შოთაძე, ანაკლია და "შემთხვევითი" გზები ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისაკენ

19-02-2020 17:29:08 ანალიზი

თუ აქამდე ვინმესთვის ჯერ კიდევ რწმენის საკითხად რჩებოდა სოლოლაკში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრში შემდგარი იმ ბიზნეს–გარჩევის საკითხი, რომელსაც გენპროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, თავად შოთაძის მიერ ამ ფაქტის დადასტურებამ ბოლო ეჭვებიც გააქრო.

რთულია, არ დაეთანხმო გენპროკურორს, როდესაც ამბობს, „ამ შეხვედრაზე არაფერი მესაქმებოდაო“, მაგრამ ფაქტია, რომ ის დარჩა და საუბარს დაესწრო. ამასთან, ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი არ განმარტავს, სად „დატოვა“ გენპროკურორის სტატუსი, როცა ირწმუნება, «ამ სტატუსით არ ვიყავი წარმოდგენილი ღონისძიებაზე, იქ შემთხვევით აღმოვჩნდიო“ და არც იმას გვიხსნის, როგორ და რა გზითაა შესაძლებელი, შემთხვევით მოხვდე ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრში... არადა, ამ გზას ბევრი სიამოვნებით ისწავლიდა, მათ შორის – ის ახალგაზრდებიც, ივანიშვილს იუბილეზე საჩუქრით რომ მიაკითხეს სოლოლაკში...

შოთაძე გვარწმუნებს, «ამომწურავად გიპასუხეთო», მაგრამ ამ მნიშვნელოვანი ეპიზოდის ირგვლივ, რომელიც შესაძლოა, საქართველოში ბიზნესურთიერთობების სპეციფიკასაც აჩვენებდეს, კითხვები კვლავ რჩება. წარმოიდგინეთ, რომ არა რომელიმე კონსტიტუციურ ორგანოში, არამედ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირის ბიზნეს–ცენტრში მიმდინარეობს ბიზნესგარჩევა და მას თუნდაც პასიურ რეჟიმში ესწრება სახელმწიფო ბრალმდებელი... რატომ? რა სტატუსით? ან რამდენად უწყობს ხელს ეს გამჟღავნებული ფაქტი საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის აღდგენას (შოთაძე აღიარებს, ნდობის საკითხი პრობლემატურიაო) ან თავად მის მიმართ ნდობას, ან ოპოზიციის ბრალდებების განეიტრალებას სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეების არსებობის თაობაზე? მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტთან ხომ არ გვაქვს საქმე?!

თუმცა, რა გასაკვირია და, მსგავსი კითხვები არ გასჩენია მმართველი გუნდის 82 დეპუტატს, რომელმაც გუშინ გენპროკურატურა ექვსი წლით კვლავ ბატონ შოთაძეს ერთხმად ჩააბარა ... ამ პროცესში ახალი გენპროკურორის მაქებართა შორის გამორჩეულად აღნიშნვის ღირსია პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია: მან მოუწონა შოთაძეს ქმედება, რომლისთვისაც თავად გამბედაობა არ/ვერ ეყო: „ცოტაა ადამიანი, ვისაც შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა ცეკვების გარეშეო“. არადა, გვახსოვს მისი კომენტარი „გავრილოვის ღამის“ მოვლენებზე, „ვიღებ პასუხისმგებლობას და ამიტომ ვრჩები თანამდებობაზეო“...

ისევ ბიზნეს–გარჩევის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, შოთაძემ თქვა, შეხვედრა „მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდაო“... მაგრამ თუ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გადავავლებთ თვალს, ხსენებულ „მეგობრულ გარემოს“, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაური სახე ჰქონდა: ივანიშვილმა საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკთან მიმართებაში; შემდეგ აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო უწყებებმა 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია გაიხსენეს, არადა, საქმეს არც მომჩივანი ჰყავს, არც დაზარალებული; მაინც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც საბოლოოდ TBC–ს დამფუძნებლებისთვის ფულის გათეთრების ბრალდების წარდგენაში გადაიზარდა. მათ მიაყოლეს „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ოჯახის წევრი ავთანდილ წერეთელიც. უკვე პროცესში ხაზარაძემ გახარიას სახელით მიღებულ წერილზე ისაუბრა, რომლითაც მისგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარკვეული დავალებების შესრულებას მოითხოვდნენ და საუბარი იყო, მათ შორის, „ტვ პირველზეც“. ეს წერილი ამჟამად საგამოძიებო უწყებაშია თანდართული საექსპერტო დასკვნებით, თუმცა დამფუძნებლებს ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ.

და ბოლოს, არცთუ დიდი ხნის წინ გაურკვეველი დროით შეჩერდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემა, - პორტისა, რომელიც ქართული უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანად განიხილებოდა.

საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, რთულია, არ გაგახსენდეს ივანიშვილის საგულისხმო ფრაზა, რომელიც ამ უკანასკნელმა, ხაზარაძის თქმით, მას ერთ–ერთ შეხვედრაზე უთხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?!“.

„ანაკლიასთან მიმართებაში შიდა და გარე ფაქტორები თამაშობდა როლს: პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში ჩნდებოდა ერთადერთ გავლენიან და წარმატებულ ადამიანად. ინვესტიციებს და კაპიტალს ემატებოდა ის გარემოებაც, რომ პორტის კონფლიქტის ზონასთან სიახლოვის პირობებში კონფლიქტის მოგვარების საკითხში ახალი მიმართულება ჩნდებოდა. რაც შეეხება გარე ფაქტორებს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დასტურდება კიდეც, როგორი ტემპითაც მიდის მის მიერ შავ ზღვაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. შავი ზღვა არსებითად იქცეოდა სხვა გეოპოლიტიკურ ასპარეზად“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი.

რაც შეეხება სოლოლაკის ბიზნეს–გარჩევას, თუ რა გზავნილია ეს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივი ბიზნესისთვის, იურისტი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: „მომხრე ვარ ინსტიტუციური დემოკრატიის, რომლის ცენტრიც არის აქტიური და პასუხისმგებლობიანი მოქალაქე. შესაბამისად, ამ კონტექსტში განვიხილავ ყველა გადაწყვეტილებას. თავად ეს ფაქტი რამდენიმე თვალსაზრისით არის ჩემთვის შემაშფოთებელი: დიდი ხნის განმავლობაში ეს დავა [ხაზარაძის და ჩხარტიშვილის, რომელიც „გაირჩა“ ივანიშვილთან] სასამართლოში იხილებოდა და შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის გარჩევა მოხდა არა სახელმწიფო ინსტიტუტში; ამ არადემოკრატიულ ფორმატში მონაწილეობდა ინსტიტუტის პირველი პირი [გენერალური პროკურორი] და მნიშვნელობა არ აქვს, აქტიურ თუ პასიურ რეჟიმში; ბუნებრივია, ამ ყველაფერს ინვესტორი უყურებს და შესაბამისად აკორექტირებს მის ქცევას – ან არსებულ ინვესტიციებს აღარ ზრდის, ან რეპატრიაციაზე ფიქრობს და ეს პროცესი დაწყებულია. ყველა შემთხვევაში, ეს ჩვენს ეკონომიკაზე და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანზე უარყოფითად აისახება“.

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, დასავლეთში ჩამოყალიბდა აზრი, რომ საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების „დირექტორი“ ხელისუფლებაა:

„არანაკლებ სკანდალურია თავად გენპროკურორის განმარტება, რომ თურმე, სამუშაო საათების შემდეგ მას შეუძლია, როგორც უნდა, ისე მოიქცეს. ეს ღრმად არასერიოზულია. რა თქმა უნდა, სამუშაო საათების მიღმა მას ღამის კლუბებში სიარულს არავინ უკრძალავს, მაგრამ გენპროკურორი სამუშაო თუ არასამუშაო საათებში ბიზნესგარჩევებს ესწრებოდეს, ძალიან დიდი სკანდალი და ინტერესთა აღმაშფოთებელი კონფლიქტია. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მსგავს ფაქტს ყოველგვარი გარჩევის გარეშე მოჰყვებოდა გენპროკურორის გადადგომა. ვფიქრობ, ქვეყანასთან მიმართებაში, თუ რა ტიპის მმართველობას აქვს ადგილი, დიაგნოზი დასმულია და ამას ვკითხულობთ ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების, ევროპარლამენტარების განცხადებებში. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს ცალკეული განცხადებებია. დასავლეთში ჩამოყალიბდა ცალსახა აზრი, რა ტიპის ბიზნეს–ურიერთობებთან გვაქვს საქმე: ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, სადაც ხელისუფლება ბიზნესის და ინვესტიციების დირექტორია. ბუნებრივია, ამ გარემოში არც ერთი ცივილიზებული ბიზნესი არ შედის, ინვესტიციებს არ დებს, რადგან ესმის, რომ ეს მაღალი რისკის ზონაა. ამ ვითარებაში კი ის სავალალო ციფრები, რასაც ვხედავთ იგივე პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით, კიდევ უფრო კატასტროფული გახდება, თუ ამ ქვეყანაში ძირფესვიანი ცვლილებები არ მოხდება“.

ინფორმაციისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით შემცირდა. სულ 281.1 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორცილდა. 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 187 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 54%-ით (217 მლნ დოლარით) ნაკლებია 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე. ხოლო მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 417.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 13.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებს:“თუ ინვესტორს გარკვეული პრობლემა შეექმნება სამართლებრივი კუთხით, ის სამართალს ვერ იპოვის. შეიძლება, ხელისუფლებამ შეგავიწროვოს და სამართალი ვერ იპოვო. ამ რისკების გათვალისწინებით, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს აქ ფულის ჩადება, არ მესმის...მოდით, თავი წარმოვიდგინოთ უცხოელი ინვესტორის ადგილზე, რომელიც საქართველოს შესახებ ინფორმაციას ეცნობა. ვნახოთ, მაგალითად, სასამართლოსთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც მოდის, - რომ სახელმწიფომ მთლიანად გადაიბარა სასამართლო. მე ასეთ ქვეყანაში 1 დოლარსაც არ ჩავდებდი. პირველ რიგში, ინვესტორს სამართლიანი გარემო სჭირდება. მაკროეკონომიკურად რაღაც სასწაული არ ხდება… გადასახადები არ გაზრდილა, არც კაბალური რეგულაციები შემოგვიღია. ინფლაცია კი მაღალია, თუმცა ისეთი არაფერი ხდება, რომ შეგეშინდეს. ვითარება უფრო სამართლებრივ-პოლიტიკური კუთხით არის გაუარესებული”, – ფიქრობს ნამჩავაძე.

ახალი ამბები