"დარწმუნებული ვარ, ბატონ გომელაურს ვიცე-პრემიერობა კი არა, იმ თანამდებობაზე ყოფნაც აღარ უნდა, სადაც ამჟამადაა" - ინტერვიუ კახაბერ ქემოკლიძესთან

21-12-2024 03:58:47 ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც მათ შორის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აღმოჩნდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქცირების სიაში, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ის, ვიცე-პრემიერის პოზიციაზე დააწინაურა. გარდა ამისა, დააანონსა, რომ „ღირსების ორდენზე“ წარადგენს შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომელთა შორისაც არიან „ადამიანის უფლებების შელახვაზე პასუხისმგებელი“ პირებიც, ხოლო „ფინანსური დანაკლისის“ შემთხვევაში, კომპენსაციაც აღუთქვა. ცხადია, ასეულობით დაზარალებულის არსებობის პირობებში, რომელთა წინააღმდეგაც გამოყენებულ მეთოდებს უფლებადამცველები წამებად აკვალიფიცირებენ, მით უფრო, რომ არც ერთი პოლიციელი არაა პასუხისგებაში მიცემული, ირაკლი კობახიძის გზავნილებმა, სულ მცირე, ცინიკურად გაიჟღერა, თუმცა ბევრმა ეს სისტემაში ბზარების არსებობის მტკიცებულებად უფრო აღიქვა, ვიდრე სიმტკიცის დემონსტრირებად. ამ მოსაზრებას იზიარებს უსაფრთხოების სექტორში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე, ამჟამად "საქართველოსთვის“ წევრი კახაბერ ქემოკლიძე, რომელსაც „აქცენტი“ მათ შორის, ამ თემაზეც ესაუბრა.

კახაბერ ქემოკლიძე: პროგნოზირებადი ნაბიჯები იყო მას შემდეგ, რაც სერიოზული სანქციები დაეწიათ მაღალჩინოსნებს. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფია შს მინისტრი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი გომელაური არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც ამავდროულად - ინსტიტუციურად, მთლიანად უსაფრთხოების აპარატის კურატორი. ამდენად, ეს არა მხოლოდ შს მინისტრის დასანქცირებაა, არამედ ფაქტობრივად, მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების სფეროს.

გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ ერთადერთ რამეს ემსახურება იმ ტექტონიკური რყევების პირობებში, რომლებსაც ახლა სისტემები განიცდიან (სხვათა შორის, არა მარტო შს სამინისტროში) - საკმაოდ კოჭლ გზავნილს სხვა თანამშრომლების მისამართით, „არ შეგეშინდეთ, ჩვენებს მაინც დავიცავთ შეძლებისდაგვარად - ფინანსურად, თანამდებობრივად, შეძლებისდაგვარად წაგახალისებთ, დაგაწინაურებთ და ა.შ.“ დარწმუნებული ვარ, ბატონ გომელაურს ვიცე-პრემიერობა კი არა, იმ თანამდებობაზე ყოფნაც აღარ უნდა (და არ უნდოდა ძალიან დიდი ხნის წინ), რა თანამდებობაზეც ამჟამადაა. უბრალოდ, ამ ადამიანების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ იციან უარის თქმა იმ ერთი ადამიანის მიმართ, რომელიც ფაქტობრივად, ქვეყანას ღუპავს! და როდესაც ეს არ იცი, სწორედაც რომ მსგავს შედეგებს უნდა მოელოდე. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და ამას ვამბობ გულწრფელი გულისტკივილით, რადგან ბატონ გომელაურთან ბევრი წელი ვიმუშავე - სამ განსხვავებულ ინსტიტუციაში.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ვხედავ, რა აკეთეს და რა დონეზე დეგრადირდა მთლიანად სისტემა, რომ ადამიანებს ძარცვავდნენ...წლები ჩაესხა, ღამეები თენდებოდა, რომ რუსულ „გაიშნიკურ“ სისტემას რაღაცნაირად ტრანსფორმაცია განეცადა. ეს ტრანსფორმაცია, სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში მაგალითი იყო. პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია გავიხსენო, როდესაც აფხაზები და ოსები მისვამდნენ კითხვებს ამ რეფორმებზე - დე ფაქტო მთავრობებსაც კი ჰქონდათ ინტერესი. ჩვენ კი მივედით იმ წერტილამდე, რომ გაუგონარი აგრესიის, წარმოუდგენელი კრიმინალის (ოღონდ ლეგალიზებული, ორგანიზებული კრიმინალის) ჩამდენები ფაქტობრივად სამინისტროს წარმომადგენლები გახდნენ! რაც ყველაზე უარესი და გაუგონარია, უბრალოდ, ჯიბგირები გახდნენ! მე მსგავსი რამის მნახველი არ ვარ და ადამიანურად ამას ძალიან განვიცდი! შეუძლებელია ამას ნეიტრალური თვალით უყურო, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის რთული, რომლებსაც გარკვეული ინსტიტუციური ბმა ჰქონდათ და რაღაც გაუკეთებიათ სამინისტროებისთვის თავის დროზე, რომ ნორმალური, ინსტიტუციურად გამართული უწყებები ყოფილიყვნენ.

