შეთანხმების ფანჯარა ნელ-ნელა იხურება: რა აიმედებს ოპოზიციას?

26-02-2020 18:03:20 პოლიტიკა ,ანალიზი

საარჩევნო სისტემის ირგვლივ ჯერ ისედაც უშედეგო და თან შეწყვეტილი დიალოგის პირობებში პოლიტიკურ მხარეთა შეთანხმების ფანჯარა ნელ-ნელა იხურება: თებერვლის ბოლოსთვის უნდა გაირკვეს, როგორი საარჩევნო სისტემის პირობებში მოუწევთ მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება.

25 თებერვალს საქართველოში აშშ–ის ელჩის მოადგილესთან გამართული არაოფიციალური სადილის შემდეგ, რომელსაც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რიგ ოპოზიციურ ლიდერთა ზოგად კომენტარებში ფრთხილი ოპტიმიზმი გაჩნდა. მაგალითად, „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და ის პრობლემები, რაც ქვეყანას დაემართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“. ახლა მთავარია, უსუფაშვილის მიერ ხსენებული „გააზრება“ კონკრეტულ გადაწყვეტილებებში კონვერტირდეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების კიდევ ერთმა წევრმა ნინო ბურჯანაძემ არც მმართველ გუნდთან შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა:

„თუ პოზიციები დაახლოვდება, არ არის გამორიცხული შეხვედრა. გაცილებით კონსტრუქციულები ჩანდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინ, ვიდრე სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე. ხელისუფლება დღეს ჰგავს გონიერ პარტნიორს, რომელთანაც დიალოგი მეტ–ნაკლებად შესაძლებელია. მათ დაინახეს საერთაშრისო საზოგადოების მკვეთრი განწყობა. ელჩების მხრიდან დიდია მოლოდინი, რომ მიღწეული იქნება კომპრომისი და მეც ამის იმედი მაქვს. არავის აქვს სურვილი, დრო ცარიელ დიალოგებზე დაიხარჯოს“.

ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა პროპორციულ სისტემაზე, აღნიშნული სისტემის ალტერნატივად ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელზეც“ და თავად წარმოადგინა სისტემა 100/50, რაც პროპორციული სიით 100 დეპუტატს და 50 მაჟორიტარს გულისხმობს. ცნობილია ისიც, რომ შეთავაზებას ოპოზიცია მხარს ცალსახად არ უჭერს, მიიჩნევს რა, რომ მხოლოდ რამდენიმე მაჟორიტარზე უარის თქმა ვითარებას რეალურად არ ცვლის. მაშ რა მიმართულებით არის მოლოდინი პოზიციების დაახლოებისა?

კულუარულად ხდება ცნობილი, რომ ამერიკელ დიპლომატთან გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის დაკომპლექტების უფლებას ეხებოდა. კერძოდ, პარტიას, რომელიც არჩევნებში 40%–ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.

რას გულისხმობს აღნიშნული კომპრომისული ინიციატივა და როგორ არის შესაძლებელი მისი განხორციელება?

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, ეს შეთავაზება სამართლიან შედეგს ვერ უზრუნველყოფს, თუმცა შექმნილ ვითარებაში კომპრომისის მცდელობაა»

„სამართლიანობის შეფასება ხდება იმ ზოგადი პარამეტრების მიხედვით, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებაში სამართლიანი არჩევნების პირობადაა აღიარებული: წარმომადგენლობით ორგანოში პარტიების წევრთა რაოდენობა მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციული უნდა იყოს. ქვეყნებში, სადაც მოქმედი პარტიების რაოდენობა სამზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მსგავსი შედეგი, როგორც წესი, ვერ მიიღწევა. საუბარი იმაზე, რომ იყოს შერეული სისტემა, თუმცა თუ პარტიამ 40%–ზე მეტი ვერ მიიღო, ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება, კომპრომისული სისტემის შემოღების მცდელობაა, რომელიც სამართლიან შედეგს ვერ მოგვცემს, მაგრამ ერთ პარტიას არ მისცემს შესაძლებლობას, მოიპოვოს მანდატების ნახევარზე მეტი, თუ მხარდაჭერა 40%–ზე მეტი არ ექნება“.

როგორც ხმალაძე განმარტავს, მსგავსი სისტემისთვის მაჟორიტარული მანდატების მკვეთრი შემცირებაა საჭირო.

„მთავრობის ფორმირებას პარლამენტის მინიმუმ, 76 წევრის მიერ ნდობის გამოცხადება სჭირდება. თუ ერთ პარტიას არ ექნება ამდენი მანდატი, მას მოუწევს კოალიციის შექმნა. იმის უზრუნველყოფა, რომ თუ პარტიას 40%–ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს, ერთპარტიულად მთავრობას ვერ დააკომპლექტებს, მხოლოდ მაჟორტარული წესით ასარჩევთა რაოდენობის შემცირებით და პროპორციული წესით ასარჩევთა რაოდენობის ზრდით უნდა მოხდეს. ამისთვის კი 100/50–სისტემა საკმარისი არაა. დაახლოებით 124/26 უნდა იყოს“.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, შეთანხმების შემთხვევაში მის აღსრულებას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, შემდეგ კი ცვლილება საარჩევნო კოდექსში:

„საჭიროა ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში, რადგან იქ წერია, რომ წლევანდელი არჩევნებისას 77 აირჩევა პროპორციული წესით, 73 – მაჟორტარულით. ეს ნორმა შესაცვლელი იქნება“.

ამისთვის საჭიროა კანონპროქტის პარლამენტში ინიცირება, რეგისტრაცია, შემდეგ საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნა, საყოველთაო და საკომიტეტო განხილვები, შემდეგ კი პროექტი პარლამენტში სამი მოსმენით უნდა გავიდეს. მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მოხდება ცვლილება საარჩევნო კანონში. გარდა ამისა, წელს არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, თუმცა ოფიციალურად არჩევნები ორი თვით ადრე უნდა დაინიშნოს. ამდენად, ვინაიდან თითოეული პროცედურა დროს მოითხოვს, კონსტიტუციონალისტი ვარაუდობს, რომ თავად პროცესი მაქსიმუმ, მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

თუმცა კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, მის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად შეფასებული პირების გათავისუფლებაა, მათ შორის - «ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავასი. „გავრილოვის ღამეს“ დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საკითხი შედარებით მარტივად დგას. რაც შეეხება უგულავას საქმეს, დათანხმების შემთხვევაში ხელისუფლებას შეწყალების მექანიზმის გამოყენება მოუწევს, ვინაიდან საქმემ სამივე ინსტანცია გაიარა. წავა თუ არა ხელისუფლება მსგავს ნაბიჯზე - ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არაოფიციალურად ითქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პირობა მისცა, საარჩევნო პერიოდში პოლიტკოსებს არ დააკავებენო. როგორც ჩანს, მსგავსი დაპირება ოპოზიციონერი ლიდერებისთვის საკმარისი არაა.

„მესმის ხელისუფლებისთვის არსებული სირთულე უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სხვა პატიმრების გათავისუფლება პროცედურულად და პოლიტიკურად უფრო მარტივია, მაგრამ შევახსენებ 2007–2008 წლების კრიზისის დროინდელ მაგალითს: როდესაც მე და ხელისუფლების ძირითადმა ნაწილმა დავინახეთ უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური ვითარება, სწრაფად მოხდა რეაგირება. მაშინ ირაკლი ბათიაშვილთან და სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით ძალიან რეზონანსული ორი საქმე ხელის ერთი მოსმით გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი მეწინააღმდეგებოდა, იყო პროცედურული პრობლემები, მათ შორის - ის, რომ ირაკლი ბათიაშვილმა შეწყალების თხოვნას ხელი არ მოაწერა. მე წავედი პროცედურულ დარღვევებზე ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და გავაკეთე ის, რაც სწორად მიმაჩნდა“,– იხსენებს ამასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძე.

ახალი ამბები