ვოუქიზმის ეფექტი: ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის აღზევება, როგორც ხაფანგი დემოკრატიისთვის - გაკვეთილები საქართველოსთვის

09-03-2025 17:01:21 პოლიტიკა

ვოუქ კულტურა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პოპულალური გახდა დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ვოუქ კულტურა და ზოგადად მემარცხენე იდეოლოგია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, ამ იდეოლოგიის რადიკალური ინტერპრეტაცია გახდა ერთი მხრივ ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური ძალების იარაღი, ხოლო მეორე მხრივ რუსული ანტი-დასავლური პროპაგანდის მთავარი წყარო.

თანამედროვე განვითარებულ და ცივილურ ქვეყნებში მოქმედებს დემოკრატიის წესები, რომლებიც დაფუძნებულია ლიბერალურ და ზომიერად კონსერვატიულ პრინციპებზე. ეს თავისთავად მოიცავს ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, კერძო საკუთრების უფლება, თანასწორობა და თავისუფალი აზრის პატივისცემა. ყველა თანხმდება, რომ აღნიშნული ღირებულებები უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის, თუმცა ვხვდებით ისეთ გარემოებებსაც, როდესაც ეს ღირებულებები მოჭარბებულია, და ხშირად რადიკალურ ხასიათს ატარებს. მაგალითისთვის, გამოხატვის თავისუფლება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში წარმოადგენს ადამიანის უნივერსალურ უფლებას. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით გამოხატვის თავისუფლების რადიკალიზაციას, რაც გამოიხატება იმ ადამიანების გარიყვას და შეურაცყოფას, რომლებიც გამოხატავენ არა მეინსტრიმული აზრს. ხშირად ამას თან სდევს უკუეფექტებიც საზოგადოების დიდ ნაწილში. ასეთი ქმედებები რეალურად აზიანებს ნამდვილ დემოკრატიულ ღირებულებებს. სწორედ ვოუქ კულტურის რადიკალური გამოხატულებები გახდა ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთ ფაქტორი აშშ-ში, ხოლო ულტრა-მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - ს მხარდაჭერის დიდი ზრდა გერმანიის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში. მზარდი უკმაყოფილება პროგრესული პოლიტიკის მიმართ ბევრ ამომრჩეველს მემარჯვენე პოპულიზმის მხარდაჭერისკენ უბიძგებს, რათა ამ ძალებმა შეეწინააღმდეგონ კულტურულ გადაჭარბებას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.

ვოუქ კულტურა, რომელიც სოციალურ სამართლიანობაშია ფესვგადგმული, თავდაპირველად მარგინალიზებული ჯგუფების, მათ შორის რასობრივი უმცირესობების, ქალებისა და ლგბტ თემის უფლებების დაცვისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში, მისი გავლენა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის განათლებაში, სამუშაო გარემოსა და მედია სივრცეშიც გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზნები თანასწორობასა და ინკლუზიურობას ისახავს მიზნად, ბევრი ადამიანი მიიჩნევენ, რომ მისი ყველაზე რადიკალური ფორმები—როგორიცაა კულტურის უგულვებელყოფა, აზრის გამოხატვის კონტროლი და იდენტობაზე დაფუძნებული პოლიტიკა —დაყოფასა და უკმაყოფილებას იწვევს, მათ შორის, იმ ადამიანებში ვინც საკუთარ თავს დისკუსიიდან გარიყულად გრძნობს.

ამავდროულად, ლგბტ ადვოკატირებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქორწინების თანასწორობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონების მიღებაში. თუმცა, ბოლო პერიოდში გენდერული იდენტობის, ტრანსგენდერი სპორტსმენების და ლგბტ-ინკლუზიური საგანმანათლებლო პოლიტიკის ირგვლივ გამწვავებული დისკუსიები მნიშვნელოვან დაპირისპირებას იწვევს. ზოგიერთისთვის ეს ცვლილებები პროგრესული იდეოლოგიის იძულებით თავს მოხვევად აღიქმება, რაც კონსერვატიული და რელიგიური ჯგუფებისგან მზარდ წინააღმდეგობას აწყდება. სწორედ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ქალის სპორტის სახეობებში ტრანსგენდერების მონაწილეობის აკრძალვა იყო, რასაც ამერიკელი მოსახლეობის ნაწილმა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია.

ამ ვითარებაში მთავარ ფაქტორს თამაშობს აღქმა, რომ ვოუქიზმი და ლგბტ ადვოკატირება იდეოლოგიური კონფორმიზმის თავსმოხვევას ცდილობს, რადგან კონკრეტული თემების ჩარჩოებში მოქცევა და ტაბუირება ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესებს და კონკრეტული თემების მიმართ სუბიექტური თუ ობიექტური პირადი აზრების გამოხატვას. დემოკრატიის და ზოგადად ლიბერალიზმის მარტივი ფორმულაა, როდესაც კონკრეტული საკითხის ირგვლივ ხდება მაქსიმალური და ინკლუზიური დისკუსია ყოველგვარი ტაბუირების გარეშე, სადაც ადამიანებს აქვთ ნებისმიერი აზრის გამოხატვის საშუალება. სწორედ ასეთი ტიპის დისკუსიებში იბადება ჭეშმარიტება. ბევრი კონსერვატორი და ზომიერად ლიბერალი ამომრჩეველი თავს გარიყულად გრძნობს პოლიტიკიდან, როდესაც იდენტობის პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე თუნდაც სოციალური და ეკონომიკური საკითხები. ეს მოცემულობა კვებავს ულტრა-მემარჯვენე პოპულისტურ ძალებს და ისინი ეფექტურად იყენებენ ანტი-ვოუქიზმის და ანტი-ლგბტ ნარატივებს იმ ამომრჩევლის მოსაზიდად, რომლისთვისაც პირველ პლანზე სოციალურ-ეკონომიკური და სხვა საკითხებია.

ისეთი კონცეფციების გავრცელებამ, როგორიც არის გენდერული თანასწორობა, სასურველი ნაცვალსახელების გამოყენება და რადიკალური სოციალური რეფორმები, საზოგადოების დიდ ნაწილში უკურეაქცია გამოიწვია, მათ შორის ლიბერალურ საზოგადოებაშიც. ეს უკმაყოფილება თვალსაჩინო იყო ამერიკელ ამომრჩეველშიც, რაც სათავისოდ გამოიყენა დონალდ ტრამპა. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ტრადიციული ღირებულებების დაცვა და პოლიტიკური კორექტულობის კრიტიკა. ამან ტრამპის ამომრჩეველებში გაზარდა წინააღმდეგობა პროგრესული სოციალური წესრიგის მიმართ და საარჩევნო ყუთებთან მოახდინა ბევრი მოქალაქის მობილიზებაც.

დონალდ ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 და 2024 წლებში მეტწილად განპირობებული იყო იმით, რომ მან შეძლო იმ პირების ემოციების მომართვა თავისკენ, ვინც ულტრა მემარცხენე პოლიტიკის გამო თავს გარიყულად გრძნობდა. მისი თავის წარმოჩენამ როგორც ეროვნული ღირებულებების დამცველად და ვოუქიზმის კრიტიკოსად დიდი გავლენა მოახდინა ისეთი კატეგორიის ელექტორატის მობილიზებაზე, როგორიც არის მუშათა კლასი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და რელიგიური კონსერვატორები, რადგან ისინი თავს გრძნობდნენ მარგინალიზებურად პროგრესული იდეოლოგიის გავლენის გამო.

ანალოგიურმა ტენდენციებმა დადებითი გავლენა მოახდინა გერმანიაში მოქმედ ულტრა-მემარჯვენე პარტია „AFD“-ს წარმატებაშიც, რომელმაც უპრეცედენტო რაოდენობის ხმები მიიღო გერმანიის 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში. AFD-მ თავი წარმოაჩინა როგორც წინააღმდეგობის ძალა პროგრესული პოლიტიკის გადაჭარბებული ზეგავლენის წინააღმდეგ. მათ გამოიყენეს მზარდი უკმაყოფილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერულად ინკლუზიური ენა, ლგბტ განათლება სკოლებში და მულტიკულტურალიზმის უპირატესობის პოლიტიკა ეროვნული იდენტობის დაკნინების ხარჯზე. ბევრი გერმანელი მიიჩნევს, რომ მთავრობა და მასმედია პროგრესულ იდეოლოგიებს ტრადიციული ღირებულებების საზიანოდ ავრცელებს. AFD-მ წარმატებით გამოიყენა ეს შეშფოთება, თავი გამოიჩინა როგორც იმ ადამიანების ხმა, რომლებიც პოლიტიკურ კორექტულობასთან ბრძოლას ცდილობენ. მათი წარმატება განსაკუთრებით შესამჩნევია გერმანიის პოსტ-საბჭოთა ნაწილში, სოფლებში და იმ რეგიონებში, სადაც ეკონომიკური სირთულეები და კულტურული ცვლილებები მოსახლეობაში სკეპტიციზმს აძლიერებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მედიის როლი ამ პროცესში. მედიამ და სოციალურმა ქსელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პროგრესული და კონსერვატიული იდეოლოგიების გაყოფაში. მემარჯვენე მედია ხშირად ხაზს უსვამს ვოუქ კულტურის გადაჭარბებულ ფაქტებს რაც საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილებას აძლიერებს. ასევე, ამ საკითხებს ძალიან ეფექტურად იყენებს რუსული პროპაგანდისტული საშუალებები. ეს განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ვოუქ კულტურამ და ლგბტ უფლებების დაცვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოციალური სამართლიანობის საკითხების წინ წამოწევასა და გადაჭრაში, მათი რადიკალური გამოვლინებები ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების აღზევებასა და გაძლიერებას შეუწყო ხელი. უკურეაქცია კულტურულ გადაჭარბებაზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ეკონომიკურ უყურადღებობაზე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ისეთი ფიგურების წარმატებას, როგორიცაა დონალდ ტრამპი, მარი ლე-, პენი, ალის ვეიდელი და სხვები. ამ კულტურული დინამიკის დაბალანსებულად მართვა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ექსტრემიზმი.

გაკვეთილები საქართველოსთვის

საქართველოც, სხვა ევროპული და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მსგავსად დგას ანალოგიური პრობლემების წინაშე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწყვლადია დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინაშე, ეს გარემოება ხელსაყრელი ხდება ულტრა მემარჯვენე პოპულისტური ძალებისთვის. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობა თავისი იდეოლოგიური ღირებულებებით უნიკალურია. საქართველოში ჩვენ ვხედავთ ლიბერალური და კონსერვატიული ღირებულებების სიმბიოზს. ერთი მხრივ, ქართველისთვის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებები უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ ქართული კულტურა, ტრადიციები, რელიგია, იდენტობა და სხვა ადათ-წესები თითოეული მოქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

საბჭოთა მემკვიდრეობა კვლავ გავლენას ახდენს საქართველოში მცხოვრებ უფროს თაობაზე, რომლის ხედვები ჩამოყალიბდა სწორედ იმდროინდელ იდეოლოგიურ ღირებულებებზე. მათთვის საბჭოთა ეკონომიკური სტაბილურობა და სოციალური დაცვა სამაგალითოა, რაც ხელს უწყობს მათზე კრემლის ნარატივების ეფექტურობას. კარგად მუშაობს ასევე რელიგიური და კულტურული მანიპულაციებიც. საქართველოს მოსახლეობაში მართმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული გავლენები და როლი გააჩნია. ამ ფონზე, ისეთი მესიჯები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს წარმოაჩენენ როგორც ქართული იდენტობის და ტრადიციების გამანადგურებელ ძალად, როგორიც არის გარყვნილება, ლგბტ პროპაგანდა და დასავლური კოლონიალიზმი, სწორედ ზემოაღნიშნულ იდეოლოგიურ ღირებულებებს - თავისუფლებას, რელიგიას, იდენტობას და დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება და ამ ღირებულებების დამცველი პარტიები წარმატებას აღწევენ სწორედ ამ საზოგადოების ნაწილში.

სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედ პოლიტიკური პარტიები არასდროს არიან კონკრეტული იდეოლოგიის მიმართ ერთგულები. მათი სწრაფი ტრანსფორმაცია მემარცხენე პარტიიდან ულტრა მემარჯვენე პარტიამდე, ან პირიქით, მიუთითებს პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე. პარტიები ძირითადად მოქმედებენ მოკლევადიან შედეგებზე და ქმნიან თავის საარჩევნო პროგრამას და იდეოლოგიურ ჩარჩოს არსებული გარემოებების და ხალხის საჭიროებების საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება პოლიტიკური კულტურის საბაზისო პრინციპებს. ამავდროულად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაქრა პოლიტიკური დებატების კულტურა ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის, მათ შორის უშუალოდ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისა და პოლიტიკური კულტურის განვითარების კონტექსტში. რეალურად, ევროპული პოლიტიკური კულტურის პირობებში, პარტიებს უნდა გააჩნდეთ გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, რომელიც დაფუძნებული იქნება კონკრეტულ იდეოლოგიაზე და იქნება თავისი პრინციპების ერთგული. მოკლევადიან პერსპექტივაში ამან შესაძლოა ხელშესახები შედეგობრივი გამარჯვება არ მოუტანოს პარტიას, თუმცა სწორი საარჩევნო კამპანიით, პრინციპების ერთგულებითა და საზოგადოებასთან სწორი მუშაობით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პარტია ერთმნიშვნელოვნად წარმატებული გახდება, რაც დინამიურად გამოიწვევს საერთო პოლიტიკური კულტურის დონის ამაღლებას და დემოკრატიის ხელშეწყობას. ძირითადად, დასავლურ ცივილიზაციაში პოლიტიკური კულტურის მაღალი დონე ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის მდგენელია.

დასკვნის სახით, შეგვიძლია რამდენიმე რეკომენდაცია შევთავაზოთ საქართველოში მოქმედ პრო-ევროპულ და დემოკრატიულ პარტიებს, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიის განვითარებას:

1) პარტიებმა უნდა დაიწყონ მათი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, თუ რომელ იდეოლოგიას განეკუთვნებიან. ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას და მოსახლეობას ექნება მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება, რომელიც ახლოს იქნება მათ ხედვებთან და იდეოლოგიურ ღირებულებებთან.

2) პარტიებმა უნდა დაიწყონ შიდა პარტიული დემოკრატიის დონის გაძლიერებაზე მუშაობა, მათ შორის გამჭვირვალე და ინკლუზიური შიდა-პარტიული გადაწყვეტილებების მიღების გზით, რაც ეხება პარტიის სამოქმედო გეგმას, ქვეყნის განვითარების ხედვასა და კანდიდატების დემოკრატიულ არჩევას;

3) იმის გათვალისწინებით, რომ ანტი-დასავლური და პოპულისტური ნარატივები და პროპაგანდა მუდამ იცვლის სახეს, განიცდის ტრანსფორმაციას და ერგება ახალ რეალობას, საჭიროა ყველა მხარის (პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებები, ეკლესია) ჩართულობით შეიქმნას ქმედითი მექანიზმი (შესაძლოა განიხილებოდეს ე.წ Task Force ან ოპერატიული ცენტრი), რომელიც მოახდენს აღნიშნულ ნარატივებზე რეაგირებას. კერძოდ, დეზინფორმაციაზე საპასუხოდ საჭიროა საზოგადოებისთვის არგუმენტირებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და ამ გზით ტყუილების და მანიპულაციური ინფორმაციის გაქარწყლება.

4) პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით უნდა შეწყვიტონ სხვა პარტიების დისკრედიტაცია და გაშავება. მათ უნდა შესთავაზონ მოქალაქეებს კონკრეტული ხელშესახები სარგებელი, რომელსაც მიიღებს მოქალაქე მათი არჩევის შემთხვევაში. ამ მხრივ შესაძლებელია ეფექტური იყოს წინასაარჩევნო თავდაუსხმელობის შესახებ მემორანდუმების გაფორმება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის;

5) პარტიებმა უნდა შეიმუშაონ კონკრეტული საკომუნიკაციო სტრატეგია და ე.წ მესიჯბოქსი, რომელიც დაამსხვრევს ანტი-დასავლურ და პოპულისტურ პროპაგანდას და ხელს შეუშლის ულტრა-მემარჯვენე, პრო-რუსულ და პოპულისტურ პარტიებს ამ ნარატივების ეფექტურ გამოყენებაში;

6) საქართველოში უნდა დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური დებატების კულტურა ყველა პარტიას შორის. ეს უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ მედიით, არამედ საჭიროა მსგავსი დებატების გამართვა ლოკალურად, რეგიონებში და პატარა ქალაქებში, სადაც მოქალაქეები ექნებათ პირდაპირი წვდომა პოლიტიკოსებთან, შეძლებენ თავიანთი აზრის დაფიქსირებას და შესაბამისი კითხვის დასმას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პარტიების ნება, ასევე როგორც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.

7) პარტიებმა უნდა გასცენ რეალისტური დაპირებები, რომლებსაც თან ახლდება კონკრეტული ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა, რითიც ეს დაპირებები უნდა შესრულდეს. უნდა შეწყდეს ისეთი პოპულისტური დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება შეუძლებელი იქნება.

8) საჭიროა ჩამოყალიბდეს ძლიერი სამოქალაქო მექანიზმი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პარტიების მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას.

9) განსაკუთრებული ყურადრება უნდა გამახვილდეს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე, რადგან ეს ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართ. საჭიროა რეგიონებში ხშირი შეხვედრები მოსახლეობასთან და მათი პრობლემების მოსმენა, რასაც თან მოჰყვება საგნობრივი დისკუსიები არსებულ გამოწვევებთან და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით;

10) საჭიროა მრავალპარტიული თანამშრომლობის პლატფორმების შექმნა, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები;

11) უნდა მხარდაჭერილ იქნა დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტიკა, ყოველგვარი მანიპულაციისა და ზეწოლის გარეშე. ასევე, აქტიურად უნდა ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების უფრო მასშტაბური ჩართულობის უზრუნველსაყოფად;

12) მნიშვნელოვანია, რეგიონებში მედია წიგნიერების და სამოქალაქო განათლების განვითარება. ამ პროცესის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

13) პარტიებმა უნდა შეწყვიტონ რადიკალური რიტორიკა, რომელიც იწვევს სიძულვილს, პოლარიზაციას და განხეთქილებას. მათ უნდა ხელი შეუწყონ ინკლუზიურ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც გამოიხატება ყველა სოციალური ჯგუფის და უმცირესობის წარმომადგენლის ჩართულობას პოლიტიკურ დისკუსიებში, გადაწყვეტილებების მიღებასა და მართვაში. ერთმანეთის მიმართ კრიტიკა უნდა იყოს საგნობრივი და კონკრეტული ფაქტებით გამყარებული.

საქართველოს პოლიტიკური კულტურის განვითარება და გაძლიერება მოითხოვს პოლიტიკური ლიდერების, პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოქალაქეების გრძელვადიან ნებას. სამოქალაქო განათლების ხელშეწყობით, დემოკრატიული დიალოგის და დებატების უზრუნველყოფით, სწორი და ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის დამკვიდრებითა და ურთიერთპატივისცემით, საქართველოს შეუძლია შექმნას უფრო ინფორმირებული და ინკლუზიური პოლიტიკური გარემო. პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც ამ პროცესის ძირითადმა მოთამაშეებმა, პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ შიდა დემოკრატიას, პასუხისმგებელ მმართველობას და ეთიკურ ხელმძღვანელობას, რათა ხელი შეუწყონ პოლიტიკური კულტურის განვითარებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები