ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 9-15 დეკემბერი

20-12-2024 12:26:05 კონფლიქტები

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია მონაწილეობას არ მიიღებს

ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ინტერფაქსს“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ასლან ბჟანია ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“, - იუწყება წყარო.

ამავე წყაროს ცნობით, საკუთარი კანდიდატურა, შესაძლოა, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ წარადგინოს. „პრეზიდენტის“ შესაძლო კანდიდატებს შორის ასევე სახელდება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა, რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ყოფილი „წარმომადგენელი“ ოლეგ ბარციცი და ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი გადატრიალების შედეგად ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის მარტის ნაცვლად, 15 თებერვალს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თავად ასლან ბჟანიამ „არჩევნებში“ მონაწილეობის თაობაზე არაერთხელ განაცხადა, მათ შორის მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ.

რუსეთში აფხაზი სტუდენტებისგან სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვაზე დადგომას ითხოვენ

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტებისგან სამხედრო კომისარიატებში რეგისტრაციას ითხოვენ. მისივე თქმით, რუსეთში სამხედრო აღრიცხვის გავლა მის შვილიშვილსაც მოსთხოვეს.

საუბარია რუსეთში სასწავლებლად წასულ იმ აფხაზ სტუდენტებზე, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობაც გააჩნიათ.

„გარკვეული დროის განმავლობაში ამ საკითხს ლოიალურად უდგებოდნენ, თვალს ხუჭავდნენ, ახლა კი ითხოვენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ დაუყოვნებლივ ჯარში გაიწვევენ, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ, თუ იმ დროისთვის კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ არ ამოქმედდება, შესაძლოა, რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, ჯარში გაიწვიონ“, განაცხადა შამბამ. მან ასევე დასძინა, რომ ამჟამად ეს საკითხი ჭიანურდება, ვინაიდან მის გადასაწყვეტად საჭიროა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელი მოეწერა „ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას“, რომლის თანახმად რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზები სამხედრო სამსახურს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან.

„დაფინანსება სოხუმს მაშინ აღუდგება, როდესაც აფხაზეთის ხელისუფლება ანტირუსულ საქმიანობაში ჩართულ პირებს დასჯის“, - ზატულინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის დაფინანსების აღდგენის საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც „რესპუბლიკა მოსკოვთან ურთიერთობებზე სპეკულირებას შეწყვეტს“.

„ერთის მხრივ, გვთხოვენ აფხაზეთის ნებაყოფლობით სუბსიდირებას, მეორე მხრივ კი პატივს არ სცემენ საკუთარ შეთანხმებებს, რომლებსაც ხელი მოაწერეს და მეტიც, მათ შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორების საბაბად იყენებენ“, - აღნიშნა ზატულინმა. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს საფუძველი ენდოს „აფხაზეთის რაიმე გარანტიას, სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმებებს არ შეასრულებენ “.

„თუ აფხაზეთს არ სურს რუსებს მისცეს ის უფლებები, რაც აფხაზებს აქვთ რუსეთში, მაშინ მათ ფინანსური დახმარების იმედიც არ უნდა ჰქონდეთ“, - განმარტა ზატულინმა.

დუმის დეპუტატმა პროვოკაცია უწოდა ელექტროენერგიის დეფიციტის გამო აფხაზეთში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ჯობდა, დე ფაქტო მთავრობას აეკრძალა მაინინგი, რომელიც აფხაზეთის „მთლიანი ელექტროენერგიის დაახლოებით 45 პროცენტს მოიხმარს“.

აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია დღისით მხოლოდ 2 საათით და 48 წუთით მიეწოდება

როგორც კომპანია „ჩერნომორენერგო“ იტყობინება, აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია დღის განმავლობაში ორჯერ, 1 საათით და 24 წუთით მიეწოდება. გრაფიკი კიდევ ორი საათით მას შემდეგ შემცირდა, რაც წყლის კრიტიკული დონის შედეგად ენგურჰესი ავტომატურად გაითიშა. ღამის საათებში მოსახლეობა უწყვეტად, რუსეთიდან კომერციული ფასით შეძენილი ელექტროენერგიით მარაგდება.

2025 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთიდან მორიგ სოციალურ ნაკადს ელის, რომლის მოცულობა 326 მილიონი კვტ/სთ იქნება. 2024 წელს სოციალური გადადინების ფარგლებში მიღებული ელექტროენერგიის მოცულობამ 302 კვტ/სთ შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები