მაია მწარიაშვილი: "ამაღლობელის საქმეში ომბუდსმენიცა და სხვებიც ცდილობენ, კანონს ამოეფარონ, მაგრამ ეს [არგუმენტაცია] სრული სიცრუეა!"

18-01-2025 17:25:48 პოლიტიკა ,სამართალი

ყოფილი პროკურორისა და მოსამართლის, იურისტ მაია მწარიაშვილის შეფასებით, მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმეში ბრალმდებლებიც, მოსამართლეებიცა და სახალხო დამცველიც "ცდილობენ, კანონს ამოეფარონ", მაგრამ მათი ეს არგუმენტაცია "სრული სიცრუეა!".

როგორც მწარიაშვილმა დიანა ტრაპაიძის ტელეგადაცემაში საუბრისას განაცხადა, "იმ ტიპის განცხადებები, მათ შორის - ომბუდსმენის მხრიდან, "კანონია ასეთი და რა ვქნათო", ერთი დიდი ტყუილია, რადგან კანონის მიხედვით, პოლიციელზე თავდასხმა, რასაც მზია ამაღლობელს ედავებიან, უნდა უკავშირდებოდეს პოლიციელის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თანაც მის მართლზომიერ (და მართლზომიერება აქ აუცილებელი პირობაა) ქმედებებს და ამასთანავე, მოიცავდეს პოლიციელის მიმართ გაცილებით მძიმე ქმედებებს, მათ შორის - ძალადობრივს, ვიდრე ერთი, ან თუნდაც ორი სილის გაწნვაა".

"ანუ, იმისათვის, რომ ეს ბრალდება წამიყენონ, მე პოლიციელს თავს უნდა ვესხმოდე იმ დროს, როცა ის ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თან მოქმედებს მართლზომიერად, კანონის ფარგლებში, გავრცელებულ კადრებში კი ნებისმიერი ბეცი ამოიკითხავს, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან მოქმედება იყო პასუხი რაღაცაზე - რეაგირება რაღაცაზე, რაც იქ მანამდე ხდებოდა და რითაც მისი პროვოცირება განხორციელდა. როგორც კი ჩვენ დავუშვებთ, რომ პოლიციელი არ მოქმედებდა მართლზომიერად (მაგალითად, აგინებდა, სხვა სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, პროვოცირებდა ჟურნალისტს), მაშინ ამაღლობელის პასუხი მორალური ქმედება იყო, მორალური ქმედება კი, კანონით, არც ერთ შემთხვევაში არაა დანაშაული. შესაბამისად, კანონის ეს მუხლი, რომლითაც მედიამენეჯერს ედავებიან, ამ შემთხვევას არანაირად არ მიესადაგება. გარდა ამისა, ეს მუხლი ითვალისწინებს უხეშ ძალისმიერ თავდასხმას პოლიციელზე, რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ჩანს და სილის გაწნვა ასეთად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო იგი კონკრეტული პოლიციელისთვის. ასე, რომ აქ დანაშაულის არასწორ კვალიფიკაციასთან გვაქვს საქმე - ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ გვაქვს სახეზე და ესაა უპირველესი პრობლემა და უკვე ამის შემდეგ - ის, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ზომის შეფარდებაზეა საუბარი" - განმარტა იურისტმა.

სახალხო დაცველ ლევან იოსელიანის შეფასებით, ხელისუფლებამ ჟურნალისტ და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მძიმე აღმვკეთი ღონისძიება გამოიყენა, რისი აუცილებლობაც, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით, არ არსებობდა და "მტკიცებულებების ფარგლებში უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი". ამის შესახებ იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

"მოვამზადეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, სასამართლოს მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი დაკვირვებით, უფრო სკურპულოზურად შეისწავლოს მტკიცებულებები, რომლებიც წარუდგინა პროკურატურამ და ვთვლით, რომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამაღლობელის მიმართ პატიმრობა იქნას გამოყენებული. შეთავაზებული იყო საკმაოდ მაღალი გირაო, შეთავაზებული იყო ამ ადამიანის პიროვნების გათვალისწინებით (რომ ქალია, რომ ყველა იცნობს, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ დგას...), შესაძლებელია ბევრად უფრო ნაკლები ზომა, რომ ეს არ იყოს პატიმრობა. ვწერთ, რომ [სასამართლოს გადაწყვეტილება] დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას. ამაზე მივმართეთ და ველოდებით განხილვას. საკმაოდ კარგად არის დასაბუთებული ჩვენი დოკუმენტი და [იმედი მაქვს, რომ] ყურადღებით წაიკითხავს სასამართლო... არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩავერიო სასამართლოს ფუნქციაში და მივუთითო, მაგრამ როგორც სახალხო დამცველი, ვთვლი, რომ უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია, პიროვნების გათვალისწინებით, დანაშაულის გათვალისწინებით... ამ დანაშაულზეც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე არც დარტყმას, არც გარტყმას, არაფერს, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი, რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ის ადამიანი აღელვებული, ამ ყველაფრის გადაწყვეტილებით არ არის აუცილებლობა, რომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული." - ამბობს იოსელიანი.

რაც შეეხება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაფურთხა, სცადა, ფიზიკურად გასწორებოდა და როგორც წყლის დალევის, ისე საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას უზღუდავდა, როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მისმა ოფისმა ამასთან დაკავშიფრებით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. "მოვთხოვეთ, რომ შეისწავლოს დაკავების ეს ეპიზოდი, იმიტომ, რომ ასეთ რამეს თუ მართლა ჰქონდა ადგილი, ეს სრულიად წარმოუდგენელია და არის ყველა საზღვარს მიღმა" - დასძინა სახალხო დამცველმა.

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები