ახალი კორონავირუსი ფასებსაც უტევს

24-02-2020 19:17:01 ეკონომიკა ,ანალიზი

ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის გამო ავიამიმოსვლა ჩინეთის შემდეგ ირანთანაც შეწყდა. იქნება თუ არა შემდეგი იტალია - ამ საკითხზე საქართველოს მთავრობაში უკვე მსჯელობენ. ეკონომისტები ფრენების შეჩერების გამო ქართულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვან წნეხს პროგნოზირებენ, ვინაიდან მაგალითად, ჩინეთი და ირანი იმ ტოპ-15 ქვეყანას შორის არიან, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოდის.

გამკაცრებული სავიზო კონტროლის გამო საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. თუმცა 2019 წელს (141 997 ვიზიტორი) ირანი ამ მხრივ მერვე ადგილს იკავებდა და იგივე პოზიციაზეა 2020 წლის იანვრის მონაცემებითაც (9 467 ვიზიტორი). მეტიც, თუ გასულ წელს კლება 50%–იანი იყო, წელს უკვე 12%–იანი მატება ფიქსირდებოდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან ირანის მიმართულებით და პირიქით სამი ავიაკომპანია დაფრინავდა.

რაც შეეხება ჩინეთს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის კუთხით გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით, 50%–იანი მატება იყო დაფიქსირებული (48 071 ვიზიტორი), ხოლო 2020 წლის იანვარში – 70%–იანი (3 051 ვიზიტორი).

ირანიდან ფრენების შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებს ტურისტულ ბიზნესზე მეტად სასტუმრო ბიზნესში დასაქმებულები ელიან, ვინაიდან, როგორც განიმარტა, ირანელი ვიზიტორები საქართველოში თავად „იკვლევენ გზას“.

რაც შეეხება ჩინელ ვიზიტორებს, ტურისტულ ბიზნესში ჩართული პირების განმარტებით, წელს 170 000–მდე ვიზიტორისა და აქედან ჯამში 40 მილიონამდე ლარის მოლოდინი ჰქონდათ.

უნდა აღინიშოს ისიც, რომ ჩინელი და ირანელი ვიზიტორები საქართველოსთვის ერთ–ერთი ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანები არიან: ვიზიტზე მათი საშუალო დანახარჯი ირანის მოქალაქეების შემთხვევაში 2 287 ლარია, ხოლო ჩინელების – 2 253. ამ მონაცემებით ირანელი და ჩინელი ვიზიტორები მე–6 და მე–7 ადგილებს ინაწილებენ.

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან დროულ შეხვედრას ითხოვენ.

გარდა ირანთან ფრენების შეჩერებისა, საქართველოს მთავრობაში არც იმას გამორიცხავენ, რომ გადაადგილება სახმელეთო საზღვარზეც შეიზღუდოს. საქართველოს ირანთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, თუმცა მეზობელმა ქვეყნებმა – თურქეთმა და სომხეთმა ირანთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას HUB Georgia-ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი განმარტავს, მეზობელი ქვეყნების გავლით ირანიდან საქართველოში ძირითადად ბიტუმი, სამშენებლო ცემენტი, არმატურა და სარეცხი საშუალებები შემოდის.

საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტის, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის პროგნოზით, განურჩევლად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები ქვეყანაზე ავტომატურად აისახება.

„ჩვენთან ტვირთი ორი მიმართულებიდან – სომხეთის და თურქეთის გავლით შემოდის. ეს ორი ქვეყანა ირანთან სახმელეთო საზღვარს კეტავს, მაშინ, როდესაც ეს ლოჯისტიკურად უმოკლესი გზა იყო ჩვენთან ტვირთის შემოსატანად. ამ შემთხვევაში სხვა გზებით საქართველოში ირანიდან ტვირთის მოხვედრა მხოლოდ აზერბაიჯანიდან იქნება შესაძლებელი. გამოდის, რომ თუ ამ მოსაზღვრე ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სახმელეთო საზღვარი ჩაკეტონ, ეს გზა თავისთავად, ჩვენთანაც იკეტება. ირანთან სავაჭრო ბრუნვა 250-300 მლნ დოლარს შეადგენს. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ იმ პროდუქციის დეფიციტი გაჩნდება, რომელიც იქედან შემოდის და ფასიც მოიმატებს“, - აცხადებს "კომერსანტთან" მთვრალაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები