რა გვესმის და რა უნდა ვიცოდეთ რეალურად საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშიებით

27-02-2020 17:21:48 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

მიუხედავად არაერთი დამამშვიდებელი განცხადებისა, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებას ერთგვარი პანიკა მოჰყვა. უპირველესად, ეს აფთიაქებსა და მაღაზიებში აჟიოტაჟის დაწყებაში გამოიხატა. მოქალაქეები პირბადეების და მედიკამენტების შეძენას ცდილობდნენ, ასევე იმარაგებდნენ არამალფუჭებად საკვებს: ზეთს, მაკარონს, ლობიოს, ბურღულეულს, ორცხობილებს და ა.შ. სადღეისოდ აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია, ზოგან დეფიციტური გახდა სპირტიც.

პანიკაში მყოფი მოქალაქეების დამშვიდებას უჰანიდან ცდილობს ქართველი სტუდენტი ნინი დავლიანიძეც, რომელმაც ვირუსის ეს პირველი კერა არ დატოვა:

„ვწუხვარ, რომ თქვენთანაც დაფიქსირდა შემთხვევა, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პანიკა დადებით შედეგებამდე არასდროს მიგვიყვანს. ვფიქრობ, უნდა მოვისმინოთ ოფიციალური განცხადებები, დავიცვათ ჰიგიენის წესები და გავითვალისწინოთ სხვა ადამიანებიც, რადგან როდესაც პანიკაში ვვარდებით, ეს ზემოქმედებას ჩვენს გარემოცვაზეც ახდენს“.

ცვლის თუ არა ვითარებას საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დაფიქსირება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვარწმუნებს, რომ ამ ეტაპზე ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ:

„ის, რომ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, საყურადღებო ფაქტია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ვითარების გარდატეხა მოხდა და რაღაც საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ. კარგი ისაა, რომ გარკვეულია, ვისთან ჰქონდა ინფიცირებულ ადამიანს შემხებლობა. ვითარება რთულდება მაშინ, როდესაც ეს გარემოება გაურკვეველი რჩება. თუ მასობრივად მოხდება ვირუსის გადაცემის ფაქტების დაფიქსირება, სასწრაფოდ გამოცხადდება შესაბამისი ღონისძიებები. საბედნიეროდ, ჩვენთან მსგავსი ზომების მიღების აუცილებლობა არ არის“.

მოსახლეობის მღელვარებას გადამეტებულად აფასებს ექიმი დათო ნანობაშვილიც, რომელიც სიკვდილიანობის პროცენტულ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას:

„ვფიქრობ, რაც ხდება, გადამეტებულია, რადგან ერთი და რამდენიმე შემთხვევა კატასტროფა არაა. მით უფრო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ვირუსს სიკვდილიანობა 2–3% აქვს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ებოლას დროსაც კი, რომლის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11%–მდე იყო, მსგავსი პანიკა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ პანიკაში სხვა ფაქტორებიც მუშაობს და ამას დროთა განმავლობაში დავადგენთ. მესმის, შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ეს დიდი ხიფათი არ არის“.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის მონაცემებით, შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, ხშირად სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც; 14-15%–ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო 5% კრიტიკული მდგომარეობაა, რომელიც უკვე რეამინაციულ დახმარებას მოითხოვს.

„ხალხური“ და ექიმების რჩევები

სპეციალისტები მოგვიწოდებენ, თავის დაზღვევის მიზნით ყურადღებით მოვუსმინოთ პროფესიონალების რეკომენდაციებს და არა იმ „ხალხურ რჩევებს“, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებ–გვერდებზე რომ მომრავლდა, მათ შორის – რამდენიმე მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ.

„მედიკამენტების ხელაღებით გამოყენება დაუშვებელია. ჯერ უნდა ჩატარდეს ცდები და დაიდოს დასკვნა. სადღეისოდ არც ერთი ანტივირუსული მედიკამენტის ეფექტურობა არაა დადასტურებული, თუმცა ჩატარდება კლინიკური ცდები და შემდეგ შეგვეძლება საუბარი. რაც შეეხება მითს ალკოჰოლის შესახებ, ის მავნე ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, აქვეითებს დამცავ ფუქციას, შესაბამისად, კორონავირუსის წინააღმდეგ მისი გამოყენება ეფექტური ვერ იქნება“,– განმარტავს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

მითებზე ამახვილებს ყურადღებას ექიმი დათო ნანობაშვილიც, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, რჩევების გაზიარებამდე ავტორების შესახებ მოიძიონ ინფორმაცია:

„საოცარი მითები ვრცელდება, მათ შორის - „დღეში ერთხელ ჭამეთ, სამი დღის განმავლობაში იშიმშილეთ, ცხელი წყალი სვითო“. როდესაც რაღაც სტატიას წააწყდებით, სანამ მის კითხვას დაიწყებთ, გაარკვიეთ, ვინაა ავტორი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას. ეს მითები შესაძლოა, ლეღვის ნახარშისა არ იყოს, ვიღაცამ გაითვალისწინოს და სერიოზულად დაიზიანოს ჯანმრთელობა. მინდა, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ფილტვის დაავადების დროს აუცილებელია სრულფასოვანი კვება და არა შიმშილი. ამასთან, არ შეიძლება ანტისეპტიკური სითხეების გამოვლება, რადგან ეს კლავს ჩვენს „მეგობარ» ბაქტერიებს“.

დიკოსები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევენ:

  • მოვერიდოთ მგზავრობას დასენიანებულ ქვეყნებში, პირველ რიგში ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში;
  • ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით ან ანტისეპტიკური ხსნარით; ამავე ხსნარით დავამუშავოთ სამსახურში სამუშაო მაგიდა;
  • სახლის ან სამუშაო ოთახის ხშირად სველი წესით დალაგებას, ხშირად განიავებას.
  • ხოლო თუ დასენიებული ქვეყნებიდან საქართველოში ბრუნდებით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან ინფექციურ საავადმყოფოებს. ინკუბაციის პერიოდი 14 დღეს შეადგენს: ამ დროის განმავლობაში ვლინდება სიმპტომები, რომელიც გამოიხატება ტემპერატურით, ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ქოშინით.

„თუ ადამიანები ორგაბიზებულები იქნებიან, ბევრად უფრო ნაკლებია ხიფათი, ვიდრე ახლა ყველას ჰგონია“,– დასძენს ნანობაშვილი.

კორონავირუსის სიმპტომები

მედიკოსების განმარტებით, ახალი ტიპის კორონავირუსი არაფრით განსხვავდება გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებებისგან: ახასიათებს ზოგადი სისუსტე, ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, გართულებულ შემთხვევაში – ქოშინი, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გარემოებაა, პირი ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა თუ არა დასენიანებულ ქვეყანაში ან ჰქონდა თუ არა და რა ხანგრძლივობით შეხება პირთან, რომელიც დაბრუნდა დასებიანებული ქვეყნიდან. ამასთან, იშვიათ შემთხვევაში ვირუსი შესაძლოა, ტემპერატურის გარეშეც მიმდინარეობდეს.

„მთავარი ანამნეზის შეკრებაა – სად იყო პაციენტი ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან თუ ნორმალური კონცენტრაციით მოხდა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრა, ის 5–6 დღის შემდეგ იწყებს გამოვლენას სიცხით, სუნთქვის გართულებით და ხველით. ხოლო ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, სადაც სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, შესაძლოა, ვირუსი უსიმპტომოდ განვითარდეს.

მხოლოდ კორონავირუსის დროს კი არა, ვთქვათ, გრიპის დროსაც, თუ ატყობთ, რომ სუნთქვის გართულება გაქვთ, კარგია სისხლის გამათხელებლების მიღება, როგორიცაა ბროწეულის წვენი, ერთი ჭიქა შავი ნატურალური მშრალი ღვინო, ასევე ასპირინის შემცველი საშუალებები“,– ამბობს ნანობაშვილი.

რისკ–ჯგუფი

რისკ–ჯგუფად განიხილავენ 6 წლამდე და 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. სიკვდილიანობის მაჩვენებლის ანალიზით გაირკვა, რომ დაღუპულთა 80% 60 წელს იყო გადაცილებული და უმეტესობას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„6–დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები რისკის ქვეშ თითქმის არ არიან. მათ შეიძლება, კორონავურუსი დაემართოთ, მაგრამ ძალიან ადვილად გადაიტანენ. ექვს წლამდე ბავშვების შემთხვევაში სხვა ფაქტორები მუშაობს, მათ შორის – ნაწლავური, პარაზიტული ინფექციები. ასეთ შემთხვევაში ხდება იმუნური სისტემის მკვეთრი ხარჯვა და სწორედ ამიტომ არიან ექვს წლამდე ბავშვები ცოტა უფრო მეტად რისკის ქვეშ“,– განმარტავს ნანობაშვილი.

მისივე თქმით, მეტ–ნაკლებად შედიან რისკ–ჯგუფში პირები, რომლებსაც გლანდების, ან ბრმა ნაწლავის ოპერაცია აქვთ გადატანილი:

„ჩვენ ორი ბუნებრივი ბარიერი გვაქვს, რომელიც ვირუსული ინფექციებისგან ჩვენს დაცვას იწყებს: გლანდები და ჭია–ნაწლავი. უმეტეს შემთხვევაში ორივეს ვჭრით. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც ორივე ამოჭრილი აქვთ, მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ“.

როდის მივმართოთ ექიმს

მედიკოსების თქმით, ამისთვის გონივრული პერიოდი არ არსებობს. თუ ერთმანეთს ემთხვევა ფაქტორები, რომ მოქალაქეს ვირუსიან ადამიანთან ჰქონდა შეხება, ან იმყოფებოდა დასენიანებულ ქვეყანაში და გამოუვლინდა სიმპტომები, დაუყონებლივ უნდა მიმართოს ჯანდაცვის სისტემას.

„არ არის აუცილებელი, ადამიანი დარწმუნდეს, სჭირს თუ არა რამე. როგორც კი ფაქტორები ერთმანეთს ემთხვევა, გამოვლინდება სისუსტე და ოდნავი წამოხველება, ამას სახელმწიფო აფინანსებს და მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას“,– ამბობს ექიმი ნანობაშვილი.

რამდენი ექიმია მზად, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს უმკურნალოს?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ლიცენზიის მქონე 150-მდე ინფექციონისტია და ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ ისინი უმკურნალებენ პაციენტებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია გამოცხადდება, მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან სხვა სპეციალობის ექიმებიც. საქართველოში ჯამში 20 000-მდე მოქმედი ექიმია:

„ექიმების საკმაოდ დიდი რაოდენობა 2009 წლის H1N1 პანდემიური გრიპის დროს გადამზადდა. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციების მართვა დიდწილად თითქმის ერთნაირია. გადამზადების ვიდეო-კურსები გაიარეს ექიმებმა ებოლას ეპიდემიის დროსაც. დღეის მდგომარეობით, მომზადდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორ თენგიზ ცერცვაძისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის სალექციო ვიდეო-კურსი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ტარდება გადამზადების კურსები კლინიკების ეპიდემიოლოგებისთვის“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე, მედპერსონალს ყველა საჭირო ინსტრუქცია აქვს მიცემული, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი რეკომენდაციები გაიცემა.

ახალი ამბები