებელი უკვე ჩავლილი იყო. თუმცა კარგია, რომ ახლა ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის. და ხედავთ, რომ საქმეში ისევ მაკრონის ყურები ჩაანს. ვერ ეტევა ადამიანი თავის ქვეყანაში - აუცილებლად უნდა გადასწვდეს საქართველოსაც" - განაცხადა ალიევმა, რომლის მმართველობის საყოველთაოდ ცნობილი ავტორტარული სტილი არაერთგზის გამხდარა როგორც ადგილობრივი ოპოზიციის, ისე დასავლეთის კრიტიკის საგანი.
ცნობისთვის: ალიევი ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ მსოფლიო ლიდრებს შორის, რომლებიც "ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმურობას აღიარებენ, "ოცნებას" 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, ხოლო "ოცნების" პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ასევე სადავო ლეგიტიმაციის მქონე 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
ჯერ კიდევ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო მედიამ საქართველოში ყველა პროდასავლური ძალის, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის დაუფარავ დისკრედიტაციას მიჰყო ხელი, რაც ამ დრომდე გრძელდება.
რაც შეეხება აზერბაიჯანში დასავლური მედიის, კერძოდ, ალიევის მიერ ნახსენები "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მუშაობას, ორივეს ოფისი ავტორირატურმა ხელისუფლებამ 2009 და 2014 წლებში დახურა.
ზოგადად, ამ ორი მედიასაშუალების მისია დემოკრატიული ფასეულობების ხელშეწყობაა მოსახლეობისთვის ზუსტი, ცენზურას დაუქვემდებარებელი ინფორმაციის მიწოდების გზით, განსაკუთრებით - იმ ქვეყნებში, სადაც სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და დეზინფორმაცია დომინირებს.