FT: რუსეთმა აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპიდან NATO-ს ჯარების გაყვანა მოსთხოვა

20-02-2025 21:16:35 ევროპა ,პოლიტიკა

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველივე ეტაპზე რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა ამერიკელებს აღმოსავლეთევროპული ფლანგიდან NATO-ს ჯარების გაყვანა მოსთხოვეს.

როგორც გამოცემა რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის - კრისტიან დიაკონესკუს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ამერიკულმა მხარემ მოსკოვის ამ მოთხოვნას ამ ეტაპზე უარით უპასუხა, თუმცა არ არსებობს გარანტია, სამომავლოდ პუტინთან ამ დათმობაზე არ წავიდეს.

"მიმდინარე კვირის დასაწყისში ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების დროს რუსულმა დელეგაციაამ ამერიკული მხარე რეგიონიდან NATO-ს ძალების გაყვანის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა. მომდევნო კვირას დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტების ერთ-ერთი მიზანი ტრამპის დარწმუნება იქნება იმაში, რომ მოსკოვთან ამ დათმობაზე წასვლა დაუშვებელია. რუმინეთის პრეზიდენტ ილე ბოლოჯანს, რომელიც გასულ ოთხშაბათს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა, ამ საუბარმა დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ ევროპელი ლიდერები აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტებისას ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ და იქვე იმას გაუსვამენ ხაზს, რომ ჩართულები უნდა იყვნენ უსაფრთხოების საკითხზე გასაფორმებელ ყველა იმ შეთანხმებაში, რომელიც რეგიონს შეეხება" - განაცხადა, გამოცემის ინფორმაციით, დიაკონესკუმ და იქვე დასძინა, რომ "ამჟამინდელი მდგომარეობა უკიდურესად რთულია და სერიოზული".

"დარწმუნებული იყავით, რომ ბოლომდე, ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რათა რუსეთმა ამ მიზანს ვერ მიაღწიოს" - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ დაასახელა შემდეგი ოთხი საკითხი, რომელზეც, მისი ინფორმაციით, მხარეებმა მოილაპარაკეს:

  • "ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო მექანიზმი, რათა მოგვარებული იყოს ორმხრივ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები იმ მიზნით, რომ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის;
  • დაინიშნოს შესაბამისი მაღალი დონის ჯგუფები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის;
  • საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო თანამშრომლობას საერთო გეოპოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხებზე, ასევე ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად აღმოცენდება;
  • მხარეები პირობას დებენ, შეინარჩუნონ ერთმანეთთან წვდომა, რათა გარანტირებული იყოს, რომ პროცესი წინ დროულად და პროდუქტიულად წავა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები