ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

13-02-2025 15:50:37 პოლიტიკა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 63-მა, ხოლო 81-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან - "ევროპის სახალხო პარტიის", "სოციალ-დემოკრატების" „კონსერვატორებისა და რეფორმისტების" , "განახლების" და "მწვანეების".

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი, მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარების თანახმად, ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების სია ასე გამოიყურება, თუმცა არასრულია:

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები - უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი; დისშვილი - შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი;
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
  • ბიზნესმენები - ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე (ზედმეტსახელად „რიჟა);
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
  • ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია წულაია;
  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი კახა ბექაური;
  • პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლაშა ნაცვლიშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი
  • მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი;
  • ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე;
  • საქართველოს ავიახაზების, „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი თამაზ გაიაშვილი;
  • ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.

ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ "ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას".

ევროპარლამენტარები რეზოლუციაში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ზურაბიშვილი საქართველოს წარმომადგენლად მიიწვიოს ევროპული საბჭოს შემდეგ შეხვედრასა და ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც, მათი აზრით, მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა ჩატარდეს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით“.

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით", – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გამოვიდნენ იმავე მოთხოვნით.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის პირობებისთვის.

"ევროპარლამენტი იმეორებს ევროკომისიისა და საბჭოსადმი თავის მოწოდებას, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით თუ ჩათვლილ იქნება, რომ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე ევროკავშირის სტანდარტები დაცული არ არის", – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ევროპარლამენტი "გმობს 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ გამოყენებულ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ".

"ევროპარლამენტი მოითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც ახლა ოთხ კვირაზე მეტია, შიმშილობს მისი უკანონო დაკავების გამო და კრიტიკული, შეუბრუნებელი და სიცოცხლისადმი საფრთხის შემცველი რისკების წინაშე დგას", – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციის მიღებამდე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას "ჩალის ფასი აქვს".

ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ცნობლია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ სანქციებს უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები