ევროკომისარი: ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ

21-01-2025 23:35:01 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტში მათ შორის საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების და ძალადობის ფაქტების გამოძიების აუცილებლობას.

მან თქვა, რომ საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად საგანგაშოა.

„50 დღეზე მეტია, ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება, და იყენებენ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებითა და დაკავებებით დახვდნენ.

საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარები სრულიად მიუღებელია",- თქვა ევროკომისარმა.

მან გაიხსენა, რომ არც ერთი მოძალადე სამართალდამცველი ამ დრომდე პასუხისგებაში არაა მიცემული:

"ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არც ერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა".

მან თქვა, რომ მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი "სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს" და მოვუწოდა ოფიციალურ პირებს, "სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ".

"უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში“, - განაცხადა ბრუნერმა.

მან ასევე მოუწოდა ოფიციალურ პირებს, "მიიღონ ეუთო-ს არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოქვეყნებული რეკომენდაციები და ყველა ვარიანტი განიხილონ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში, მათ შორის [განიხილონ] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ საქართველოს საზოგადოების მოწოდება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები