აფხაზური „საპრეზიდენტო არჩევნები“: სოხუმი ირჩევს, მოსკოვმა კი არჩევანი უკვე გააკეთა

14-02-2025 23:42:02 კონფლიქტები

15 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ იმართება.

ამ „არჩევნების“ დანიშნვა დე-ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან ასლან ბჟანიას გადადგომას მოჰყვა, რასაც გასული წლის ნოემბრის მასობრივი საპროტესტო ტალღა უძღოდა წინ. ამ ტალღის ძირითად მიზეზად კი ბჟანიას გუნდის მიერ აფხაზური საზოგადოებისთვის კრემლის მიერ ინიცირებული რიგი დრაკონული ინიციატივების, მათ შორის ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებისა და აპარტამენტების შესახებ კანონის თავს მოხვევის მცდელობები იქცა.

დე-ფაქტო ცსკ-მ სულ ხუთი „საპრეზიდენტო“ კანდიდატი დაარეგისტრირა. თუმცა ძირითად პრეტენდენტებად ითვლება ორი: ასლან ბჟანიას გუნდის წარმომადგენელი ბადრა გუნბა და მისი ოპოზიციონერი ოპონენტი - "აფხაზური სახალხო მოძრაობის" ლიდერი ადგურ არძინბა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. გუნბა და არძინბა ერთმანეთს მოსკოვთან სოხუმის ურთიერთობების გაუარესებაში ადანაშაულებდნენ და ამავდროულად კრემლისადმი პირადი ერთგულების დემონსტრირებას ცდილობდნენ. ეს არცაა გასაკვირი: ანტირუსული პოლიტიკოსის იარლიყით აფხაზეთში გამარჯვების შანსები ხომ პრაქტიკულად ნულის ტოლია.

გადამწყვეტ მომენტამდე ათი დღით ადრე რუსეთმა "მოულოდნელად" აფხაზეთთან ურთიერთობების კურატორი შეცვალა. დიმიტრი კოზაკი, რომლის მიმართ აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულება სოცქსელში ბჟანია-კოზაკის სკანდალური პროტოკოლის გაჟონვისა და აფხაზეთის მიმართ რუსული სანქციების შემოღების შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანია, შეცვალა სერგეი კირიენკომ - პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებაში წარსულშიც მაღალი თანამდებობები ეკავა და სადღეისოდაც გავლენიანი ჩინოსანია, თანაც დაბადებული სოხუმში - აქედან გამომდინარე ყველა პირადი ემოციით.

კირიენკო დაუყოვნებლივ ეწვია აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით. მართალია, პირველი შეხვედრა მან დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბასთან გამართა, მაგრამ მედიის ჰედლაინების მიხედვით ცხადი გახდა, რომ ეს საუბარი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა - პროტოკოლის მოთხოვნებით იყო განპირობებული. შემდგომში ეს ფაქტობრივად დაადასტურა თავად კირიენკოს აპარატმაც, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის საკითხები არათუ არ გადაჭრილა, არც კი განხილულა. საგნობრივი მოლაპარაკებები კი ბჟანიას გუნდის წევრ "მინისტრებთან" გაიმართა.

ამასთან, კირიენკოს იმ მტკიცების მიუხედავად, რომ რუსეთი "პატივისცემით მოეკიდება აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს", მისი განცხადებებიცა და ქმედებებიც არაორაზროვნად მიუთითებდა იმაზე, რომ კრემლმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

მეტიც, კირიენკომ უშუალო მონაწილეობა მიიღო სამუშაო თათბირში ბადრა გუნბასთან, რომელიც ბოლო დრომდე სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია-მშენებლობის საკითხების საკოორდინაციო შტაბს ედგა სათავეში, საარჩევნო რბოლაში ჩაბმის შემდეგ კი იძულებული გახდა, ამ უფლებამოსილებაზე ოფიციალურად უარი ეთქვა. ოპოზიციის იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომ მის მიერ ოფიციალური შეხვედრების გამართვა საარჩევნო ნორმებს არღვევდა, გუნბამ განმარტა, რომ თათბირს მართავდა „არა როგორც ჩინოსანი, არამედ როგორც ხსენებულ საკითხში ყველაზე ინფორმირებული პირი“.

კირიენკოს გამგზავრებიდან სულ რამდენიმე დღეში კი მოსკოვში თავად გუნბაც გაემგზავრა. ვიზიტი, რომელსაც აფხაზურ საზოგადოებას "წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიასპორასთან შეხვედრად" წარუდგენდნენ, რეალობაში აღმოჩნდა მასშტაბური პიარ-კამპანია რუსეთის მთავრობის პირველ პირთა ჩართულობით - იმდენად მასშტაბური, რომ ბევრ პოლიტიკოსს შეშურდებოდა.

რუსეთის მთავრობის უმაღლესი რანგის იმ ჩინოსნების სია, რომლებმაც შედარებით ნაკლებად ცნობილ გუნბას დრო დაუთმეს, შთამბეჭდავია: ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, ტრანსპორტის მინისტრი რომან სტაროვოიტი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ მურაშკო, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და რაღა თქმა უნდა, ახალი კურატორი სერგეი კირიენკო.

მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა „მოლაპარაკებების დროს მიღწეული“ შედეგები: აფხაზეთს ერთდორულად ყველა სიკეთე „დაეყარა თავზე“, თანაც ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გუნბა მოსკოვიდან სოხუმის აღდგენილ აეროპორტში სატესტო-საჩვენებელი რეისით დაბრუნებას მოასწრებდა. თავად ეს მოვლენა - სოხუმის აეროპორტის მიერ პირველი რეისის მიღება კი, რასაც აფხაზეთში ათწლეულობით ელოდნენ, ერთგვარ დამაგვირგვინებელ ნაბიჯად იქცა გუნბას წინასაარჩევნო კამპანიაში.

რაც შეეხება „პრეზიდენტობის“ კანდიდატის სხვა „მიღწევებს“, რუსეთმა 7 თებერვლიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების განახლების პირობა დადო. საუბარია 830 მლნ რუბლის ღირებულების 182 მლნ კვტ/სთ მოცულობაზე. საამისო თანხა გამოიყოფა რუსული ბიუჯეტიდან - უფრო ზუსტად, იმ სახსრებიდან, რომელიც მოსკოვმა აფხაზეთისთვის ბოლო პერიოდში განხორციელებული სანქციების შედეგად დაზოგა. გარდა ამისა, განახლდა ფინანსური დახმარებაც, რომელიც ოფიციალურად - „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე“, ფაქტობრივად კი საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების იმ ხელფასებზე დაიხარჯება, რომელთა გაცემის დაგვიანებამ გასული წლის ბოლოს სოხუმში საბიუჯეტო კრიზისი გამოიწვია. საგულისხმოა, რომ ეს 344 მლნ რუბლი აფხაზეთს მომდევნო კვირასვე ჩაერიცხა.

გარდა ამისა, როგორც ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, ყბადაღებული საინვესტიციო შეთანხმება გადაიხედება „ორმხრივი ინტერესების ბალანსის უზრუნველსაყოფად“, მათ შორის - აფხაზეთის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის. ამასთანავე, მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთში სპეციალურ ფონდს შექმნის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და მიმდინარე წლისთვის უკვე გამოყოფილია 100 მლნ რუბლი.

რუსული მხარის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მიღწეულ იქნა არანაკლებ მნიშვნელოვანი შეთანხმებები ჯანდაცვის, ახალგაზრდული პოლიტიკის, მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლთა აღდგენის საკითხებში.

როგორც სერგეი კირიენკომ აღნიშნა, „ყველა ეს ნაბიჯი პირდაპირი დავალებაა ვლადიმირ პუტინისგან, რომელმაც დასახა ამოცანა, რუსულ-აფხაზური ურთერთობები არა უბრალოდ შენარჩუნდეს, არამედ უზრუნველყოფილ იქნას მათი ეფექტური განვითარება“.

რუსული მხარის მიერ დაპირებების აღასრულების ესოდენი სისწრაფის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილებები წინასწარ იყო მიღებული, მათი გახმოვანება კი ელოდა თავის დროს, რომელიც მოსკოვში გუნბას ვიზიტისას დადგა.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ სიახლეებში ბადრა გუნბას საპროტოკოლო ფორმალობების დაცვით - არა კანდიდატად, არამედ "ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწედ" მოიხსენიებდნენ. ამასთან, ხაზგასმული იყო მისი როლი რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებასა და "უანგარო" დახმარებაში, რომელიც რუსეთმა იკისრა. ასე, მაგალითად, შეხვედრის წინ სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ აპირებდა სამომავლო გეგმების განხილვას. ბიზნესის მხარდამჭერი ფონდის შესახებ სიახლეებში კი ხაზგასმული იყო, რომ იგი სწორედ გუნბას ინიციატივით იქმნება. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ფინანსური მხარდაჭერის სახსრები სოხუმს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკლრულებისა (როგორც ჩანს, საუბარია სწორედ იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც მოსკოვმა ერთხელ უკვე გამოიყენა აფხაზეთის წინააღმდეგ შეზღუდვების შემოსაღებად) და იმ შეთანხმებების საფუძველზე გადაერიცხება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვსა და ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწე ბადრა გუნბას შორის იქნა მიღწეული“.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა შეთანხმებებზეა საუბარი ოფიციალური სტატუსის არმქონე პირთან - თუნდაც „ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწესთან“, რომელიც სულ რამდენიმე დღეში დე-ფაქტო ხელისუფლებაში შეიძლება, აღარ იყოს? - თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი წინასწარვე არაა დარწმუნებული „არჩევნების“ მისთვის სასიკეთო შედეგით დასრულებაში.

ის, რომ რუსეთი, საპირისპიროს არაერთგზის მტკიცების მიუხედავად, აფხაზეთში პოლიტიკური პროცესების დამოუკიდებლად განვითარებას არ დაუშვებდა და საკუთარ არჩევანზე მკაფიო მინიშნებებს გააკეთებდა, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის მოვლენების დროს გახდა ნათელი, როცა სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პიკზე, ასლან ბჟანიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე პუტინმა იგი საცხრამაისო ღონისძიებებზე მიიწვია. შემდეგ იყო მყისიერი რეაგირება ბადრა გუნბას თხოვნაზე ენერგოკრიზისში ჩაფლული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების თაობაზე, - არადა, ვალერი ბგანბას ანალოგიურ თხოვნას მოსკოვმა იგნორირებით უპასუხა. შემდეგ ნაბიჯად იქცა ოპოზიციონერ კანდიდატ ადგურ არძინბას თანამოაზრეებისთვის - კან ქვარჩიასა და ლევან მიქავასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თავად არძინბას ამ გზით დასჯას კრემლმა თავი აარიდა, რადგან გასული წლების „არჩევნების“ ზოგჯერ არაპროგნოზირებადი შედეგების ფაქტორის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, „პრეზიდენტი“ მაინც არძინბა გახდეს და მაშინ უკან დასახევი გზა აღარ დარჩება. ქვარჩიასა და მიქავასთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კი კრემლს ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერის შესაძლებლობას უქმნის, თან ზედმეტი პრობლემების გარეშე: ერთის მხრივ, ამით ხდება პოზიციის მკაფიო დემონსტრირება, მეორეს მხრივ კი ნარჩუნდება აფხაზეთის შესაძლო მომავალ პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთქმედების გზები.

ამგვარად, აფხაზი ხალხის "ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებაში" საბოლოოდ დასარწმუნებლად რუსეთი უპრეცედენტო გულუხვობაზე წავიდა და სოხუმს დანაელთა საჩუქრები დააყარა თავზე. მაგრამ ფასი, რომლის გადახდაც მათში სულ მალე აფხაზეთს მოუწევს, ადვილი გამოსაცნობია. ბადრა გუნბას გამარჯვების შემთხვევაში მას უკვე ექნება სახალხო მანდატი რუსეთის წინაშე ნაკისრი "შეუსრულებელი" ვალდებულებების შესასრულებლად, რაც უპირველესად, საინვესტიციო შეთანხმების ძალაში შესვლასა და აპარტამენტების საკითხის გადაჭრას გულისხმობს.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები