რა როლი შეიძლება, ჰქონდეს თურქეთს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში და რატომაა ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის

07-03-2025 00:27:18 ანალიზი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებები „განგაშის ზარად“ უნდა იქცეს ევროპისთვის, რათა შექმნას აშშ-ისა და ნატო-სგან დამოუკიდებელი უსაფრთხოების სისტემა.

როგორც ფიდანმა ორიოდ დღის წინ ლონდონში ევროპელ კოლეგებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოცემა "Financial Times"-ს განუცხადა, ანკარა მზად არის, შეუერთდეს ევროპის უსაფრთხოების ნებისმიერ ახალ არქიტექტურას, თუკი ნატო დაიშლება.

ხსენებულ შეხვედრაზე განიხილეს ტრამპის მცდელობები, უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მუქარა, ქვეყანამ ევროპული უსაფრთხოების სისტემა დატოვოს.

"ჯინი ბოთლიდან გამოვიდა და მისი უკან დაბრუნების გზა არ არსებობს... მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, არ გაიყვანოს ჯარები ევროპიდან, არ არის გამორიცხული, მომავალში ვინმემ კვლავ განიხილოს პოლიტიკური იდეები ევროპის უსაფრთხოებაში ამერიკის წვლილის შემცირების შესახებ. ამდენად, დროა, ევროპა გაერთიანდეს და განვითაროს საკუთარი სიმძიმის ცენტრი", - განაცხადა ფიდანმა, რომელიც მინისტრობამდე თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი გახლდათ.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას თქვა, რომ თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია, რომ ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს, რადგან თურქეთი „ევროპის განუყოფელი ნაწილია“.

ამასთან, ერდოღანის თქმით, უკრაინაში სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თურქეთი „ცდილობდა, გამოსავალი ცეცხლზე ნავთის დასხმის გარეშე ეპოვა“. „მიუხედავად იმისა, რომ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გვჯერა, რომ გამოსავალი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მოიძებნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთი ნატო-ს სიდიდით მეორე სამხედრო ძალაა შეერთებული შტატების შემდეგ. მედია წერდა, რომ თურქეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განათავსოს მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

და მაინც, რა როლი შეიძლება, ჰქონდეს თურქეთს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში და რატომაა ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის - საქართველოსთვის? - ამ თემაზე საკუთარი ანალიზი დღეს სოცქსელში ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა წარმოადგინა. მის პუბლიკაციაში, კერძოდ, ვკითხულობთ:

„მართალია, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის საკითხში ჯერ კიდევ ბევრი რამაა ბუნდოვანი, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ მასში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის მონაწილეობა (ამიტომ იყო თურქეთი მიწვეული ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, სადაც არ იყვნენ მიწვეულები, მაგალითად, საბერძნეთი, ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები, კვიპროსი და ა.შ.) და აი, რატომ:

- ანკარას ჰყავს სიდიდით მეორე არმია ნატო-ში;

-თურქეთი უშუალოდ რუსეთ-უკრაინის სამეზობლოში მდებარეობს. მის ხელთაა შავი ზღვის კარი (ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები), რომელიც რუსეთის სამხედრო ფლოტისთვის ჩაკეტა 2022 წელს და დღემდე ჩაკეტილი აქვს;

- თურქულ ჯარს, ბევრი ევროპული არმიისგან განსხვავებით, აქვს დიდი საბრძოლი გამოცდილება (აგერ, გუშინდლამდე იბრძოდა სირიაში);

- ანკარას აქვს ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (მარტო “ბაირაქთარები” რად ღირს, თუმცა სხვა ბევრ საინტერესო სამხედრო პროდუქციასაც უშვებს);

- თურქეთს აქვს, მათ შორის, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების გამოცდილებაც (სირია, ლიბია). თურქეთი დღემდე რჩება ნატო-ს ერთადერთ წევრ სახელმწიფოდ, რომელსაც ოდესმე ჩამოუგდია რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ეს არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა თურქეთ-სირიის საზღვარზე;

- თურქეთს არ სურს და ეწინააღმდეგება კიდეც საბჭოთა კავშირის აღდგენას, შესანიშნავად იცის რა, რომ ეს მისთვის ეგზისტენციური საფრთხეა (თავის დროზე ნატო-შიც ამიტომ გაწევრიანდა 1952 წელს);

- ანკარას ნორმალური ურთიერთობა აქვს მოსკოვთან. თუმცა ეს მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთოებებს ეხება და სამხედრო სფეროში რამე სერიოზულ თანამშრომლობაში არ გადაზრდილა (თუ არ ჩავთვლით ერთხელ ნაყიდ S-400-ებს, რომლებიც თურქებს საჰაერო თავდაცვის სისტემაში არც კი ჩაურთვიათ);

- თურქეთი შეჩვეულია კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებს და არ სურს დიდ გამოწვევებთან (და ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება) მარტო დარჩენა;

- თურქეთში (ინჯირლიქის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე) განლაგებულია 50 ბირთვული ქობინი. მართალია, ისინი აშშ-ს ეკუთვნის, მაგრამ ამერიკელებს ისინი იქიდან ვერ გააქვთ - დიპლომატიურად რომ ვთქვათ, გატანის მცდელობისას “ტექნიკურ” პრობლემებს აწყდებიან ხოლმე.

რას ითხოვს ან ელის ანკარა ამ ახალ არქიტექტურაში მონაწილეობის სანაცვლოდ? ის ელის ევროკავშირში გაწევრიანებას. გაწევრიანების პროცესი კი, ჩვენი არ იყოს, გაყინული აქვს და ეს ამბავი არახალია, წლების წინ მოხდა.

დათმობს ამას ევროპა? - ამ კითხვას ალბათ, ევროპელმა ლიდერებმა უნდა უპასუხონ.

ჩვენთვის კი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება ამ ახალ გაერთიანებაში თურქეთის მონაწილეობა, როგორც მისი ნატო-ში წევრობაა: მასთან გვაქვს საერთო საზღვარი და რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში პირველი, ვინც შეიძლება, ჩვენს დასახმარებლად მოვიდეს, სწორედ თურქეთია.

როცა ზომით პატარა ქვეყანა ხარ, შორიდან წამოსულმა ჯარებმა შეიძლება, ფიზიკურად ვერ მოგისწრონ. ამიტომ ჩვენს ინტერესშია და ვგულშემატკივრობთ ამ ახალ გაერთიანებაში თურქეთის მონაწილეობას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები