პუტინი „დიდი ევრაზიის მაკრორეგიონის“ ჩამოყალიბებას გეგმავს, „ოცნება“ „მოვლენათა განვითარების მიხედვით“ აპირებს მოქმედებას

22-02-2025 02:16:10 კონფლიქტები

ოკუპანტი რუსეთი კიდევ ერთხელ, დაჟინებით ეპატიჟება საქართველოს „რეგიონული თანამშრომლობის საკონსულტაციო პლატფორმად“ წოდებულ ფორმატში „3+3“. "თავიდანვე ყველა შევთანხმდით, რომ გვექნებოდა სწორედ „3+3“ ფორმატი (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) და რომ ყველას გვესმოდა საქართველოს პოზიციის გარკვეული ნიუანსებისა, მაგრამ ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნებოდა და სავარძელიც ყოველთვის გვედგებოდა საქართველოს წარმომადგენლებისთვის სხდომათა დარბაზში. ეს ჩვენი საერთო მიდგომა გასული წლის 23 ოქტომბერს თეირანში გამართულ ბოლო სხდომაზეც დავადასტურეთ" - განაცხადა 19 თებერვალს სახელმწიფო სათათბიროს წინაშე სიტყვით გამოსვლისას პუტინის ხელისუფლების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა. ამასთან, მოსკოვისთვის უკვე ტრადიციულად, მან კვლავ შეაქო "ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველი გუნდი, რომელსაც მთელს ცივილიზებულ სამყაროში უკვე ღიად მოიხსენიებენ „პრორუსულად“, ამ კონტექსტში გაიმეორა პროპაგანდისტული ნარატივი "ოცნების" მიერ "ქართველი ხალხის ინტერესებით ხელმძღვანელობის“ შესახებ (არადა, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მრავალწლიანი ურყევი ნების საფუძველზე საქართველოს კონსტიტუციაში ასახული ევროინტეგრაციის კურსი „ოცნების“ მიერ უკვე ოფიციალურადაც შეჩერებულია, მოსახლეობის უმრავლესობის ამ ნების რეალიზებისთვის აუცილებელი დემოკრატიული განვითარება კი ჩანაცვლდა ავტორიტარიზმითა და მეტიც - უკვე დიქტატურის ნიშნებით) და იქვე დასძინა, რომ "3+3" სწორედ ის ფორმატია, რომელიც ყველა მონაწილის ინტერესების გათვალისწინებით მუშაობს". ლავროვის ეს განცხადება, რომელიც ფართოდ გაშუქდა ქართულ მედიაში, ახალს ფაქტობრივად, არაფერს შეიცავდა - ანალოგიური წინადადებები მოსკოვის წარმომადგენლებისა და პირადად ლავროვისგან ბოლო დროის განმავლობაში უკვე არაერთხელ გვსმენია. ის საინტერესო ფრაზა კი, რომელიც ალბათ, ერთადერთ სიახლეს ასახავდა, თითქოს სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა. მხედველობაში მაქვს ლავროვის შემდეგი სიტყვები: „ფორმატის ფარგლებში გამართულ ბოლო შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს საკონსულტაციო პლატფორმა უფრო სტრუქტურირებულ ორგანიზაციად გარდაიქმნას". რა იგულისხმება „უფრო სტრუქტურირებულ ორგანიზაციაში“ - რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ამჯერად არ დაუკონკრეტებია. არადა, სწორედ ესაა საინტერესო.

და ამ ფრაზას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდები, მით უფრო - იმის გათვალისწინებით, რომ „ოცნების“ გუნდმა, რომელიც ფორმატის დაარსებიდან (2021 წლიდან) დღემდე „3+3“-ში ჩართვაზე ცალსახა უარს აცხადებდა - „ტერიტორიების დეოკუპაციამდე საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერანაირ ფორმატში ვერ ჩაებმებაო“, ამჯერად პოზიცია შეარბილა, სამომავლოდ მასში მონაწილეობა არ გამორიცხა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის პირობა ამ კონტექსტში აღარ უხსენებია... "რაც ეს იდეა - „3+3“ წარმოიშვა, იმის მერეა ლაპარაკი, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ ჩაეწერება მასში, მაშინ, როდესაც მონაწილე ქვეყნებს თავად არ აქვთ ურთიერთობები მოგვარებული: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და ვლოცულობთ, პერსპექტივაში ეს არ გადაიზარდოს მორიგ სამხედრო დაპირისპირებაში; არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს, ან ირანს შორის... მოკლედ, არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, რომ საქართველოს ჰქონდეს მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც. პროცესები, რომელიც ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას. დაველოდოთ პროცესებს. საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა 20 თებერვალს ჟურნალისტებთან ლავროვის შეთავაზების კომენტირებისას „ოცნების“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რომლის მტკიცებით, „ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, „არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც პოლიტიკური იმიჯი, არც საგარეო კურსი, არც ეკონომიკური ინტერესები“.

როგორც ვხედავთ, საკუთრივ ქვეყნის დეოკუპაციის პირობაზე სიტყვაც აღარ თქმულა. რაც შეეხება „პოლიტიკური იმიჯის, საგარეო კურსისა და ეკონომიკური ინტერესების არდაზიანებას“, ერთიც, მეორეც და მესამეც „ოცნების“ გუნდის „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგად უკვე იმდენადაა დაზიანებული, რომ პრაქტიკულად არც ერთ ტრადიციულ დასავლელ პარტნიორს აღარ აქვს საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან ურთიერთობის სურვილი, მსგავსი იზოლაციის პირობებში კი სრულიად დაუცველ, უმწეო მდგომარეობაში აღმოჩენილი ქვეყნის ბედი თავისუფლად შეიძლება, თავად საქართველოს მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს. და თუ „ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარებით ვიმსჯელებთ, ივანიშვილის გუნდისთვის მსგავსი პერსპექტივა სულაც არაა მიუღებელი (შესაძლოა, ხელსაყრელიც კი იყოს მისი პოლიტიკის სავალალო შედეგებზე პასუხისმგებლობის ტვირთის „მსოფლიო მოვლენების“ მხრებზე გადასადებად), ახლა კი უკვე მოსახლეობასაც გვაჩვევს იმ აზრს, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა შორის მიმდინარე დიდი მსოფლიო გადანაწილების ფარგლებში ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, ისე ამოვყოთ თავი რუსეთის „კალათაში“, რომ აზრიც არავინ გვკითხოს. საერთაშორისო პოლიტიკაში ხომ ფართოდაა ცნობილი: ვინც მოლაპარაკებათა მაგიდასთან არაა წარმოდგენილი, მენიუს ნაწილად შეიძლება, იქცეს...

ხოლო ის, რომ პუტინის რუსეთი, რომელიც ბოლო დრომდე ვერც უკრაინაში აღწევდა დეკლარირებულ მიზნებს, მეზობლების მიმართ ეს მორიგი აგრესია კი რეკორდულ დასუსტებად უჯდებოდა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით და საერთაშორისო არენაზე აშკარა აუთსაიდერად იყო ქცეული, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის (რბილად რომ ვთქვათ) უჩვეულო ნაბიჯების ფონზე არა მარტო თავის გადარჩენის იმედს იბრუნებს, არამედ თავისი „კალათის“ უხვად შევსების გეგმის წარმატებით რეალიზებისაც, უკვე უდავოა. და პუტინის ამ იმპერიალისტური განზრახვის მორიგი დასტური 19 თებერვალს სახელმწიფო სათათბიროს წინაშე ლავროვის ზემოთ ხსენებულ გამოსვლაშიც მოვისმინეთ: მან საჯაროდ დაადასტურა, რომ მოსკოვი უკვე მართავს მოლაპარაკებებს და „სხვა პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამს“ „დიდი ევრაზიული კავშირის“ - ანუ იმ გაერთიანების ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც ევრაზიული კონტინენტის ყველა ქვეყანა უნდა გააერთიანოს და რაღა თქმა უნდა, რუსეთის თაოსნობით იარსებოს.

„აფრიკის კონტინენტზე არსებობს აფრიკული კავშირი, რომელიც კონტინენტის ყველა ქვეყანას აერთიანებს, ლათინურ ამერიკაში არსებობს ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების თანამეგობრობა — ანუ ასევე საერთო კონტინენტალური ორგანიზაცია. რომ აღარაფერი ვთქვათ ეუთო-ზე - ევროატლანტიკური კონცეფციის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაზე და მრავალრიცხოვან სუბრეგიონალურ სტრუქტურებზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს ჩათვლით. ევრაზიაში კი მსგავსი სტრუქტურა არ არსებობს. არ გვაქვს ერთიანი ფორუმი, რომელშიც კონტინენტის ყველა ქვეყანა იქნებოდა წარმოდგენილი - ცხადია, ერთმანეთის მომეზობლე. ამდენად, უკვე ვმუშაობთ იმ ხსენებული კონცეფციის რეალიზებაზე, რომელიც ადრე პრეზიდენტმა პუტინმაც ახსენა: უკვე ვდებთ ხელშეკრულებებს ჩვენს მეზობლებთან, ვავითარებთ კავშირებს მათ გაერთიანებებთან“ - განაცხადა ლავროვმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთი უკვე აწარმოებს „ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგს“ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС), კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (СНГ) ქვეყნებთან „და სხვა პარტნიორებთან“ ყველა კონტინენტზე.

ამასწინათ კი ბრიტანულმა „Financial Times“-მა გამოაქვეყნა რუსეთის მთავრობის გასული წლის აპრილით დათარიღებული საიდუმლო ანგარიში, რომლის თანახმად, მოსკოვი ევრაზიაში „ახალი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ძალის ცენტრის ჩამოყალიბებას ცდილობს მასში ლრიდერის პოზიციის დასაკავებლად“. საუბარია „მაკრორეგიონის“ გრძელვადიან პროექტზე, რომელიც „გლობალურ არენაზე რუსეთის პოზიციების გასამყარებლად“ იქნება მიმართული და „ძალაში დარჩება განურჩევლად იმისა, თუ რით დასრულდება უკრაინის საკითხზე დასავლეთთან შესაძლო მოლაპარაკებები“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამ პროექტში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციის „წარმატებულ მაგალითს“ წარმოადგენს ბელარუსი, რომელიც უკვე წლებია, რუსეთის ფედერაციასთან „საკავშირო სახელმწიფოს“ ქმნის; რომლის ავტორიტარმა მმართველმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ახლახანს მოსკოვს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმებაც გაუფორმა და ალბათ, დამთხვევაა, მაგრამ იმავე პერიოდში გულითადი მილოცვა მიიღო „ოცნების“ ასევე ავტორიტარული რეჟიმის მიერ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტად ხელდასმული მიხეილ ყაველაშვილისგან ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობის მორიგ ჯერზე დაკავებასთან დაკავშირებით.

იმ „უმნიშვნელო“ ფაქტს, რომ ლუკაშენკოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ კანონმდებლობა აქვს დარღვეული და მეტიც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ მიწაზე თბილისის დაუკითხავად (თუმცა უკვე საკითხავია, დაუკითხავად კი?!) მრავალმილიონიან პირად ბიზნეს-პროექტსაც აყალიბებს, ყაველაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, ბელარუსის ლიდერისთვის მორიგი გაპრეზიდენტება მიელოცა. თუმცა გასაკვირია კი ეს ამბავი იმის გათვალისწინებით, რომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტიცა და იქ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით პირადი ბიზნესის წამოწყებაც „ოცნებიდან“ დღემდე არც არავის გაუპროტესტებია, - მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპროტესტო განცხადება. ზუსტად ისევე, როგორც არ გაუპროტესტებია „ოცნებას“ ბიჭვინთის რუსეთის მიერ გადაფორმება, რუსების მიერ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტის მშენებლობა, მოგვიანებით კი დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მიზნებით სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია-გადაფორმებაც... - თითქოს ოკუპირებული რეგიონები უკვე ჩაბარებული ჰქონდეთ პუტინისთვის... „ოცნებას“ არც იმჟამინდელი აფხაზი ლიდერის - ასლან ბჟანიას ბელარუსში საპასუხო ვიზიტად ჩასვლა გაუპროტესტებია, რომლის დროსაც ლუკაშენკომ მას „მინსკთან ერთად სოხუმის, ცხინვალისა და თბილისის რუსეთის ირგვლივ რაღაცნაირად შეკოწიწება“ შესთავაზა...

ამ კონტექსტში ლავროვის მიერ 19 თებერვალს საჯაროდ დაანონსებულ პროექტს რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის თაოსნობით „ევრაზიული კავშირის“ ჩამოყალიბების იდეას კრემლელი იდეოლოგები უკვე მრავალი წლის განმავლობაში ლობიორებდნენ, მათ შორის - პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. ბოლო დროს კი მოსკოვი ამ პროექტის განხილვის პრაქტიკულ სიბრტყეში გადატანას ცდილობს. 2023 წელს მინსკში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე სახელწოდებით „ევრაზიული უსაფრთხოება: რეალობა და პერსპექტივები ტრანსფორმირებად სამყაროში“ ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ალეინიკმა მსოფლიო თანამეგობრობას „მრავალპოლარულობისა და მრავალფეროვნების ევრაზიული ქარტიის“ შემუშავების მოწოდებით მიმართა, მოსკოვმა კი „მის იდეას", რა საკვირველია, მხარი დაუჭირა. 2024 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკვე ოფიციალურად დაუჭირა მხარი სტრატეგიული პარტნიორის - მინსკის ხსენებულ ინიციატივას, ოღონდ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით - „XXI საუკუნეში მრავალპოლარულობისა და მრავალფეროვნების ქარტია“. იმავე წლის ნოემბერში ორი ქვეყნის საგარეო უწყებებმა ქარტიის ძირითადი დებულებებიც წარმოადგინეს, ამჟამად მათ საფუძველზე დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობენ, პარალელურად კი ახორციელებენ „გარკვეულ დიპლომატიურ და პოლიტიკურ სამუშაოს ამ პროცესში დსთ-ის სხვა ქვეყნების ჩასაბმელად“. მხარეთა განცხადებით, როგორც კი ქარტიის საბოლოო პროექტი შეთანხმდება, მინსკში ჩატარდება „უსაფრთხოების კონფერენცია“, რომელზეც დოკუმენტი ოფიციალურად დამტკიცდება.

