Accentnews.ge
ზელენსკი: მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი, სანდო და გრძელვადიანი და მისი მიღწევა შეიძლება მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტებით

ზელენსკი: მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი, სანდო და გრძელვადიანი და მისი მიღწევა შეიძლება მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტებით

06/03/2025 10:02:23 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ფრანგ კოლეგას მკაფიო პოზიციონირების გამო და ხაზს უსვამს, რომ მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან ჩამოშლას.

"მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის, მისი ნათელი ხედვისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გამო, რომ მივაღწიოთ მშვიდობას. მშვიდობა უნდა იყოს ნამდვილი და არა უბრალოდ სიტყვა. მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან ჩამოშლას. ის უნდა იყოს სამართლიანი, სანდო და გრძელვადიანი და მისი მიღწევა შეიძლება მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტებით - უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთლიანი სამყაროსთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველას წინამძღოლობასა და ძალისხმევას, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს და აძლიერებს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის დაწყებას მშვიდობისკენ ნაბიჯების გადასადგმელად",- დაწერა სოციალურ ქსელში ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არ ქრება და ის მთელს ევროპას ეხება საფრანგეთის ჩათვლით.

ის მიესალმება ყველა სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება უკრაინის ხარჯზე და რომ არ შეიძლება რუსეთს მიეცეს პირობების კარნახის უფლება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი “შეიარაღებას აგრძელებს” და 2030 წლისთვის “ის გეგმავს საკუთარი არმიის კიდევ უფრო გაზრდას, 300,000 დამატებითი ჯარისკაცის, 3,000 ტანკის, 300 საბრძოლო თვითმფრინავის ყოლას”.

“ამ კონტექსტში, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლა, როდესაც გესაუბრებით, და მომავალი წლებისთვის რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის…

მშვიდობა არ შეიძლება მიღწეულ იქნას ნებისმიერ ფასად და რუსული დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, არ შეიძლება იყოს მისი ჩამოშლა. და არ შეიძლება შედგეს ცეცხლის შეწყვეტაში, რომელიც ზედმეტად მყიფე იქნება…

არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა 2014 წელს დაიწყო და მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე მინსკში მოვილაპარაკეთ. და, ამავდროულად, რუსეთმა პატივი არ სცა ამ ცეცხლის შეწყვეტას და ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების ნაკლებობის გამო…

დღეს აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა. უკრაინას აქვს საკუთარი თავისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება, და ეს ჩვენს ინტერესებშია და ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებშია. ამ მხრივ ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობრებთან,” - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან თავის დასაცავად მათ მიერ საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S