- ადამიანი მაინც საკუთარი ღირებულებითი სისტემებით აფასებს მოვლენებს და ეს შემაძრწუნებელი ფაქტები შოკში აგდებს, არ ესმის, ეს როგორ ხდება. აქ უკვე არა პოლიტიკაზე, ადამიანობაზეა საუბარი... როგორ მივიდნენ აქამდე?

- მსგავსი მოქმედების მოდელი წინა ხელისუფლებამ განიცადა, ოღონდ ნეგატიურ ჭრილში და ამათ დასკვნები ვერ გააკეთეს. როდესაც ვერტიკალი ეწყობა აბსოლუტურ ლოიალობაზე და აბსოლუტური ლოიალობა ითხოვს არაკომპეტენტურ ადამიანებს, რომლებსაც „არა“-ს თქმის საშუალება ან ნება არ აქვთ; როდესაც უბრალოდ კუნთმაგარ ადამიანებს ნიშნავ პოზიციებზე, რომლებიც ყველაზე მაღალი დონის ინტელექტუალურ აზროვნებას, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოითხოვს (შინაგან მორალზე აღარ მაქვს საუბარი), მიდიხარ კოლაფსამდე, სისტემურ დანაშაულამდე და ამის მომსწრეები ვართ. იგივე დაემართა წინა ხელისუფლებას და ამის მომსწრე თავად ვიყავი - როდესაც აღარ ისმენ კრიტიკულ ანალიზს, აღარ გაინტერესებს, რა ხდება შენი მიკრო სისტემური „ბაბლის“ მიღმა და ყველას ეტიკეტს აკრავ, იქ გონიერება მთავრდება და იმარჯვებენ ეს ნეგატიური ავტოკრატიული აზროვნება, რომელიც ყოველთვის გარკვეულ წერტილამდე მიდის. ვიღაცას სჭირდება 5 წელი, ვიღაცას - 10 წელი, მაგრამ ეს წერტილი ყოველთვის დგება. ზუსტად იგივე ემართებათ, რაც წინა ხელისუფლებას დაემართა. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - მათგან განსხვავებით დასავლეთში კონტაქტები არ ჰყოფნით, რადგან რეალურად კურსის ცვლილება მოახდინეს. გაუგონარი დაპირებები გასცეს წინასაარჩევნოდ, ავტოკრატია გააფორმეს. იმის ინტელექტუალური ჭკუაც არ ეყოთ, ეთქვათ, რომ „შესაძლოა, აპირებდე, მაგრამ ამის ღიად თქმა არ შეიძლება, რადგან არ ხარ აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებსაც დიდი რესურსები აქვთ და ფინანსურად მდგრადები არიან“, მაგრამ ამის თქმა ვერავინ გაუბედა იმ ერთ ადამიანს. თავად იმდენი აქვთ ნაკეთები და ნაშოვნი, რომ ეშინიათ დაკარგვის. სწორედ ეს არის საბოლოო ჯამში ამოსავალი წერტილი.

- სანქციებს რომ დავუბრუნდეთ. თქვენ ბრძანეთ, გომელაურის რანგიდან გამომდინარე, ფაქტობრივად უსაფრთხოების სექტორს შეეხოო. ამ ეტაპზე ყურადღება მახვილდება ადამიანის უფლებებზე, ჯერ-ჯერობით არ ჩანს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი, თუმცა კითხვები ხმამაღლა ჟღერს. ამ მიმართულებითაც ელით გადაწყვეტილებებს?

- რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის საკითხი ვინც უნდა იცოდეს, მათ მერწმუნეთ, იციან - თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რა დონეზე ღრმა ინფორმაციის მატარებლები არიან ჩვენი კოლეგები დასავლური ინსტიტუციებიდან. ამათაც ვერ წარმოუდგენიათ. მარტივი მაგალითია, რომ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, რომელ საათზე დაიწყებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. წარმოიდგინეთ, ეს მაღალი კლასიფიკაციის ინფორმაცია ათიოდე ადამიანს თუ ეცოდინებოდა პრეზიდენტ პუტინის ანტურაჟში. ამ დონის ინფორმაცია იყო გამოტანილი და გასაჯაროებულიც კი, რომელიც აგენტის ვერიფიკაციას რისკავდა და ინფორმაციის მოპოვების მეთოდოლოგიას. „ქართულ ოცნებაში საბოლოო ჯამში არ იციან, დასავლურ ინსტიტუციებში რამდენი იციან ამათზე. ეს არის დამხმარე ინფორმაციები, რომლებიც ამ სანქციებს ამყარებს. ეს ღია სივრცეში შეიძლება საერთოდ არ გამოვიდეს იმიტომ, რომ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ინფორმაციის მოპოვების მეთოდსა და წყაროებს. თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც მიიღება განსაკუთრებით მძიმე სანქციები, რომელიც უკავშირდება „მაგნიტსკის აქტს“ და ფინანსურ სანქციებს, ცხადია შექმნილია ინსტიტუციური ჩარჩო, სადაც ინფორმაციები აკუმულირდება მაღალი დონის კლასიფიკაციით, რომელზე წვდომაც ვერტიკალში შეიძლება რამდენიმე ადამიანს ჰქონდეს. ამიტომ, ეს დამხმარე ინფორმაცია, ცხადია, ყოველთვის არსებობს.

- მძიმე, მათ შორის, პოლიტიკური განაცხადი იქნება იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სახელმწიფოს ხელმძღვანელი რომ აღმოჩნდეს ამგვარ სიაში...

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები დაწყებულია, ეს მექანიზმები ჩაშვებულია. ვინ როგორ მოიქცევა, რა ნაბიჯებს გადადგამს, მათ შორის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ფონზე, ამაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ვინ გადაურჩება საბოლოო ჯამში სანქციების რისკებს. სანქციები არ არის მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვა, ამათაც კარგად იციან ეს, ან ნელ-ნელა აცნობიერებენ. ამათ ვერ წარმოუდგენიათ, სინამდვილეში რას ნიშნავს „მაგნიტსკის სიაში“ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის შეყვანა. აღარ ვსაუბრობ შს მინისტრზე, უსაფრთხოების საბჭოს მდივანზე და ახლა უკვე დე ფაქტო ვიცე-პრემიერზე (არაღიარებული ხელისუფლებაა). ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ დასაწყისია, აისბერგის წვერია.

- გამოდის, რომ უსაფრთხოების სისტემის, თუ რამ გვქონდა, რღვევას ვადევნებთ თვალს...

დიახ. ჩვენი სამწუხარო რეალობა ესაა. ჩვენდა საუბედუროდ, ეს ხდება, მაგრამ ამას ვერ დააბრალებენ საქართველოს მოქალაქეებს რა არ უნდა პროპაგანდა აწარმოონ. ეს არის ინდივიდუალური პოლიტიკური პასუხისმგებლობები, რადგან ამ ადამიანებმა გადაწყვეტილების მთავარ მიმღებს - ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუბედეს, რაღაც სიგიჟეებზე ეთქვათ „არა“. როდესაც ამას ვერ ბედავ, მიდიხარ უფსკრულამდე. ხოლო როდესაც უფსკრულის პირას დგახარ, უბრალოდ ნიავია საჭირო, გადაიჩეხო.

ცხადია, ნებისმიერ საზოგადოებაში ადამიანური ურთიერთობები, როგორც ფენომენი, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ყოველთვის არსებობს "წითელი ხაზი", რომელიც შენ ჩარჩოებს გიწესებს, მათ შორის, ამ ადამიანურ ურთიერთობებში. შენი კარიერა, შენი ფინანსური მდგომარეობა, შენი ოჯახის წევრების დახმარება, შესაძლოა, შენი ჯანმრთელობაც კი (ბევრი ამგვარი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული) არ არის იმ რუბიკონის გადამლახველი, რომელიც ზუსტად იცი, რომ შენი ქვეყნის უსაფრთხოებას ჩამოანგრევს. პატრიოტიზმი სწორედ ისაა, როდესაც ასეთ დროს ამბობს, „ყველაფრისთვის გმადლობთ, ვხედავ, ვაფასებ, მაგრამ ამას არ და ვერ გავაკეთებ!“. მოქმედებაში გამოხატული ნამდვილი პატრიოტიზმია სწორედ, როდესაც ქვეყნის ინტერესების დასაცავად ამხელა კომპრომისზე წასვლა შეგიძლია.

