
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
30/12/2024 05:59:44 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - იუწყება Reuters კარტერის ცენტრზე დაყრდნობით.
ჯიმი კარტერი, რომელიც წარსულში მიწის თხილის ფერმერი იყო, ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული პარტიიდან, დაპირებით, რომ ამერიკელ ხალხს არასოდეს მოატყუებდა. კარტერი პრეზიდენტი იყო 1977-დან 1981 წლამდე, მისი პრეზიდენტობის წლებს იხსენებენ ღირსების დაბრუნების ძალისხმევად თეთრი სახლისთვის, უოტერგეიტის სკანდალის და ვიეტნამის ომის შემდეგ.
კარტერის პრეზიდენტობისას მოხდა ირანში აშშ-ის მძევალთა 444-დღიანი კრიზისი.
ისლამურმა რევოლუციამ 1979 წელს დაამხო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ირანის შაჰი, მოჰამად რეზა ფაჰლავი და ხელისუფლებაში მოიყვანა სასულიერო პირების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა აიათოლა რუჰოლა ჰომეინი. კარტერმა შაჰს პოლიტიკური თავშესაფარი გამოუყო, რამაც ბევრი ირანელის გულისწყრომა გამოიწვია.
1979 წლის ნოემბერში ირანელი სტუდენტები - რომლებსაც, გავრცელებული ვარაუდით, ხომეინის მთავრობა ირიბად უჭერდა მხარს - თეირანში, აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ და 52 ამერიკელი დაატყვევეს. ისინი ითხოვდნენ შაჰის დაბრუნებას და აშშ-ისგან ირანისთვის ბოდიშის მოხდას, წარსულში გადადგმული ნაბიჯებისთვის. კარტერმა განაცხადა, რომ აშშ არ დანებდებოდა ადამიანების დამატყვევებლებს, და კრიზისი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ირანთან მოლაპარაკება უშედეგო გამოდა, 1980 წელს მარცხით დასრულდა აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ განხორციელებული ოპერაციაც.
ირანის მძევალთა კრიზისი აშშ-ში ახალი ამბების მთავარი თემა იყო 1980 წლამდე - საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ამას თან ერთვოდა ეკონომიკური პრობლემებიც. არჩევნებში კარტერი დიდი უპირატესობით დაამარცხა რონალდ რეიგანმა - ჰოლივუდის ყოფილმა მსახიობმა, რომელმაც ახალი და მძლავრი ენერგია შემატა რესპუბლიკურ პარტიას.
ირანმა ამერიკელი მძევლები გაათავისუფლა 1981 წლის 20 იანვარს - იმ დღეს, როცა კარტერმა ოფისი დატოვა და რეიგანის ინაუგურაცია გაიმართა.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ კარტერი გახდა ადამიანის უფლებების, მშვიდობის, დემოკრატიის და გარემოს დამცველი გლობალურ ასპარეზზე, მას იცნობდნენ აშშ-ის პირველ ლიდერად, რომელიც სერიოზულად მოეკიდა კლიმატის ცვლილებების პრობლემას. ამ ძალისხმევისთვის კარტერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
პრეზიდენტის რანგში საერთაშორისო ფრონტზე კარტერის დიდ მიღწევად ითვლება 1978 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტესა და ისრაელს შორის, რომელსაც კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიაღწიეს.
პრეზიდენტობის პერიოდში კარტერის ერთ-ერთი მიზანი იყო საბჭოთა კავშირთან ემუშავა სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის მეორე ხელშეკრულებაზე, ანუ SALT II-ზე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორი ქვეყნის არსენალში არსებული ატომური იარაღის კიდევ უფრო შეზღუდვას. კარტერმა და ბრეჟნევმა 1979 წელს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. სენატს ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოუხდენია, საბჭოთა კავშირის მხრიდან 1979 წლის დეკემბერში ავღანეთში შეჭრის ფონზე. მაგრამ ხელშეკრულების პირობებს ორივე მხარე იცავდა.
ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის პასუხად პრეზიდენტმა გამოაცხადა "კარტერის დოქტრინის" სახელით ცნობილი პრინციპები - რომ აშშ სპარსეთის ყურეში თავის ინტერესებს დაიცავდა, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო გზით. ამასთან, აშშ-მა ბოიკოტი გამოუცხადა 1980 წელს მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს.
ჯიმი კარტერმა თავისი მეასე დაბადების დღე 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და ბოლო 19 თვე პალიატიური ზრუნვის პირობებში იყო.