
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 27 თებერვალი - 2 მარტი
05/03/2025 15:53:31 კონფლიქტები
აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა გახდა
1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის შედეგებით, ე.წ. სახელისუფლებო კანდიდატმა ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მან ხმების 54.73% მიიღო, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ - 41.54%. ამომრჩეველთა აქტივობამ 69,9% შეადგინა, რაც პირველ ტურთან შედარებით ოდნავ მეტია.
„არჩევნების“ დღეს ადგურ არძინბას შტაბი რიგი დარღვევების თაობაზე იუწყებოდა. მათ შორის იყო სხვისი პასპორტით ხმის მიცემის, ე.წ. კარუსელის, დაბეჭდილი ბიულეტენების გაუჩინარების, დალუქული ურნების გახსნის, ასევე ბადრა გუნბას სასარგებლოდ „საარჩევნო უბნებზე“ ღია აგიტაციის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთში გახსნილ „საარჩევნო უბანზე“ მეორე ტური ხმათა 55,9%-ით ბადრა გუნბამ მოიგო, მაშინ, როდესაც პირველ ტურში არძინბამ მასზე მეტი ხმა მიიღო.
დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „არჩევნები“ შემდგარად ცნო. მისი განცხადებით, ბადრა გუნბასა და ადგურ არძინბას შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ უმნიშვნელო დარღვევები შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. ბადრა გუნბას გამარჯვება სხვა კანდიდატებმაც, რობერტ არშბამ და ოლეგ ბარციცმა მიულოცეს. თავის მხრივ, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ ხალხის ნებას პატივს სცემს და შედეგების გასაჩივრებას არ აპირებს, თუმცა მილოცვისგან თავი შეიკავა.
„არჩევნებს“ 35 სახელმწიფოდან 120-მდე „დამკვირვებელი“ აკვირდებოდა. პირველი ტურისგან განსხვავებით, სადაც რუსეთი მხოლოდ ერთი „დამკვირვებლით“ იყო წარმოდგენილი, მეორე ტურის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით აფხაზეთში რუსეთის ცესკო-ს დელეგაცია ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, “დამკვირვებლებმა“ საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ის „დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად“ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად თავი ბადრა გუნბამ გამოაცხადა. „წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია... ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით დადგა და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ“, - მიმართა მან მხარდამჭერებს.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა, რომელშიც გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ კი - 36.92%
პუტინმა გუნბას დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ამ გამარჯვებამ დაადასტურა აფხაზეთის მოქალაქეთა მიერ თქვენი კურსის მხარდაჭერა, რომელიც შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზეა მიმართული. ვიმედოვნებ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ" - ნათქვამია მისალოც წერილში.
ბადრა გუნბას რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმაც მიულოცა. „მოსკოვში დიდად აფასებენ სოხუმის წვლილს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი შემდგომი ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს ჩვენი მოძმე ერების კეთილდღეობას“, - აღნიშნა მან.
„არჩევნების“ მეორე ტურის მიმდინარეობისას ოკუპირებულ აფხაზეთში განთიადის ერთ-ერთ „საარჩევნო უბანზე“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, ასევე დაზიანდა „საარჩევნო“ ურნა და ბიულეტენები. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდამსხმელებმა გაქცევა ავტომობილებით სცადეს. მათი დაკავების მცდელობისას სამართალდამცველებმა მიუსერის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს. თავდამსხმელები გაჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
ბადრა გუნბას შტაბმა მომხდარში ადგურ არძინბას მხარდამჭერები დაადანაშაულა. მისი თქმით, თავდასხმაში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდნენ არძინბას ნათესავები, ნურიკ სმირი და ადამირ ფაჩალია, მეტსახელად ფაჩახა. სროლის შედეგად სმირი მძიმედ დაიჭრა და გადაყვანილ იქნა გუდაუთის საავადმყოფოში, სადაც მას ადგურ არძინბამ მიაკითხა. რაც შეეხება ფაჩალიას, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ენგურის ხიდის მიმართულებით გაემართა. აღსანიშნავია, რომ „წინასაარჩევნო“ პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები ფაჩალიას კრიმინალური საქმიანობის თაობაზე და იმაზე, თითქოს იგი წლების განმავლობაში თავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდა.
ინციდენტზე განსხვავებული ვერსია ოპოზიციის მხარდამჭერებმა გაავრცელეს და ბადრა გუნბას გუნდი წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ნიღბიანმა პირებმა უბანზე ცეცხლი გახსნეს და ადგურ არძინბას მხარდამჭერები დაჭრეს.
მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე, მათ შორის ტერორიზმის მუხლით აღძრა. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, საქმე აღიძრა დანაშაულის ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც ასევე აქვთ „აფხაზეთის მოქალაქეობა”. მოგვიანებით გავრცელდა საგამოძიებო კომიტეტის კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმად დადგენილია ერთ-ერთი თავდამსხმელის ვინაობა - ეს არის ნურიკ სმირი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში გადის მკურნალობას, ხოლო მისი თანამზრახველების დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები კვლავაც გრძელდება.
ბოლო დებატების დროს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები თბილისთან ურთიერთობის საკითხს შეეხნენ
ბადრა გუნბასა და ადგურ არძინბას შორის ბოლო სატელევიზიო დებატები 27 თებერვალს, ე.წ. აფხაზეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართა. რეგლამენტის შესაბამისად, ოპონენტებს ჰქონდათ ერთმანეთისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. არძინბას ერთ-ერთი შეკითხვა ბადრა გუნბას მისამართით თბილისთან ურთიერთობებს უკავშირდებოდა.
„არსებობს ბევრი მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ აფხაზეთმა უნდა შექმნას კონფედერაცია ან სულაც საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს. რა თქმა უნდა, ეს ოფიციალური პოზიცია არ არის“, - განაცხადა არძინბამ და ოპონენტს კომენტარისთვის მიმართა.
„რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების მტკიცე გარანტორია. ჩვენი ქვეყნის შემდგომი საერთაშორისო აღიარება შესაძლებელია რუსეთის მხარდაჭერით. ჩვენს ყველა მოქალაქეს აქვს მკაფიო პოზიცია ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების შესახებ, საქართველოსთან არანაირი კონფედერაცია არ განიხილება“, - უპასუხა ბადრა გუნბამ, რაზეც არძინბამ მოკლე რეპლიკა გააკეთა: „შესანიშნავია“.
აღსანიშნავია, რომ „ამომრჩევლებთან“ ერთ-ერთ შეხვედრაზე, აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, ბადრა გუნბამ ქართველებიც ახსენა. „სომხები, ბერძნები, აფხაზები, თურქები, ქართველები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთგულად და გულწრფელად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს და მათ ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა მან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021