- მაინც რა ცნობები გაქვთ, გამოიწვია სანქციებმა სისტემაში, მინიმუმ დაფიქრება?

- დარწმუნებული ვარ, გამოწვეულია და კიდევ უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით, სისტემის მაღალ ვერტიკალში - საშუალო დონის ჩინოვნიკებს მაღალი ალბათობით, ეს ყველაზე ნაკლებად შეეხება, მაგრამ „ქართული ოცნების“ ვერტიკალში რამდენი მილიონერია? რამდენი რამ აქვს დასაკარგი დასავლეთში - უძრავი ქონება, ბიზნესები, ინტერესები. უპირველესად, ეს დარტყმა მათზე ვრცელდება, რადგან სისტემას როდესაც დაწყებული აქვს ეროზია, "ბზარები" სწორედ ამ ადამიანებზე ჩნდება. ცხადია, ცდილობენ, ეს ეროზია რაღაცნაირად დროებით მაინც შეაჩერონ, ვიდრე გაცილებით უფრო მძლავრი სხვა ტექტონიკური მიწისძვრები წამოეწევათ და ეს მიწისძვრები გზაშია. ყველაზე დიდი მიწისძვრა და სიურპრიზი იქნება ამათთვის, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი შევა მანდატში. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მის გაპრეზიდენტებას ელოდებიან და არწმუნებენ ივანიშვილს, თითქოს რაღაც შეიძლება, რომ შეიცვალოს.

წმინდა ანალიტიკურ ჭრილში რომ შევაფასოთ, პერსპექტივის თვალსაზრისით ორ საკვანძო სცენარს ვხედავ:

  • ერთი სცენარია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მანდატში შესვლის შემდეგ იქნება გზავნილები მკაფიო, შესაძლოა, იყოს ულტიმატუმებიც კი: ტრამპი პირდაპირი ადამიანია პირდაპირი მნიშვნელობით და არაა გამორიცხული, იმგვარი ულტიმატუმი გამოუგზავნოს, არჩევნები ისე ახლოს ჩანიშნონ, იქეთ ვეხვეწებოდეთ, "გადავწიოთო". „რესპუბლიკელების“ ეს ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ანტურაჟშია, ასე აზროვნებს - ძლიერი პოზიციიდან;
  • მეორე სცენარია, პროცესი გაიწელოს რამდენიმე თვით: ტრამპის ადმინისტრაცია მანდატში შედის პლანეტარულ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების ფონზე - უკრაინა, ჩრდილოეთ კორეა, ტაივანის და ჩინეთის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთი და ა.შ. ამდენად, პროცესი შეიძლება, გაიწელოს და ჩვენ შეიძლება, მივიდეთ ნელი მოქმედების პროცესამდე, როდესაც ქართული ეკონომიკა დადგება უდიდესი რისკის ქვეშ - კონკრეტული პრობლემები შეექმნას ლარს, გაჩერდნენ დიდი კომპანიები, დაიხუროს სამუშაო ადგილები და წნეხი გაიზარდოს შიგნიდან, მეტწილად, ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც გადაიზრდება პოლიტიკურ ფაქტორებში. ამას ემატება მუდმივმოქმედი პროტესტი - იქნება ეს აქციები თუ ზოგადად, დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, რომელიც იმავდროულად დასცილდა აღიარების მინიმალურ შანსებსაც კი. ამდენად, შესაძლოა მივიდეთ ვითარებამდე, რომ მათ შეეშინდეთ უკვე საკუთარი ამომრჩევლისაც კი, რომელიც ეკონომიკურად ძალიან დაზარალდება. ამ წერტილს მიღმაა უმართავი პროცესები, შესაძლოა, რევოლუციურიც, თქვენ წარმოიდგინეთ და ამის ძალიან ეშინიათ, რადგან როდესაც ეკონომიკური ფაქტორები ტექტონიკურ მიწისძვრებს განიცდის, ამ პირობებში საძირკველი რამდენი ხანი გაძლებს, არავინ იცის - შესაძლოა, შენობა ისე ჩამოგენგრეს თავზე, რომ გასვლა ვერც მოასწრო. დარწმუნებული ვარ, ამას ითვალისწინებენ.

ამდენად, ერთი სცენარია სწრაფი და ეფექტური, მეორე - ნელი და უფრო მტკივნეული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები