უფლებადამცველებმა არაერთი საქმის შესწავლის და პროცესებზე დაკვირვების შემდეგ ჩამოაყალიბეს სქემა, რომელიც მოქმედებს პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ეს მოიცავს რამდენიმე ეტაპს: აქციების დარბევას, დაკავების შემდგომ პერიოდს, მოწმე პოლიციელების და სასამართლოს როლს. ამ მეთოდებზე წარმოდგენას ქმნის ცალკეული ნაცემი დემონსტრანტის ისტორია, რომელთაც საჯაროდ ისაუბრეს, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააანალიზეს არაერთი დოკუმენტი და ერთად მოუყარეს თავი.
კონკრეტულად რა მეთოდებს იყენებდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ, ამ საკითხზე ნინო ლომჯარიამ ისაუბრა:
- რიგ შემთხვევაში გაფრთხილების, რიგ შემთხვევაში გაუფრთხილებლად იწყებოდა რამდენიმე საშუალების გამოყენება - წყლის ჭავლში გარეული გაურკვეველი ნივთიერება, წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი და ა.შ.
- ჭავლის გამოყენების შემდეგ საპოლიციო ძალები ისროდნენ დიდი რაოდენობით მხუთავი გაზის კაფსულებს, რაც შეუძლებელს ხდიდა ხედვას, სუნთქვას, იწვევდა ჭყლეტას, ქმნიდა ქაოსის რეალურ საფრთხეს.
- გაზის კვამლში გახვეული დემონსტრანტების დასაჭერად სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ რაზმები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად ყველას, ვინც ვერ ახერხებდა ტერიტორიის დატოვებას.
- უმეტესად მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დაშლის მოწოდებას, სპეცრაზმი უწყობდა ჩასაფრებას და აკავებდა.
დაკავების შემდეგი პერიოდი
- დაკავებულებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა: შეჰაყვდათ ე.წ სპეცრაზმის კორდონში, სადაც სცემდნენ, შემდეგ შეჰყავდათ „მინივენებში“.
- სპეციალურ ავტომანქანებში შიდა სივრცე იმგვარად იყო მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო.
- მინივენებში სპეციალური ჯგუფები შედიოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ დაკავებულებს.
- დაკავებულთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს, სად და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებული.
- დაკავებულებს განსაკუთრებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალბუდის, ნეკნების და თირკმლების არეში;
- საპოლიციო ძალები ცემასთან ერთად ძარცვავდნენ დაკავებულებს: ართმევდნენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, საფულეს, მობილურს, ჯვარს და სხვა ნივთებს;
- ცნობილია შემთხვევა, როდესაც საპოლიციო ძალებმა „მინივენში“ შეაგდეს კაზის კაფსულა და შემდეგ კარი დახურეს.
- ცნობილია შემთხვევებიც, როდესაც ნაცემ და დაკავებულ მოქალაქეებს ასხამდნენ ცივ წყალს. ასევე ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ მაგალითად, წინდას;
- დაკავებულებს აგინებდნენ, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხვით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაკავების შემდგომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ.
- ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას, უღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს, აიძულებდნენ, ეთქვათ საკუთარი თავის მისამართით დამამცირებელი ფრაზები. რიგ შემთხვევებში ნაცემ დაკავებულებს ვიდეოებს პირადად გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა;
- ფიზიკური ანგარიშსწორების და წამების შემდგომ სპეცრაზმი დაკავებულებს გადასცემდა საპატრული პოლიციას, რომელსაც ისინი პოლიციის სამმართველოში, ხოლო 3-4 საათის შემდგომ დაკავებულების იზოლატორებში გადაჰყავდათ;
- გადატვირთულობის გამო, სასტიკად ნაცემ, ტანსაცმელშემოხეულ, დასველებულ დაკავებულებს, საშუალოდ - 3 ან 4 საათის განმავლობაში უხდებოდათ მანქანებში მოცდა. რიგ შემთხვევებში დაკავებულები სხვა ქალაქების იზოლატორებში მიჰყავდათ.
- იზოლატორში შესახლებამდე პოლიციის მიერ შედგენილი დაკავების ოქმების აბსოლუტური უმრავლესობა არის ყალბი და არასწორი.
- მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ეტყობოდათ წამების და ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი, არ უწევდნენ დროულ სამედიცინო დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში არ გადაჰყავდათ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე არ ეძლეოდათ ადვოკატთან დროულად დაკავშირების შესაძლებლობა. უმეტესად, დაკავების 48 საათის გასვლის შემდგომ ისინი იზოლატორებიდან მიჰყავდათ სასამართლოში.
რა ხდებოდა სასამართლოში
ამ საკითხზე ისაუბრა ეკა გიგაურმა - „საერთაშორისო გამჭვირვალეობა“ აკვირდებოდა სასამართლო პროცესებს და გამოკვეთა პოლიციელების როლი, რომლებიც "ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ სასამართლოს:
- პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები როგორც წესი, იყო შაბლონური, გამოიყენებოდა იდენტური ტექსტები, მათ შორის, შეცდომებიც მეორდებოდა, მაგალითად, არასწორად წერდნენ შეურაცხყოფას, რაც კონკრეტული ტექსტების გადაცემაზე მიუთითებს.
- ოქმებში მითითებული არ არის შესაძლო სამართალდარღვევის დრო, ტერიტორიაც ძალიან ზოგადად არის მითითებული - ხშირად არის საუბარი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- ოქმებში არ არის მითითებული, რა სიტყვები შეფასდა სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის დარღვევად: სასამართლოში წარმოდგენილი პოლიციელები ზოგად ფრაზებზე მიუთითებენ - „იგინებოდა უმისამართოდ“, „გვეძახდა მონებს და რუსებს“.
- მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ, რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან; არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერს. ხშირ შემთხვევაში ამბობენ, რომ სამხრე კამერები ჰქონდათ გამორთული, დატენილი არ იყო, არ მუშაობდა და ა.შ.
- ორი ან მეტი პოლიციელის მოწმედ არსებობის შემთხვევაში მათი ჩვენებები არსებითად არის ერთმანეთს აცდენილი.
- დაკავების ოქმები შეიცავს ყალბ, არასწორ მონაცემებს, მათ შორის დამკავებელი პოლიციელების შესახებ.
- მოწმე პოლიციელები ამბობენ, რომ უყურებდნენ შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტს, თუმცა ისინი საერთოდ არ ფიქსირდებიან იმ ჩანაწერებში, რომლებსაც ადვოკატები წარადგენენ სასამართლო პროცესებზე.
- მოწმე პოლიციელები სასამართლოს სხდომებზე საუბრობდნენ, რომ ისინი ბრძანებებს აძლევდნენ სპეცრაზმის ხელმძღვანელებს ან წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც ისინი საპატრულო პოლიციის რიგითი პოლიციელები არიან და ვერც წარმოადგენენ საფუძველს, თუ რის საფუძველზე აძლევდნენ ბრძანებას სხვა დანაყოფის წარმომადგენლებს.
გიგაურმა აღნიშნა ისიც, რომ ადვოკატებს არ ეძლევათ მათთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობა.
მან გაასაჯაროვა რამდენიმე პოლიციელის ვინაობაც:
"ამ მასშტაბის ძალადობა ვერ განხორციელდებოდა წინასწარი ორგანიზების გარეშე. გვაქვს ერთნაირი ხელწერა, იდენტური ისტორიები“,- ხაზს უსვამს ლონდა თოლორაია.
ის დასძენს, რომ შსს "გარანტიები აქვს მიღებული პროკურატურიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, რომ არც ერთ ასეთ ფაქტზე არ იქნებიან დასჯილები დამნაშავეები".
მისი თქმით, დამნაშავეებად გვევლინებიან არა მხოლოდ მოძალადეები, არამედ ბრძანების გამცემები და ნეიტრალური აქტორები (პროკურატურა, სსს), რომლებიც არ რეაგირებენ დანაშაუილზე. ასევე სასამართლო "უკანონო გადაწყვეტილებებით", პარლამენტი და მთავრობა. ის ხაზს უსვამს, რომ მსგავსი დანაშაულის პირობებში არგუმენტად მოხმობა, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მიუღებელია, რადგან მინიმუმ, ბრძანების გამცემების შესახებ აქვთ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს.
"ამიტომ, ჩვენ გვაქვს თვალხილული მოქმედებით თუ უმოქმედობით ჩადენილი წამება და არაადამიანური მოპყრობა ქვეყანაში“,- შეაჯამა თოლორაიამ.
არასამთავრობოების ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შესულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.
მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.