09-03-2025 17:16:52 კონფლიქტები
ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ახლადარჩეულ დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა
შეხვედრა 5 მარტს კრემლში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ცნობილი არ იყო მანამ, სანამ იმავე დღეს კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა არ განაცხადა, რომ „დღის მეორე ნახევარში პუტინი გუნბას შეხვდება“.
მედია-საშუალებებში შეხვედრის პირველი რვა წუთის ჩანაწერი გავრცელდა, ხოლო შემდგომ ის პირისპირ გაგრძელდა და ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პუტინმა კრემლის ფავორიტ-კანდიდატს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იქვე დასძინა, რომ უნდა გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა იმ „პრობლემებზე“, რომლებიც ხალხს აწუხებს.
თავის მხრივ, გუნბამ პუტინს "აფხაზი ხალხის მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა "მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან" თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მან ასევე რუსეთის პრეზიდენტს რამდენიმე თხოვნით მიმართა.
ბადრა გუნბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთისთვის გამოყოფილი ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადი პრაქტიკულად ამოწურულია, და რუსეთის შემდგომი დახმარების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, დამატებითი ელექტროენერგია აფხაზეთს აპრილის შუა რიცხვებამდე დასჭირდება, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც ენგურჰესში წყლის დონე მოიმატებს და ის სრულად შეძლებს აფხაზეთის მომარაგებას. „კარგი, ყველაფერს გავაკეთებთ“, - მოკლედ უპასუხა პუტიმნა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბადრა გუნბამ რუსეთის პრეზიდენტის ყურადღება გაამახვილა, ახალი სატრანსპორტო რეგულაციები იყო. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 1 აპრილიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონდე რუსეთის მოქალაქეები რუსული მართვის მოწმობის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლას ვერ შეძლებდნენ. გუნბამ პუტინს მიმართა თხოვნით, განიხილოს აფხაზეთთან მიმართებით ამ რეგულაციების ამოქმედების 2 წლით გადავადების შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხზე ვლადიმირ პუტინს უპირობო თანხმობა არ დაუდასტურებია. მან მხოლოდ განაცხადა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალებს, რათა აფხაზეთის მაცხოვრებლებზე მართვის მოწმობა დაჩქარებულად გაიცეს, მათ შორის მომსახურების ცენტრების და პერსონალის გაზრდის გზით.
განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებით საყურადღებო „ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე შეთანხმების“ ამოქმედება იყო. აღნიშნული საკითხი თავად ბადრა გუნბამ წამოწია. „საჭიროა ისეთი მექანიზმის განსაზღვრა, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს ორმაგი მოქალაქეობის, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის დაწყებას აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მან. ამაზე ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთის შესაბამისი ორგანოები აფხაზურ მხარესთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც, „შესაძლოა, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდეს“.
„შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“, მოსკოვსა და აფხაზეთს შორის არსებული „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ შესაბამისად, 2022 წელს მოეწერა ხელი. თავდაპირველად შეთანხმების პროექტი მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებდა როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რაც აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში მოქმედი რეგულაციების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთს შეზღუდული აქვთ აფხაზეთში საცხოვრებელი უძრავი ქონების ლეგალურად შეძენა, ხოლო აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭება რუსეთის მოქალაქეებს ამ მიმართულებით გზას გაუხსნიდა. საბოლოო ჯამში, შეთანხმდა, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა ცალმხრივად, მხოლოდ აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის იმოქმედებდა. ორივე მხარის მიერ შეთანხმების რატიფიცირების მიუხედავად, ის ძალაში დღემდე არ შესულა.
ამასთან, დახურულ კარს მიღმა ვლადიმირ პუტინმა და ბადრა გუნბამ საინვესტიციო შეთანხმებაზეც იმსჯელეს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებული იქნება. ნაწყენი არავინ დარჩება. წარიმართება ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობა“, - აღნიშნა მან. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას აფხაზეთის მოსახლეობისთვის, პესკოვის თქმით, პასპორტიზაციის პროცესი დაიხვეწება, დაჩქარდება და უფრო მარტივი გახდება.
მარია ზახაროვა: „მოსკოვი სოხუმისთვის მრავალმხრივი დახმარების გაწევას გააგრძელებს“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ მოსკოვი სოხუმისთვის მრავალმხრივი დახმარების გაწევას გააგრძელებს.
„აფხაზეთის ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დგას მასშტაბური ამოცანები, რათა ეფექტურად უზრუნველყოს რესპუბლიკის განვითარება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მთელი რიგი შესაბამისი რუსულ-აფხაზური შეთანხმებების განხორციელებამ უნდა შეასრულოს. მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის მრავალმხრივი დახმარების გაწევას ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებისა და საერთაშორისო კავშირების გაფართოების მიმართულებით“, - განაცხადა ზახაროვამ.
ვალერი ბგანბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ვალერი ბგანბამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად 2024 წლის 19 ნოემბრიდან აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 2025 წლის 10 იანვრიდან - ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა, თანამდებობა დატოვა.
„ჩემი მისია შესრულებულია. საარჩევნო კამპანიის დასრულებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა ბგანბამ.
„პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად“ დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა დაინიშნა, ხოლო „პრეზიდენტის“ მოვალეობის შესრულებას საინაუგურაციო ცერემონიამდე თავად ბადრა გუნბა გააგრძელებს.
განცხადების თანახმად, 5 მარტს გამართულ რაუნდზე ყველა მონაწილემ დაადასტურა მზადყოფნა, უზრუნველყონ „სამუშაო პროცესის ეფექტიანობა მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“.
როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აღინიშნა ერთი მხრივ თბილისს, ხოლო მეორე მხრივ სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა. ამასთან, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენისა და ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის მნიშვნელობას.
მეორე სამუშაო ჯგუფში, რომლის ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხები განიხილება, სოხუმის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა მიუღებელია, სანამ საქართველოს მიერ ინიციირებული დევნილთა რეზოლუცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. ამავე ინფორმაციით, ჯგუფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთის მაცხოვრებლების საკუთარი პასპორტით თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას დაეთმო.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აფხაზეთის ე.წ. დელეგაციას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოდისეი ბიგვავა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ივნისში გაიმართება.
რუსეთმა აფხაზური მიმოზების შეტანაზე აკრძალვა გააუქმა
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზების „ექსპორტი“ 2 მარტიდან განახლდა. შეზღუდვა რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა „როსსელხოზნადზორმა“ მოხსნა „აფხაზეთის მცენარეთა სახელმწიფო საკარანტინო ინსპექციის“ გარანტიით.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რუსეთმა აფხაზური მიმოზების შეტანა აკრძალა, რისთვისაც ყვავილებში პარაზიტების არსებობა მოიმიზეზა. სანქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც კრემლის ფავროტმა-კანდიდატმა ბადრა გუნბამ გაიმარჯვა.
აფხაზეთში ორ მართლმადიდებლურ თემს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება დასასრულს უახლოვდება
ორ მართლმადიდებლურ თემს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დათბა, რაც ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარი, დავით სარსანია სოხუმის საკათედრო ტაძარში მივიდა და ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს, ბესარიონ აპლიას თოთხმეტწლიანი განხეთქილების გამო პატიება სთხოვა. მან აღნიშნა, რომ მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო 2011 წელს ეკლესიის გაყოფის მხარდაჭერა, რამაც აფხაზური მართლმადიდებლური საზოგადოება დააზარალა. მან ასევე სინანულით აღნიშნა ახალი ათონის მონასტერში ნამდვილი ბერ-მონაზვნური ცხოვრების არარსებობა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა შექმნილი ვითარების გამოსწორებას .
დავით სარსანიას თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მიიღო. „14 წელია, რაც ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთობა არ არის. ასე მოხდა, რომ განხეთქილება სწორედ ახალი ათონის მონასტრის წმინდა კედლებში დაიწყო. ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ამ განხეთქილებას მხარი დაუჭირა და მას ძალა შესძინა... მინდა და ვთხოვ უფალს, რომ ეს განხეთქილება დასრულდეს. შესაძლოა, მამა დოროთეოსი [დბარი], რომელსაც დიდ პატივს ვცემ, დღეს მხარს არ მიჭერს, მაგრამ ამ წლების მანძილზე მხოლოდ ერთ საკითხში ვცდილობდი მის მხარდაჭერას – კანონიკური ურთიერთობა ეკლესიასთან რომ არ დაეკარგა. აქვე მინდა განვაცხადო: მამა ბესარიონი მართალი იყო იმაში, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა კანონიკურ ურთიერთობას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, ბესარიონ აპლიამ მის გადაწყვეტილებას „მამაცური“ უწოდა.
აფხაზეთში ამჟამად მართლმადიდებლური სტრუქტურის სახით ორი თემი ფუნქციონირებს. ერთი მათგანი არის „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მამა ბესარიონ აპლიას მეთაურობით, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რუსულ ეკლესიასთან გაერთიანებას და ამ საკითხზე რუსეთის პატრიარქ კირილესაც არაერთხელ მიმართა. მეორე სტრუქტურა არის ახალ ათონში მოქმედი მართლმადიდებლური ორგანიზაცია - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“. მას სწორედ არქიმანდრიტ დოროთეოსი დბარი ხელმძღვანელობს, რომელიც, ბესარიონ აპლიასგან განსხვავებით, აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთში და მიიჩნევს, რომ აფხაზური ეკლესიის კანონიკური სტატუსი საქართველოს ეკლესიასთან მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.
აფხაზეთის ორ მართლმადიდებელ თემს შორის დროდადრო დაძაბულობაც იჩენდა თავს, რაც ძირითადად უკავშირდებოდა „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მოთხოვნას „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მიმართ, ახალი ათონის მონასტერი გაეთავისუფლებინათ.
დავით სარსანიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოროთეოს დბარს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია და მისი პოზიცია შესაძლო შერიგების თაობაზე უცნობი რჩება.