მართალია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები, მათ შორის, ნატო-ს ნგრევისკენ მიმართულადაც აღიქმება და ამან შეიძლება, მოსკოვს „ევრაზიული კავშირის“ იდეის ხორცშესხმის მიმართულებით კიდევ მეტი გააქტიურებისკენ უბიძგოს, მაგრამ მსგავსი გრანდიოზული კავშირის რეალურად ფორმირების პერსპეტივები მაინც ძალიან ბუნდოვანია. თუკი ლავროვი რუს დეპუტატებს არ ატყუებდა და პროექტი მართლაც მთელი ევრაზიის გიგანტური სივრცის მოცვას ითვალისწინებს, მაშინ იგი, მაღალი ალბათობით, იმთავითვე კრახისთვისაა განწირული, ვინაიდან დღეის გადასახედიდან მაინც, ძალზე ძნელი წარმოსადგენია, ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამაც და ისეთმა რეგიონულმა გიგანტებმაც, როგორებიცაა თურქეთი, ჩინეთი და ინდოეთი, მასში ჩართვა მოინდომონ. სამაგიეროდ გაცილებით რეალისტურად წარმოჩინდება რუსეთის მიერ ერთგვარი „მინი-ევრაზიის“ რეალიზების პროექტი. და ამ კონტექსტში ლავროვის მიერ 19 თებერვალს ნახსენები გეგმა „3+3“ ფორმატის „უფრო სტრუქტურირებულ ორგანიზაციად გარდაქმნის“ შესახებ ერთგვარ სასტარტო ნაბიჯად შეიძლება, განიხილებოდეს.

ყველა შემთხვევაში, ცხადია, რომ პუტინის რუსეთს როგორც დიდი, ისე „მინი“ ევრაზიული პროექტის რეალიზების შემთხვევაში ახალ ერთობაში უპირობო ლიდერობა აქვს განზრახული. მსგავსი რუსული ალიანსების წევრობა კი, ბუნებრივია, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებთან - და ეს „ოცნებამაც“ მშვენივრად უწყის. ამდენად, თუკი საქმე საქმეზე მიდგება, ისედაც სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველ გუნდს ძალზე წონადი სატყუარა დასჭირდება მოსახლეობის რისხვის თავიდან ასარიდებლად. და ასეთ სატყუარად კრემლმა „ოცნებას“ შესაძლოა, ის ფიქტიური დეოკუპაცია შეაშველოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ოქტომბრის წინასაარჩევნო აქციებზე ახსენებდა - „მოვლენები ისე ვითარდება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობები ნებისმიერ წუთს შეიძლება, შეიქმნასო“...

მართალია, მას შემდეგ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში „ოცნებას“ ეს თემა საერთოდ აღარ უხსენებია, მაგრამ ჯერ ხომ არც პუტინის ზემოთ ხსენებული პროექტების რეალიზება დაწყებულა და არაა გამორიცხული, ივანიშვილის მიერ ფეიქ-დეოკუპაციის რუსული „ტრიუკის“ გათამაშება მომავალში რეალურად დადგეს დღის წესრიგში.

რაც არ უნდა შესთავაზონ საქართველოს მოსახლეობას ამ კონტექსტში - რამდენიმე თვის წინ სოხუმში აგორებული მღელვარების მიზეზად ქცეული კონფედერატიული მოდელი, თუ სხვა მსგავსი რამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ობიექტები ექნება განთავსებული ან/და მის ხელთ იქნება კონტროლი სატრანსპორტო თუ სხვა არტერიებზე, ქაღალდზე დატანილი "დეოკუპაცია" მხოლოდ ფიქციად დარჩება, ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს კვლავ მოსკოვი შეინარჩუნებს და ამჯერად არა მარტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ მთლიანად საქართველოს ჩაიგდებს ხელში. მე კი დიდი ეჭვი მეპარება, რუსეთი დღეს ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტსა და სოხუმის აეროპორტს აფხაზეთის საქართველოსთვის დასაბრუნებლად იშენებდეს და "3+3"-ში "ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე" გვექაჩებოდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები