"ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარეს მათი ანგარიშები" - ივანიშვილი კიდევ ერთ ბანკს უჩივის

20-01-2025 13:19:35 პოლიტიკა ,სამართალი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს ფაქტობრივი მმართველი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს - ამჯერად Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ განცხადება დღეს ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, Julius Baer ივანიშვილისა და მისი ოჯახის საბანკო ტრანზაქციებს ჯერ აჭიანურებდა, 2024 წლის დეკემბერში კი ივანიშვილს განუცხადეს, რომ საბანკო ანგარიშები საერთოდ უნდა დაეხურა, რაც, ადვოკატის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ბანკმა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ანგარიშები "ფაქტობრივად, ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა".

"როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა). აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.

დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის - ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს; ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება. ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ.

ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არადა, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.

შემდეგ, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინცდამაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები.

ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას, ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის - უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". - ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

ცნობისთვის: 2023 წელს სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის გამო 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს სინგაპურის გარდა, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაშიც უჩივლეს. საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა პატრიკ ლესკადრონმა მისი ავტორიზაციის გარეშე განახორციელა და ამით ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი დანაკარგები მოუტანა. სინგაპურის სასამართლო ვერდიქტში მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია, კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, დაკარგული თანხების გარდა,იმ მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავს, რომელსაც ოლიგარქი აქტივების თაღლითობის გარეშე მართვის შემთხვევაში მიიღებდა. ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი 2015 წელს დააკავეს, 2018 წელს 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა. თავის ხმრივ, Credit Suisse-ის წარმომადგენლები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ და გასაჩივრებას გეგმავენ. "განაჩენი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა არასწორია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს. ვგეგმავთ, მტკიცედ განვაგრძოთ გასაჩივრების პროცესი" - ნათქვამია შვეიცარიული ბანკის განცხადებაში.

გასულ წელს ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოში Credit Suisse-ს ერთი საქმე უკვე მოუგო: შვეიცარიული ბანკის ბერმუდულ ფილიალს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ამავდროულად, მომდევნო კვირას შვეიცარიულ საინვესტიციო ბანკ UBS-ის მიერ 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ Credit Suisse-ის ყიდვის პროცესი დასრულდება და ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა საბოლოოდ უკვე UBS-ს მოუწევს.

2024 წლის იანვარში ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. ამჯერად საქმე ეხებოდა ყოფილ ბანკირ პატრიკ ლესკადრონს, რომელსაც ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბების გზით ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა ბრალად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები