20-02-2025 20:17:37 პოლიტიკა
სადავო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ ამჟამად არ ჩანს გარემოებები, რომლებიც გაამართლებს საქართველოს ჩართულობას 3+3 ფორმატში, თუმცა სამომავლოდ ამას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, „ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას“.
მან ასევე თქვა, რომ "საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი თუ საგარეო კურსი, არ დაზიანდეს მისი ეკონომიკური ინტერესები“.
"რაც ეს იდეა წარმოიშვა, რომ 3+3 არის ფორმატი, სადაც მონაწილეობს ერთ მხარეს, ირანი, თურქეთი, რუსეთი და კავკასიის სამი ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ეს ქმნის გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთობების ახალ ფორმატს, იმის მერე ლაპარაკი, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ ჩაეწერება ამ ფორმატში, მაშინ როდესაც შიგნით თავად ურთიერთობები არ აქვთ მოგვარებული. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა დღეს და პერსპექტივაში ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს არ გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს, ან ირანს შორის. მოკლედ არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, სადაც საქართველოს ექნება მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას. საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა. ასე რომ დაველოდოთ პროცესებს. საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ვოლსკიმ მედიასთან.
19 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვლავ განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა.
„თავიდანვე ყველა თანხმდებოდა, რომ გვაქვს „სამს პლუს სამი“ ფორმატი. გვესმის საქართველოს ეჭვები და პოზიციის ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის ადგილი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის შეხვედრების დარბაზში“, - განაცხადა ლავროვმა.
3+3 ფორმატი გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამასთან, რეგიონის ქვეყნების, რუსეთის, თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ხედვით, იგი გულისხმობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას „გარე ძალების ჩარევის“ გარეშე - დასავლეთის, მათ შორის - ევროკავშირის.
აქამდე საქართველო რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, უარს აცხადებდა ფორმატში ჩართულობაზე, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ დასავლური სამყაროსგან მზარდი იზოლაციისა და ანტიდასავლური პოლიტიკური ვექტორის ფონზე, ფორმატს შეუერთდეს.