
გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის შესახებ აშშ-ის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია მიიღო
25/02/2025 11:17:17 მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათს აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო. ტექსტი შეიცავს მოწოდებას ომის სწრაფად დასრულებისკენ, თუმცა რუსეთი აგრესორად არაა მოხსენიებული. ეს არის გაეროს ყველაზე გავლენიანი ორგანოს მიერ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ მიღებული პირველი ერთობლივი გადაწყვეტილება.
როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, "რეზოლუცია გამოხატავს შეერთებული შტატების ნეიტრალურ პოზიციას მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დამყარებას ცდილობს". აქამდე უშიშროების საბჭოს 15 წევრმა ერთობლივი ქმედებების განხორციელება ვერ შეძლო რუსეთის ვეტოს უფლების გამო.
აშშ-ის რეზოლუციას 10-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხოლო საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ თავი შეიკავეს.
„ამ რეზოლუციას სამშვიდობო გზაზე გავყავართ, ეს პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლითაც ყველამ შეგვიძლია ვიამაყოთ“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დოროთი შიმ.
რეზოლუციის მოკლე ტექსტში გამოხატულია მწუხარება „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ მსხვერპლთა მიმართ, დადასტურებულია, რომ გაეროს მიზანია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. რეზოლუცია მოუწოდებს გრძელვადიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებისკენ.
ცნობისთვის: შეერთებულ შტატებს ზუსტად იგივე რეზოლუცია ჰქონდა ინიცირებული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც მსოფლიოს 193 ქვეყანა აძლევს ხმას.
ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან შეტანილი შესწორებების შემდეგ – კერძოდ, დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში. საბოლოოდ, გენერალურ ასამბლეაზე აშშ-მა საკუთარ რეზოლუციას, რომელშიც შესწორებები შევიდა, მხარი არ დაუჭირა – თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან. ასევე მოიქცა საქართველოც. რუსეთი წინააღმდეგ წავიდა.
გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მეორე რეზოლუციაც, რომელიც უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების მიერ იყო ინიცირებული. რეზოლუცია რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. 193– წევრიან ასამბლეაზე უკრაინის და ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული დოკუმენტი დამტკიცდა ხმების თანაფარდობით 93-18, თავი შეიკავა 65-მა დელეგატმა. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021